logo_geo
როი აბუსელიძე - ამ ქალაქში (ბათუმს)
- +

4 სექტემბერი. 2018. 15:27

 

 

ამ ქალაქში ჩაიძირა ჩემი ბავშვობა.

ის ჩაიძირა ისე,

როგორც იძირებიან ფეხზე სიმძიმეგამობმული ადამიანები

თვითმკვლელობისას,

ჩუმად და არავის დასანახად.

მისი ცრემლები შეერია ზღვას და

ზღვა გახდა უფრო მარილიანი.

 

ამ ქალაქში ჩაიძირა ჩემი პირველი სიყვარული,

ის უნივერსიტეტის ფანჯრიდან გადახტა და გაძვრა ცისარტყელის ქვეშ,

როგორც ცურვისას შორს გასული კაცი,

წყალზე გულაღმა მწოლიარე რომ ბრუნდება უკან

და ნაპირისაკენ ხშირ-ხშირად მოიხედავს „თუ მივაღწევო“ -

ისეთი იყო.

ვერ გადარჩა...

შეერია ზღვას და ზღვა გახდა უფრო წებოვანი,

უფრო შავი.

 

ამ ქალაქში ჩაიძირა ჩემი ბავშვობის მეგობარი,

ის ჩაიძირა ყველა იმ ბედნიერ წუთთან და

სიცილის ზარებთან ერთად,

რომელსაც თოვლში, ცხელი შოთის პურივით მინაწილებდა.

მისი სული თოლიებმა აკენკეს,

წვეთ-წვეთობით მიუტანეს ზღვას და

ზღვა გახდა უფრო თბილი.

ამ ქალაქში ჩაიძირა მამაჩემი,

როგორც ადრე ვთქვი, სიკვდილს ვერ შეასწრო თოვაში,

იგი იყო ისეთი ახალგაზრდა, როგორც - მინდოდა,

იგი იყო ისეთი კეთილი, როგორც - ტირიფი,

იგი იყო ისეთი მაღალი, როგორც - ცა,

მაგრამ შეერია ზღვას და

ზღვა მოხუცდა.

 

ეს ქალაქი მძირავს მეც,

მისხალ-მისხალ...

მას ფეხაკრეფით შემოაქვს ღამე,

სამახსოვრო ბარათებივით

ლექსებს მაწერინებს და არასოდეს მაპატიებს ალბათ,

რომ მე არ შემიძლია ისეთად დავიმახსოვრო,

როგორზეც სიამაყით გვიყვებოდნენ ხმატკბილი ადამიანები

და ჩვენც გვიყვარდა.

ქალაქი - სადაც ზღვა შორიდან აღარ ჩანს,

ქალაქი - რომელიც ცათამბჯენებში ჩაიძირა.

 

როი აბუსელიძე

 

 

big_banner
არქივი