logo_geo
ვასილ ბესელია - „პარმენა ფოსტალიონი“
- +

1 თებერვალი. 2019. 13:02

 

 

სამსახურში ცხენით დადიოდა.

ფოსტალიონის დიდი ჩანთა უნაგირის კეხზე ედო.

მოადგებოდა ჭიშკარს, გადმოიხრებოდა ცხენიდან

და გაარჭობდა ჭიშკრის გისოსებს შორის გაზეთებს.

სოფელში საფოსტო ყუთი არავის ჰქონდა.

წვიმიან ამინდში, თუ ჭიშკართან არ დახვდებოდი,

ეზოში ცხენიანად შემოდიოდა და აივანზე შემოყრიდა პრესას.

ერთი მოკლე, შავი, თეთრსატუჩიანი საყვირი ჰქონდა.

შემოვიდოდა ჩვენს ქუჩაზე და ჩაჰბერავდა:

ტუ, ტუტუუუუ!

ე, მოდის პარმენაო!

ამ საყვირს ყველა „პარმენას რაჟოკს“ ეძახდა.

რას ჰყვირი პარმენას რაჟოკივითო, არაერთხელ გამიგონია.

ერთი ძაღლი ჰყავდა, პამპარა ერქვა, მუდამ თან დასდევდა პატრონს.

სანამ პარმენა ჭიშკარს მოადგებოდა, მანამ პამპარა მოასკდებოდა ეზოს,

უკანა თათებზე შედგებოდა და კუდის ქიცინით სამჯერ დაჰყეფდა.

პატარა ტანის იყო. შავ-თეთრი შეფერილობის, უჯიშო,

მაგრამ ძალიან საყვარელი. ზამთარ-ზაფხულ, ყინვასა თუ ხვატში

წინ მიუძღოდა ცხენიან პატრონს და უშეცდომოდ მიჰყვებოდა

წინასწარ დადგენილ მარშრუტს.

ცხენიც ისეთი ჰყავდა პარმენას, ისეთი მშვიდი, რომ სადაც დატოვებდა,

ქვეყანა რომ დანგრეულიყო, ფეხს არ მოიცვლიდა,

 

ჩემს უბანს რკინიგზა შუაზე ჰყოფდა. ორივე მხარეს საკმაოდ

მჭიდროდ დასახლებული ქუჩები მიუყვებოდა.

გაზეთები მაშინ ყველას ჰქონდა გამოწერილი.

„კომუნისტი“ და „სოფლის ცხოვრება“ სავალდებულო იყო.

ბაბუას ქვეყნის ამბები აინტერესებდა და „პრავდასა “ და

„იზვესტიასაც“ კითხულობდა.

ჩვენს რაიონულ გაზეთს „ავანგარდი“ ერქვა და ისიც მოგვდიოდა.

მიადგებოდა პარმენა მარჯვენა მეზობლის ჭიშკარს.

ტუ- ტუტუუ!

და დაუტოვებდა გაზეთს.

მერე, პირდაპირ გადავიდოდა რკინიგზის გაღმა

და ახლა იქ ჩაჰბერავდა.

იქიდან ჩვენთან გადმოდიოდა და ასე ზიგზაგებით მიიწევდა წინ.

პამპარა მახარობელივით მიუძღოდა და

ფოსტალიონის მობრძანებას წინდაწინ აუწყებდა მოსახლეობას...

 

მთელ გზაზე მხოლოდ ერთხელ შეისვენებდა.

დააყენებდა ცხენს ჩვენს ჭიშკართან.

შენც დაეტიე აქო, დაარიგებდა პამპარას და შემოვიდოდა ეზოში.

„პერერივზე“ ვარო, ეტყოდა ბებიას და პირდაპირ ჭისკენ წავიდოდა.

ბებიას უკვე ეჭირა ხელში „კურუშკა“ და მიაწვდიდა სტუმარს.

სამჯერ მაინც ამოუსობდა პარმენა ალუმინის ჭიქას წყლით სავსე ვედროს.

აგაშენა ღმერთმაო, იტყოდა, ამისთანა წყალი ამ სოფელში არავის აქვსო.

მე მივვარდებოდი ცხენს და წამში მოვახტებოდი.

- ბაბუ, არ ჩამოგივარდეს ჩანთა, არ დამღუპო, წერილები მაქვს შიგ!

მომაძახებდა პარმენა ბაბუა, არასოდეს დაუშლია ცხენის „გატაცება“.

ცხენიც ისეთი იყო, ვერაფრით ააჩქარებდი, მშვიდი, კეთილი

ხასიათი ჰქონდა.

სანამ პარმენა პოლიტიკაზე და ხრუშჩოვის სიბრიყვეებზე

ელაპარაკებოდა ბაბუას, სანამ 100 გრამს დაარტყამდა

და ცივ მჭადსა და ყველს მიაყოლებდა, მე ვასწრებდი

მდინარეზე ჩასვლას და ცხენის დარწყულებას.

- პარმენ ბაბუა, ცხენს დავალევინე წყალი, პამპარამაც დალია.

- კარგი. ბაბუ, გაიზარდე დიდი ბიჭი, ისე შემაქებდა,

თითქოს ფასდაუდებელი საქმე გამეკეთებინა.

 

ეზოში მსხლის ხე გვედგა. აგვისტოში მწიფდებოდა.

