logo_geo
ვასილ ბესელია - „ბუკინისტი“
- +

1 თებერვალი. 2019. 16:20

 

სასაფლაოს შესახვევში ცხოვრობდა.

ბოლო სახლი მისი იყო.

თუმცა რაღა ბოლო, სულ ორი ოჯახი ცხოვრობდა ამ ქუჩაზე.

ეზოში კარალიოკები ედგა.

შემოდგომაზე, ხეებს რომ ფოთლები დასცვივდებოდა,

ყვითელი ნათურებივით ანათებდნენ ეზოს მწიფე კარალიოკები.

ათწუთიან დასვენებაზე ვასწრებდი სკოლიდან მორბენას,

კარალიოკებით ჯიბეების ავსებას და უკან დაბრუნებას.

სახლში იშვიათად მხვდებოდა, მაგრამ როცა იყო,

„არ ჩამოვარდე, ბაბუ, არ ჩამოვარდე“, მუდამ ასე მაფრთხილებდა.

გვიან შემოდგომით, როცა კარალიოკი ჩარბილდებოდა

და მჭვირვალად ჩაშაქრდებოდა, მთელი კვირა ვკრეფდით ორივენი

და ორასლიტრიან კასრებს ვავსებდით საარყედ...

 

თეთრი წვერი გულზე ეფინა. თმასაც იშვიათად იკრეჭდა.

მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ ჰქონდა მოკვეთილი.

პროთეზით დადიოდა. კოჭლობით.

მე ის მაშინ ღრმად მოხუცი მეგონა.

არადა, როცა გარდაიცვალა, სამოცის არ ყოფილა.

 

ოროთახიანი სახლი ედგა. დაბალზე. ამ ტიპის სახლებს

სამეგრელოში „კუხნა სახლს“ ეძახიან.

4-5 წლის წინათ დასახლებულა აქ.

ვანის რომელიღაც სოფლიდან იყო. აქ როგორ მოხვდა, არავინ იცოდა.

იმას კი ამბობდნენ, ნაომარიაო და ტყვეობაც აქვს გამოვლილიო.

ციმბირშიც ყოფილა ნაჯდომიო. ზუსტად არავინ არაფერი უწყოდა.

იმ ორი ოთახიდან ერთში თვითონ ცხოვრობდა,

მეორეში გასაქანი არ იყო - წიგნებით იყო გამოტენილი.

ოთახი დიდი იყო. ახლა რომ ვიხსენებ,

ჩვენი სოფლის ბიბლიოთეკაზე მეტი წიგნი ჰქონდა.

 

ყველა „ბუკინისტს“ ეძახდა.

ისე ვალერიანი ერქვა.

მისი სახელი მეც გვიან გავიგე.

როცა კარალიოკებს ვეზიდებოდი, მუდამ „ბაბუთი“ მივმართავდი.

 

ყოველ კვირას შეაბამდა ვალერიანი „კაჭკაში“ თავის თეთრ ჭაკს,

დატვირთავდა გახუნებული წიგნებით, გადააფარებდა მუშამბას,

გადებდა ორთვალას ბორტებზე ხბოსტყავგადაკრულ ფიცარს,

აბობღდებოდა ზემოთ და გაუდგებოდა გზას.

სად არ დადიოდა.

ნოსირში,

გეჯეთში,

თეკლათში,

ნოქალაქევში...

მოივლიდა სენაკის ქვედა ზონის სოფლებს.

აბაშის სოფლებსაც არ ტოვებდა,

რა მიმართულებითაც არ უნდა ევლო, დილით

ჩემს ქუჩაზე აუცილებლად შემოვიდოდა, არ გაჩერდებოდა,

გატოპავდა ტეხურის ერთ პატარა ტოტს

და გავიდოდა ასფალტიან გზაზე.

აქედან იწყებოდა მისი იმ დღის მარშრუტი.

 

- ბაბუ, - ვკითხე ერთხელ, - ეს წიგნები ყველა წაკითხული გაქვს?

- რას ამბობ, ბაბუ, ერთი კაცი ამას რაფერ წაიკითხავს!

- აბა, რამდენი წაიკითხავს, ბაბუ?

- ასე, ასი კაცი მაინც უნდა, იმიტომ დავდივარ და ვეძებ

იმ ას კაცს, აბა, სიარული კი არ მიხარია...

 

არასოდეს მიკითხავს, საიდან მოჰქონდა ეს ნახმარი წიგნები.

ერთხელ თვითონ მითხრა, პურის ფული ძლივს მრჩება,

მაგრამ სახლში რა გამაჩერებსო.

იაფი იყო მაშინ წიგნები. არც პური იყო ძვირი.

- ე, მოდის განათლება!

იძახდნენ ბუკინისტის გამოჩენისას სოფელში.

შორიდან ცნობდნენ ვალერიანის თეთრ ჭაკს და თეთრ წვერს.

შორიდან ანათებდნენ თეთრად... წიგნებიანად ანათებდნენ.

 

არაერთხელ გავყოლილვარ სოფლებში სამოგზაუროდ.

სახლშიც არ მიშლიდნენ. საინტერესო კაცი გახლდათ.

