logo_geo
ლაშა მარგიანი: სულისშემძვრელი წერილი სანტას...
- +

4 იანვარი. 2019. 01:45

 

 

 

ძვირფასო სანტა,
სანამ საუბარს დავიწყებ, 
მინდა მანამდე გითხრა, 
რომ წესით თოვლის ბაბუას უნდა გეძახდე,
მაგრამ რატომღაც, ასე უფრო ყოვლისშემძლე ჩანხარ.

ძვირფასო სანტა,
მე არასდროს არ მომიწერია წერილი შენთვის,
რადგან მაშინ, როცა შენთვის წერილი უნდა მომეწერა,
ჩემს სახლში ძალიან ციოდა,

ციოდა ყველა მხრიდან,
რადგან არ იყო არაფერი, რასაც მივეფიცხებოდი,
ვუყურებდი ფანჯრებს, 
რომელთა ჩარჩოებიც იმდენად დაძველებული იყო, 
რომ თითქმის სულის ერთი შებერვა აკლდა ქუჩისკენ გადასავარდნად, ჰოდა მეც თასმების შეკვრამდე, სუნთქვის შეკვრა ვისწავლე,
სუნთქვას ვიკრავდი და თან ვოცნებობდი,
რომ ჩემთან ერთად ცაც შეიკრავდა სუნთქვას
და აღარ ამოვარდებოდა ქარი,
რომელიც მზის სხივებზე ხშირად ატანდა 
ამ ფანჯრების წებოვანი ლენტებით ამოვსებულ დამსხვრეულ მინებში.
მაშინ არ ვიცოდი, რომ ცაც კი შეიძლება შეგძულდეს, 
თუ ის ფანჯრებში კი არა, ჭერის ღრიჭოებში ჩანს,

მაშინ არც ის არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა ღმერთისთვის,
რომ ლოცვისას ხატების კუთხესთან კი არ ვდგებოდი,
ყოველთვის ლოგინზე ვჯდებოდი და ჭერის ღრიჭოებს ვუყურებდი,
რომლებიც ყველა ჭრილობაზე მეტად მტკიოდა,
არასდროს მიფიქრია, რა სიღრმის იყო ისინი, 
სადამდე ან რომელი მიმართულებით გრძელდებოდა,
იატაკამდე, თუ ცამდე,
მე მხოლოდ მათი სიფართე მაშინებდა,
რომელიც ოთახში შემოფრენილ ჩიტს არ ეყოფოდა გარეთ გასაძრომად,
მაგრამ საკმარისი იყო საიმისოდ, 
რომ წვიმის ათასი ლულიდან გავარდნილი ათიათასი წვეთი დაჭედებულიყო იატაკზე,
ამ დროს, დედა ტილოებს აფენდა ხოლმე,
მაგრამ მათ არასდროს არ ჰქონია “ბრონი ჟილეტის“ ფუნქცია,
დედა ტილოებს აფენდა ხოლმე იატაკზე, განსაკუთრებით ღამით,
რომ წვიმის ხმას თუ ვერ მოერეოდა,
ჭერიდან ჩამოჟონილ წყლის წვეთებისთვის მაინც დაეწია ცოტათი ხმა და როგორმე ჩაგვძინებოდა.

სანტა, შენ გძინებია წვიმის ხმაში?
ოღონდ კედლის იმ მხარეს, საიდანაც წვეთები ეხეთქება.

მე ღუმელისგან გამურული კედელი მქონდა,
სამწუხაროდ, მისი დაჭყლეტილი რკინის საკვამური მილები
არ იყო იმ ბუხრის აგურებისაგან ამოშენებული საკვამურებივით ფართო,
რომლიდანაც შენ იპარები ხოლმე შენთვის ძვირფასი ბავშვების სახლებში.
მათთან ადვილია ფეხაკრეფით სიარული, მათი იატაკი არ ჭრიალებს,
ნუ გეშინია, მათ არ გაეღვიძებათ, ისინი ტკბილ სიზმრებს ხედავენ.
მე კი არასდროს არ მშურდა მათი, 
უბრალოდ, მინდოდა, ცხოვრება თუ არა,
ჩემი სიზმრები მაინც ყოფილიყო იმ რამდენიმე კანფეტზე ტკბილი, 
საახალწლოდ რომ გვქონდა გადადებული,

მაგრამ მე არ მეცალა სიზმრებისთვის,
რადგან ზამთრის ყოველ დილით,
სკოლაში წასვლამდე, ადრე ვიღვიძებდით მე და ჩემი ძმა,
მამას რომ წავყოლოდით მტკვრის ნაპირზე, 
და ღუმელისთვის ფიჩხის შეგროვებაში დავხმარებოდით,
პატარები ვიყავით, რაღაცნაირად გვიხაროდა 
და სიამაყით გვავსებდა მამას რომ ვეხმარებოდით, გვინდოდა ყველას დავენახეთ,
(მამაჩემსაც უხაროდა, მაგრამ ალბათ, თან როგორ ტკიოდა გული... 
ერჩივნა, ნაძვის ხის მორთვასა, ან ქაღალდისგან ფიფქების გამოჭრაში დავხმარებოდით...) 
ფეხით დავდიოდით, რადგან მარშუტკის ფული არ გვქონდა,
განა რამდენი ფიჩხი უნდა მოგვეკიდა მე და ჩემს ძმას ზურგზე, 
რომ არა მამაჩემის მხრები და ამ მხრებზე შემოდებული მორები,
მათ არასდროს ჰქონია ჯვრის ფორმა, 
მაგრამ განა რა ფორმისაა ჯვარი, რომელსაც მამები ატარებენ?
ის მორი საღამომდე ძლივს გვყოფნიდა, 
მომდევნო დღეები კი, თითქოს იგივე ტკივილსა და შინაარსს ატარებდნენ, 
მაგრამ უფრო და უფრო ძნელდებოდნენ, უფრო და უფრო...

ძვირფასო სანტა,
მე არ ვიყავი კარგი ბავშვი,
მაგრამ განა ცუდი ბავშვები არსებობენ?
მახსოვს, ბავშვობაში შენ სულ ცოტახნით მოდიოდი ჩვენთან,
მამაჩემივით ნერვიული ხმა და დაკოჟრილი ხელები გქონდა,
მერე მამაჩემს საზღვარგარეთ მოუწია სამუშაოდ წასვლა
და იმ ზამთარს ქალის ხმა გქონდა,
შენი მოტანილი საჩუქრების მოლოდინში,
სანამ მე და ჩემი და-ძმა პატარა სიხარულით გულს ვიჯერებდით,
ვერცერთმა შევამჩნიეთ დედა ოთახიდან როგორ გაქრა.
მამაჩემი დიდი ხნით შერჩა საზღვრებს გარეთ,
დედაჩემისგან კი მხოლოდ დედაღა დარჩა, 
ისე ჩამოაშორა ამდენმა დარდმა და ტკივილმა 
ყოველგვარი ყოფითი და ადამიანური.

ძვირფასო სანტა,
ვიცი, რომ ამ ყველაფრით ვერ გაგაკვირვებ,
რადგან სირიაში, ამ ახალი წლის ღამესაც დენთის სუნით აივსება ყველა ქალაქი,
თუმცა ეს არ იქნება ფოიერვერკების დენთის სუნი...