საშუალო ზომის მრგვალ ნაყოფს ისხამდა.

აგვისტოში შავად ჩაღვინჯდებოდა და ნესვის გემოს იკრავდა.

„ღვინჯა მსხალს“ ვეძახდით.

ვგიჟდები ამ მსხალზეო, ამბობდა პარმენა. შემოვიდოდა ეზოში

ცხენით, დადგებოდა მსხლის ძირას და

უზანგზე აწეული ოთხ ცალს მოწყვეტდა.

ორს ჩანთაში ჩაიდებდა, ორს თვითონ შეჭამდა.

- მოკრიფე, კიდევ, პარმენა, გაავსე ჩანთა, წაუღე შენს ივლიტას!

ოდის ფანჯრიდან გამოსძახებდა ბებიაჩემი.

- ეყოფა ეს ორი ცალი ივლიტას, ხვალ კიდევ წავუღებ, ამ ჩანთაში

ოთხი ბათმანი ჩავა, შე ქალო!

უპასუხებდა და ეზოდან გადააბიჯებდა.

 

პენსიის დღე ჩემთვის დღესასწაული იყო.

მოვიდოდა, ჩაუთვლიდა ბაბუას ოცდახუთმანეთიანებს...

ხურდას, როგორც წესი, ფოსტალიონს უტოვებდნენ.

იმ დღეს ბებია საგანგებოდ დააცხობდა ხაჭაპურს,

ტაბლაზე ცხელ მჭადს, სულგუნსა და მწნილს დადებდა

და კაცებს შუშაბანდში გამოუდგამდა.

წვრილყელიან და გაბერილმუცლიან გრაფინით

თუთის ნაყენით გაზავებულ არაყს მიართმევდა.

პენსიის დღეებში ბევრჯერ მინახავს ცხენზე ჩაძინებული პარმენა.

ცხენის ჩრდილში პამპარა იწვა და კაი დედის შვილი იყო და,

მიკარებოდა ვინმე. პამპარას აგრესია ჩემზე არ ვრცელდებოდა.

მოვკიდებდი ცხენს აღვირში ხელს, შემოვიყვანდი ეზოში

და დავაყენებდი ჭადრის ჩრდილში.

ერთ საათში გამოშუშდებოდა, დამალევინე

ერთი შენი ჭის წყალიო... და გაუყვებოდა გზას.

 

- ბაბუ, მომეცი მანეთიანი, ვეხვეწებოდი ბაბუას ყოველ პენსიაზე.

- ყველა ოცდახუთიანებია, ბიჭო, ვერ ხედავ? დავახურდავებ და მოგცემ.

შევეხვეწე პარმენას, ისეთი ფულები მიუტანე ბაბუას,

მანეთიანები რომ ერიოს-მეთქი.

ამის მერე ერთხელაც არ გავუწბილებივარ არც ფოსტალიონს

და არც ბაბუაჩემს. მეორე დღეს ჩემი იყო ათი ცალი

კრემიანი პონჩიკი (კი, ბატონო, ფუნჩულა!)

ამ ათიდან თითო ლუკმა გვიწევდა მე და ჩემს კლასელებს.

 

მეოთხე კლასში ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა.

ისე ვიყავი მასთან მიჩვეული, ძალიან გამიჭირდა.

ჭამასაც მოვუკელი და სწავლასაც. გავხდი.

პენსიის დღეს პარმენას „რაჟოკის“ ხმა რომ გავიგონე,

ჭიშკართან ვიჯექი. ბაბუას მანეთიანი გამახსენდა

და მოწყენილი შევბრუნდი სახლში.

პარმენა მოადგა ჭიშკარს.

- მოდი, ბიჭო, აქ და წყალიც გამოიყოლე, თუ კაცი ხარ!

ავავსე დოქი და გავუტანე.

- ესო, - მითხრა - ეს მანეთიანიო...

სიტყვებს ეძებდა.

- ხო, ბაბუაშენს ბოლო თვის პენსია არ აუღია, შენთვის დამიტოვა

და ყოველთვე მანეთიანი უნდა მოგცე, სანამ ამოიწურება...

ა, ბაბუ, შენ მანეთი, ოღონდ სახლში არავის უთხრა, მარტო

ჩვენ ვიცოდეთ!

გულწრფელი მინდა ვიყო, მერე კი მივხვდი, მაგრამ მაშინ მე

ფოსტალიონის ნათქვამი დავიჯერე.

ისე გამიხარდა, თითქოს ბაბუა გაცოცხლებულიყო

და ეს მანეთიანი მას მოეცა!

 

მეექვსე კლასში გადავდიოდი, როცა პარმენა ფოსტალიონი

მოულოდნელად გარდაიცვალა.

აგვისტო იყო და სკოლაში არ დავდიოდი.

მთელი ღამე ვტიროდი.

დასაფლავების მეორე დღეს მე და ბებია

აგურის კიბეზე ვისხედით და ფოსტალიონს ვიგონებდით...

უცებ რკინიგზის გაღმიდან პამპარა და პარმენას ცხენი გადმოვიდა.

ძაღლი ჭიშკარს მოადგა და სამჯერ დაიყეფა.

გავიქეცი და პამპარა გულში ჩავიხუტე...

ღია ჭიშკარში ცხენი მშვიდად შემოვიდა და

ღვინჯა მსხლის ძირში გაჩერდა...

 

 

big_banner
არქივი