თითქმის ყველა წიგნზე შეეძლო საუბარი, წაკითხულზეც და

წაუკითხავზეც, ნებისმიერის ავტორი და მთარგმნელი

ხომ იცოდა და იცოდა.

ყველა სიყვარულით ესალმებოდა, სახლში ეპატიჟებოდნენ.

უცნობ ოჯახშიც ხშირად მიგვირთმევია ცხელი მჭადი და ყველი...

ადესაც უყვარდა, სადღეგრძელოებიც კაი იცოდა...

 

იმ კვირასო, - მითხრა, - შენს უბანში უნდა ჩავატარო წიგნებიო...

დილით მოდი და ერთად წავიდეთო.

აქეთ ფეხით მოდი, იქით კაჭკით წაგიყვან, მეტი რა გინდაო.

- ჩემს უბანში ისედაც ყოველ კვირას არ დადიხარ ბაბუ?

- ახლა მარტო შენი ქუჩა კი არა, მთელი უბანი უნდა მოვიარო,

თან მარტო ქართველი ავტორები უნდა წავიღოთ,

სხვა მანდ არ გადის...

- ჰე, წადი ახლა და არ დაიგვიანო დილასო!

 

გაფაციცებული ვაწყობდი კაჭკაში პარმენ ლორიას,

ორდე დგებუაძეს, დავით კვიცარიძეს,

ალექსანდრე იაშაღაშვილს, ვანო ურჯუმელაშვილს, იაკინთე ლისაშვილს,

თენგიზ გოგოლაძეს და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ ავტორს,

რომელიც დღეს თითქმის არავის ახსოვს - ჩემს ბავშვობას

კი ისინი განაგებდნენ...

გადავაფარეთ წიგნებს მუშამბა, გავდეთ ფიცარი და დავიძარით.

აგი შენო, გაზეთში გახვეული კორჟიკი მომაწოდა,

გუშინ ვიყიდე და შენ შეგინახეო. კორჟიკი ძალიან მიყვარდა.

ახლა ჩვენ პირდაპირ ლუბას სახლს მივადგეთო,

ორი წიგნი მაქვს დატოვებული და აწი წაკითხული ექნება,

გზაში მელაპარაკება ვალერიან ბაბუა, ძალიან უყვარს

ამ ქალს წიგნებიო.

- არ ყიდულობს, ბაბუ, ისე უტოვებ?

- არა, ბაბუ, რავა მივყიდი, ერთი ლუბაა, ვინც წიგნებს

ნამდვილად კითხულობს, გამოვართმევ წაკითხულს

და მივუტან ახალს, არ შვება, თორემ ისე დავუტოვებდიო.

 

ლუბა შუახნის ქალი იყო. ჩვენს სამოხიოში ცხოვრობდა.

41-ში გათხოვილა და ოთხ თვეში ქმარი ომში წაუყვანიათ.

16 წელი ელოდა თურმე, მერე სახლში მობრუნებულა...

ერთ წელიწადში ისევ გაუთხოვებიათ ვიღაც მატარებლის

გამცილებელზე. იმ კაცს საყვარელი ჰყოლია, ერთ თვეში მიუტოვებია

ცოლი და რუსეთში გადახვეწილა.

ისევ მობრუნებულა ლუბა სახლში და საბოლოოდ დარჩენილა

მშობლიურ კერაზე.

ეს ამბები ბებიასგან მქონდა გაგონილი.

- ბედდამწვარი შეიქნა ასეთი კარგი გოგოო...

ლუბას უიღბლობას მაინცდამაინც ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ

რაკი ბებიას ეცოდებოდა, მეც თანავუგრძნობდი ამ მშვენიერ ქალს.

როცა ჩვენი ძროხები გაშრებოდნენ, ლუბასთან

მაგზავნიდნენ ყველის საყიდლად, სხვის ამოყვანილს ბაბუა არ ჭამდა,

ლუბა სუფთა ქალიაო, ასე ამბობდა.

მივადგებოდი ჭიშკარს, მაგრამ ეზოში ვერ შევდიოდი.

ერთი ფინია ჰყავდა და მეშინოდა.

გამომიტანდა ყავისფერ ქაღალდში გამოხვეულ ერთ წველა ყველს,

თან „კუხნის“ წინ დაკონწიალებულ დოლბანდის

ტომსიკას გამოაყოლებდა.

- აგი ნადუღია, ბაბუას მიუტანე. ხვალ სკოლაში რომ წახვალ,

ტომსიკა ჭიშკარზე დაკიდეო...

 

მივაყენეთ ცხენი ლუბას ჭიშკარს. ყმაწვილივით ჩამოხტა ცალი ფეხით

ვალერიან ბაბუა და აღვირი ჭიშკრის ქიმზე ჩამოაცვა.

ჩამოიღო ქაღალდის შპაგატით შეკრული წიგნები,

გააღო ჭიშკარი და შევიდა.

შევყევი მეც.

გამოგვეგება ლუბა.

- მობრძანდით, მობრძანდით, ვალერიან, ეს რა საყვარელი

სტუმარი მომიყვანეო! - თავზე ხელი გადამისვა...

