logo_geo
ლაშა მარგიანი: ალბათ უპასუხოდ დარჩება კითხვა
- +

4 იანვარი. 2019. 01:58

 

 

მიმიღე,
მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ
და შემიშვი შენს არარსებულ სამყაროში, 
იქნებ გადავრჩე.

დავიღალე საკუთარ თავთან ამდენი ლაპარაკით,
მას ყველაზე კარგად ესმის ჩემი,
მაგრამ არასდროს მისმენს.

დავიღალე საკუთარ თავთან ყოფნით, 
შენთან მინდა.

ქუჩები სავსეა ვადაგასული ახალგაზრდებით.
მე კი ღმერთმა იცის,
როგორ ამომივიდა ყელში
ამ ერთიდაიგივე გზებზე,
ერთიდაიგივე მიმართულებით,
ერთიდაიგივე სევდით,
ერთიდაიგივე ტკივილებით,
ერთიდაიგივე ტანსაცმლით სიარული,
ჩემი სიყვარულიც კი მინდა შეიცვალოს უფრო მეტისკენ,
მეც ისევ ის ვარ, ვინც გუშინ ვიყავი, გუშინწინ,
მაგრამ ეს ძაფი ყოველთვის წყდება, 
თუ ჩემი სულის უფსკრულში ბავშვობის ამოსაყვანად ვუშვებ,
მხოლოდ ტკივილი ეჭიდება და მთელი ძალით ქაჩავს თავისკენ.

ახლა საავადმყოფოდან მოვდივარ,
მოწევა ამიკრძალა ექიმმა,
სხვა დანარჩენი არც არაფერი მახსოვს,
ესეც იმიტომ გამახსენდა,
რომ სიგარეტს მოვუკიდე.

წვიმა რომ იყოს, გავიდოდი, ცას ავხედავდი 
და ვიოცნებებდი ამერბინა წვიმის წვეთებზე,
როგორც ჩემი სახლის კიბის საფეხურებზე,
ვიცი, რომ ეს ათიდან ათჯერ სისულელეა,
მაგრამ თუ არ ხარ ნორმალური, 
არანორმალური ხარ და მორჩა.

საკუთარი უბედობით, 
სხვას ვერ დაარწმუნებ ბედისწერის არსებობაში, 
ბედიც ისეთია, 
ერთხელ თუ დაგცინა, მერე ჩაბჟირება იცის,
მე კი როცა ვითმენ, 
ჩემი სიჯიუტის იმედი უფრო მაქვს,
ვიდრე ნებისყოფის.

სულერთი იქნებოდა, არსებობს თუ არა ბედისწერა, 
მე რომ შენს ნებას მივყვებოდე, უფალო.

ახლა კი ვდგავარ და როგორც სისხლიან ზვარაკს,
ყელგამოღადრულ ოცნებებს გწირავ,
მერე ისევ რომ თავი ვიმართლო
და მათ არ ახდენასთან ერთად, ჩემი უღმერთობაც შენ დაგაბრალო, უფალო,
რომ თუ ჩუმად ვარ, ეს სიჩუმეც არ არის წმინდა,
რადგან ჩემმა სირცხვილმა შვა ის და არა ტკივილმა,
რომ თუმცა მინდა დაგინახო, 
არ ვიცი როგორ დაგენახო,
არ ვიცი რა უნდა გითხრა,
რომ შენდამი სიყვარული,
ადამიანებისგან შენთვის შენივე არსებობის დამტკიცება კი არ არის,
არამედ იდეა, მარადიული სიცოცხლის წყაროს, 
რომელიც სადღაც მეთერთმეტე ციდან კი არ ეშვება,
არამედ მათი გულიდან იღებს სათავეს.

აი, ახლაც, ასე, უბრალოდ, ზიხარ, 
წერ ათასი დარდით და საფიქრალით დამძიმებული, 
მაგრამ იმ ერთ სიკეთის ნამცეცს რაც შენშია, 
მაინც იმხელა ძალა აქვს, 
რომ თუ გიტყდება, 
გულიც სინათლის სხივივით გიტყდება 
და კი არ კვდება, 
სიკვდილსაც კი აფერადებს მისგან წამსკდარი სიცოცხლე. 
სხვისი ნაწილი ხდება, 
შენგან დამოუკიდებლად აგრძელებს სუნთქვას.

