logo_geo
ირმა ინაშვილი: რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოში NATO-ს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს
- +

2 აგვისტო. 2021. 16:40

 

 

ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც კი ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას დიდიხანია არაფრად აგდებს.

 

ვფიქრობ, ასევე, ყველას ესმის, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ორი მსახიობის თეატრს დაემსგავსა და ეს მსახიობები არიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთმანეთს უსასრულოდ ურიგდებიან, ერთმანეთს უსასრულოდ ატყუებენ, ქვეყანას ანგრევენ და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნელ-ნელა ანადგურებენ.

 

და ვფიქრობ, დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ამ თეატრის რეჟისორი სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატებია!

 

ვფიქრობ, ასევე, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში NATO-ს უსასრულო წვრთნები რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი. ეს რომ გამოწვევაა, ამას ღიად აცხადებენ რუსეთის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეს განცხადებები კვლავ მოვისმინეთ გასული კვირის განმავლობაში.

 

კერძოდ, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა ალექსანდრე დვორნიკოვმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო-საზღვარო ძალების უწყვეტი წვრთნები მუდმივი კონტროლის ქვეშაა და რომ არამეგობარი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების მხრიდან ყველა პროვოკაციულ მცდელობას გაეცემა მკაცრი პასუხი. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ NATO თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით უკვე შეხებაშია რუსეთის საზღვრებთან და ეს ავალდებულებს რუსეთს, მიიღოს უსაფრთხოების ზომები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ მოსკოვი აკვირდება NATO-ს წვრთნებს საქართველოში და საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად მიიღებს სამხედრო-ტექნიკურ და სხვა აუცილებელ ზომებს. ანალოგიური განცხადებები გაკეთდა სოხუმსა და ცხინვალში.

 

ამგვარად, რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოში NATO-ს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს. ეს კი, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს განათავსებს ახალ სარაკეტო დანადგარებს, ახალ თვითმფრინავებს, დამატებით სამხედრო ტექნიკასა და საჯარისო ნაწილებს და ყოველივე ამისი მიზეზი ორი მსახიობის თეატრია: „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თეატრია!

 

რამდენიმე დღის წინ, სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანი და არჩევნების გამყალბებელი ირაკლი კობახიძე გვარწმუნებდა, რომ პასუხისმგებლობითაა აღვსილი, რაც ტყუილია!

 

სწორედ უპასუხისმგებლო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად მე და ჩემი მეგობრები ვხვდებოდით რუს დეპუტატებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და ეს დიალოგი გაჩერებულიყო და გაყინულიყო.

 

დღეს, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისაგან“, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!

 

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1228971374214918&id=100013062005932 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი