logo_geo
დინა მირცხულავა - კაცს, რომელსაც ნემსიყლაპიის დანახვაზე გული მისდის...
- +

18 აპრილი. 2018. 15:56

 

 

ნუნები ამეგლიჯა მაგის ძველი პალტოს რეცხვით...

როლი აქვს თეატრში, ეს პალტო აცვია და ვითომ მიუსაფარია, ოთხი ბანდიტი უნდა დაეცეს თავს, წიხლებით შესდგნენ და პალტო გახადონ...

ძარცვავენ მოკლედ.

სახლში მოაქვს მერე ეს ძონძი და ვრეცხავ.

ამ სპექტაკლზე არ წამიყვანა.

თვითონ გავერიე ჩუმად მაყურებლებში და ვუყურე...

ისეთ სპექტაკლებზე დავყავარ, სადაც მეფის ან ძლიერი ადამიანის როლი გაიმეტა რეჟისორმა.

წარმოგიდგენიათ ?! კაცს, რომელსაც ნემსიყლაპიის დანახვაზე გული მისდის, მუხლებში მივარდება, რომ როგორმე ისე მოვკლა, არ დავანახო - დგას სცენაზე და გამეხებული სახით სამეფო ინტერესებს იცავს !

ვრწმუნდები, რომ სცენაზე ვინც დგას, ყველა მატყუარაა...

ჩვენ უშვილო წყვილი ვართ.

- მალე დედამიწა თავდაყირა დადგება, რა შვილი, ხომ არ გადაირიე ?!- კინაღამ ხელი გამარტყა ბოლო კამათისას.

მერე ისედაც ვიწრო ოთახში მოჰყვა ბოლთისცემას, პირში გაჩრილი სიგარეტი ჯერ გაღეჭა, მერე გადმოაფურთხა, მიაგინა ყველაფერს - მეც...ის პალტო მოიხურა და წავიდა.

სცენის სუნი მოიტანა გამთენიისას.

ეგ რომ ყველაზე მეტად მზიზღდება, ის სუნი მაშინაც მიყვარს.

სახე მტვრით ჰქონდა სავსე.

მივხვდი, რომ მთელი ღამე იდგა თეატრში და უმაყურებლოდ თამაშობდა.

შემეცოდა და ოფლიან სხეულზე მივეტმასნე. იმ ძონძში გამახვია, კვირის ბოლოს რომ უნდა ჩაიცვას და ბანდიტებმა სცემონ.

- მართლაც და რა ბავშვი ამიტყდა... აგერ არა მყავს ?! ლუკმებსაც ჯარისკაცებად ვუქუცმაცებ და კვირაში ერთხელ წვნიანსაც ვუმზადებ და დედაზე მეტად ვტირი ხოლმე, როცა სცენაზე ნაბურთავებ პალტოს ვურეცხავ, მისი საცოდავობა თუ ნუნების ტკივილი მაღვარღვარებს, ხომ ვტირი და ?! -ფიქრებში ჩამეძინა...

სიზმარში კი მის გამო დახოცილი ნერმსიყალაპიები დამდევდნენ და თვალებში მიცვივდებოდნენ....

 

/დინა მირცხულავა/

 

 

 

big_banner
არქივი