ღამით, ღრუბლებს მიღმა დანახული ვარსკვლავებია, 
საკუთარ სულის სიბნელეში ნაპოვნი სინათლის მარცვლები,
ჰო მარცვლები და არა ნამცეცები, 
რადგან ისინი ისე შეგიძლია დარგო, 
როგორც ყვავილები,
რომლებიც უსათუოდ ამოვლენ და გაიხარებენ.

მიმიღე,
მიმიღე ისეთი როგორიც ვარ,
განა ესეც ლოცვა არ არის?
მომაკვდავის არა, 
მაგრამ განა იმის უკანასკნელი სიტყვები არ არის, 
ვინც მის ცოდვებს ვერ მოერია?

ხვალ ჩემი დაბადების დღეა,
არ ვიქნები მართალი ფეხზე რომ მეკიდოს,
სიცოცხლე მიყვარს.
არ ვფიქრობ იმაზე, თუ პირველი ვინ მომილოცავს, 
არც იმაზე, მაჩუქებენ თუ არა რამეს,
არც იმაზე არ ვფიქრობ რამდენის ვხდები,
უბრალოდ,
ხვალ ჩემი დაბადების დღეა 
და მინდა ჩემს თავსაც იგივე ვუთხრა,
რაც ჩემს მეგობარს ვუთხარი სიკვდილის წინ.

სანამ თვალის გახელა შეგვიძლია, 
სანამ ერთი ჩასუნთქვის ძალა მაინც გვაქვს, 
სანამ გვყავს ვინმე, 
ვინც შთაგვაგონებს ყოველგვარი შეუძლებლის შეძლებას, 
სანამ ის რაც გვაიძულებს საკუთარ თავზე ზრუნვას, 
სხვისადმი უსაზღვრო სიყვარულია, 
მჯერა, რომ არ დავმარცხდებით.

ხომ იცი, 
რწმენა მთებს ძრავს 
და თვითონ ის აგებს ამ სიტყვებზე პასუხს, ვისგანაც ეს რწმენა მოდის, 
ჰოდა, თუ ყოველი განსაცდელი მისგანაა დაშვებული,
მათი დაძლევაც ხომ მის მოწყალებაშია, 
იქნებ უფალიც ისე ელის ჩვენგან მისკენ გადადგმულ ნაბიჯს, 
როგორც ჩვენ ველით მისგან სასწაულს.

ვფიქრობ და უფრო ვრწმუნდები იმაში, 
რომ ისეთი წვრილმანიც კი,
როგორიც სხვისთვის მოდუღებულ ყავის ჭიქაში შაქრის ჩაყრაა,
შეიძლება სიცოცხლის მიღმაც ეყოს საგზლად ადამიანს
უფლისკენ მიმავალ გზაზე,
რადგან მხოლოდ იმ კეთილს საქმეებს აქვს წონა,
რომლებიც ჯერ არ აუწონიათ,
რომლებიც მხოლოდ ღმერთმა იცის სინამდვილეში რამხელებია,
რადგან მიწიდან ვარსკვლავებიც პურის ნამცეცებს ჰგვანან.

განა მხოლოდ ადამიანებს...

ყოველ დილით,
ფანჯრის რაფაზე 
პურის დაფხვნილ ნამცეცებს რომ ვტოვებდეთ, 
ჩიტებსაც კი გაუჩნდებოდათ ჩვენი იმედი.

სიყვარული ღმერთივითაა
და მიუხედავად იმისა,
რომ რწმენა უფრო გვაკლია, ვიდრე ემოცია,
სიყვარულისგან უფრო ხშირად ვითხოვთ სასწაულს, 
ვიდრე უფლისგან,
მაგრამ სიყვარული ვერასდროს იქნება იმდენად ნამდვილი, 
როგორც ქრისტეს ჭრილობები 
თომას შეხებისას.

ოდესმე იმაზეც მივიღებთ პასუხს,
სად წავა ჩვენი სული ჩვენივე სიკვდილის შემდეგ,
მაგრამ ალბათ, მუდამ უპასუხოდ დარჩება კითხვა,
სად წავიდა ჩვენი ბავშვობა...

 

                          

                                        ლაშა მარგიანი

 

 https://www.facebook.com/lasha.margiani.9/posts/1996057643843922

 

 

 

big_banner
არქივი