ძვირფასო სანტა,
ნეტა, შენ თუ გქონდა ბავშვობა...
არ ვიცი, რა ხდება, ბრუკლინის, პარიზისა, ან ბარსელონას გარეუბნების გეტოებში,
მაგრამ ვხედავ ჩემი ქვეყნის დედაქალაქში ბავშვებს,
რომლებიც საჩუქრების ნაცვლად, იმას ნატრობენ, 
რომ საერთოდ არ დაბადებულიყვნენ
და მათ ამ ნატვრაში გადარჩენის სურვილი უფროა, 
ვიდრე დაღუპვის.
უპატრონო ბავშვებითაა ეს ქალაქი დანაღმული,
მათი ბავშვობა ბრძოლა უფროა, ვიდრე თამაში,
მათი ადგილი არ მოიძებნა 
მათივე ქვეყნის თბილ და ტკბილ კალთაში, 
მათი აკვნებიც ნაგვის ბუნკერებია და სიკვდილი არწევს.
ვინ დააჯერებს მათ, 
რომ სიცოცხლით სავსე ქალაქში ცხოვრობენ,
უპატრონო ბავშვებითაა ეს ქალაქი დანაღმული,
ფრთხილად დავდივართ, 
რომ შემთხვევით ფეხი არ დავადგათ, 
გვეშინია, გული არ აგვიფეთქდეს,
მაგრამ დამშვიდდი, 
მათ არ შეუძლიათ გულამდე მოგვწვდნენ,
ნუ მოიხრები მათ წინაშე თასმების შესაკრავად,
ხომ შეიძლება, იფიქრონ, რომ მათი მოფერება გინდა, ხელში აყვანა, მხრებზე შესმა,
მაგრამ ვისაც გული ტერფებამდე ჩაწყვეტილი აქვს,
თვითონაც ჩამწყდარია მისი გულის ყველა სიკეთეს.

ძვირფასო სანტა,
მსოფლიო ყოველთვის აცდენილი იქნება რეალობას,
მას არასდროს მოუნდება გაიგოს სიმართლე,
შენც ზღაპრებში არჩიე დარჩენა
და დაგავიწყდა, რომ შობა ქრისტეს დაბადების დღეა.

ძვირფასო სანტა,
შენ იცნობ იმ პატარა გოგონას, კიბოს რომ ებრძვის?

მან იცის, რომ მალე მოკვდება,
მაგრამ არ იცის, რაა სიკვდილი.
შენ იმ ბავშვებსაც უნდა იცნობდე,
უპატრონო ბავშვების თავშესაფრებში რომ სხედან
და იმ ლეკვის ადგილას ნატრობენ ყოფნას, 
ცოტა ხნის წინ, ქალაქის მერმა უპატრონო ძაღლების თავშესაფრიდან რომ აიყვანა.
იმ ბავშვის სიჩუმისაც უნდა გესმოდეს, 
გასართობ პარკში ბუშტებს რომ ყიდის

და მოპირდაპირედ ატრაქციონებზე მოთამაშე ბავშვებს უყურებს.
რატომ ვერ ხდები პირველის სიცოცხლე,
მეორის მშობელი,
მესამის მეგობარი... 
თუნდაც ერთი დღით.

ძვირფასო სანტა,
თუ ოცნებების ახდენა არ შეგიძლია, ბავშვობა მაინც გაიმეტე ყველა ბავშვისთვის,
თავი არასდროს გაიმართლო იმით,
რომ არ არსებობ,
განსაკუთრებით მაშინ, 
თუ ნახავ შენს ფორმაში გამოწყობილი ადამიანები როგორ წვალობენ,
რომელთა გამოც უყვარხარ ბავშვებს.

ძვირფასო სანტა,
ჩემი მეგობრის ქუჩაზე, მაღალი ჭადრის ხის ძირში,
ყოველდღე, რამდენიმე წუთით დგება პატარა ბიჭი 
და ცას აჰყურებს,
მაგრამ განა ვარსკვლავებს ითვლის,
ამ ხის კენწეროს ტოტებში შერჩენილ ბურთს უყურებს,
რომელსაც სულ რამდენიმეჯერ შეახო ფეხი,
მისთვის შენი ყოვლისშემძლეობა ახლის ყიდვაში კი არა,
მისი ხიდან ჩამოგდებაში მდგომარეობს.

ძვირფასო სანტა,
მე გავიზარდე, 
ჩემი სურვილები კი ბაბუაწვერასავით გაფანტა ცხოვრებამ,
მაგრამ ერთი სურვილი ამ ბაბუაწვერას ღეროსავით მაინც შემრჩა ხელში,
სურვილი, რომელსაც ბავშვობაში დაბრუნება ჰქვია.

ძვირფასო სატა,
ეს ახალი წელიც 
ძაფივით გაძვრება ნემსის ყუნწში,
მაგრამ ძველ ჭრილობებს ვერ გაკერავს.

 

         

                                                 ლაშა მარგიანი

 

https://www.facebook.com/lasha.margiani.9/posts/2065637936885892

 

 

 

big_banner
არქივი