ჩანდა - გველოდა ლუბა.

ღომი ჩაზელილი იყო.

ალუმინის გობზე მრგვლად მოხარშული ქათამი

ყვითლად ანათებდა, მსხვილი, ხოშხოშა მარილი ჰქონდა წაყრილი...

დაბრძანდითო, ლუბამ, ღომს ახლავე გადავზელ მეორედ და ამოვარიგებო...

კაი სქელი სულგუნის ნაჭრები თავისი ხელით ჩაგვირჭო ღომში...

პიტნაში გადაკმაზული ნადუღი და ბაჟე შემოამატა მაგიდას.

თვითონაც წინსაფარი მოიხსნა და მოგვიჯდა.

ჰე, ვალერიან, რაღას უცდი, დახსენი მაგი დედალი და დაასხი ღვინო!

 

. . .

 

მეათე კლასში დავდიოდი.

იმ წელს სკოლას ვამთავრებდი.

უკვე ისე ვიყავი გაშინაურებული ვალერიანთან,

თითქმის ყოველდღე გამოვუვლიდი სკოლიდან.

ვალერიანი ნაშუადღევს შეაბამდა ცხენს და შემოურბენდა სოფლებს.

ერთი-ორი წიგნის გაყიდვას თუ ახერხებდა და გვიან

დაღლილი ბრუნდებოდა სახლში.

გული მაწუხებსო, გულზე იდებდა ხელს...

ჭიშკრამდე ვერ მივდივარ, ბაბუ, გზაში ორჯერ უნდა შევისვენოო...

ამ კვირასო, მითხრა, კარალიოკები ჩავყაროთ საარყედო,

კასრები გამზადებული მაქვს, ამ კვირას თუ არ დავკრეფთ,

პანტაპუნტით წყდება და იკარგებაო...

 

ადრე მივედი.

კარალიოკების ძირას გოდრები დაეწყო.

გიდელზე თოკი გამოება და იქვე წამოეწვინა.

ავიტანე გიდელი და ავედი ხეზე.

ვიფიქრე, აგერ-აგერ გამოვა-მეთქი.

დავტოვე გიდელი ხეზე და შევედი სახლში.

წამოწოლილი იყო. მცივაო, მითხრა, გულზე მიჭერსო.

ახლავე დავუძახებ ბარნაბა ექიმს-მეთქი.

არაო, ბარნაბას კი არა, ლუბასთან გაიქეცი და მოიყვანეო,

ჭაკი უკან აბია, მოახტი და წადიო...

კარგი, გავვარდები აბა-მეთქი და მოიცაო, მითხრა,

წიგნებში, ზედა თაროზე დიდი „ვეფხისტყაოსანი“ რომ დევს,

ზიჩის ნახატებიანი, ათასი მანეთი დევს შიგ,

ჩემი დასამარხი ფული, თუ ვერ მომისწარით,

ლუბას მიეციო...

კიდევ, ზედ ერთი რვეული ადევს და ისიც ლუბასიაო...

კარგი, ბაბუ, კარგი, უკვე ეზოდან მივაძახე,

ცხენს მოვახტი და გავქრი...

 

. . .

 

მე და ჩემმა კლასელებმა გამოვასვენეთ ვალერიანი...

ჭირისუფლად ლუბა და მე ვიდექით.

ლუბა სახელდახელოდ გაკეთებულ ფანჩატურში,

კუბოსთან იდგა, მე ფანჩატურის წინ ვიდექი დამწუხრებული.

მაშინ არ მიფიქრია, რატომ ჭირისუფლობდა ვალერიანს ლუბა,

ან მე რატომ მისამძიმრებდნენ მეზობლები!

 

...

 

დიდი დრო გავიდა ამ ამბებიდან.

ის ზიჩის სურათებიანი ვეფხისტყაოსანი და ვალერიანის სასოებით

შენახული რვეული სიკვდილამდე ერთი თვით ადრე

მე მომიტანა ლუბამ.

ნახე ეს რვეული, მწერალი კაცი ხარ, ეგებ გამოგადგესო.

იმ დღეს წყალტუბო-მოსკოვის მატარებლით

მოსკოვს მივემგზავრებოდი, სადაც 2 წელი ასპირანტურაში უნდა მესწავლა.

წიგნი თაროზე შემოვდე, რვეული კი უჯრაში ჩავდე, ლექსები მეგონა, ვიფიქრე,

ჩამოვალ და წავიკითხავ-მეთქი. მერე მიმავიწყდა და 20 წლის შემდეგ,

სოფელში უჯრების გადაქექვისას, მოულოდნელად წავაწყდი.

ეს იყო ვალერიანის დღიური.

ყოველდღიური ჩანაწერები არ იყო. არც თანმიმდევრული.

არ ჰქონდა რამე გამჭოლი ხაზი და სიუჟეტი, მაგრამ მთლიანად

ასახავდა ვალერიანის ცხოვრებას.

ამ დღიურმა მოგონებები ამიშალა და ვალერიანის გაცოცხლება ვცადე.

რამდენიმე ეპიზოდს დღიურიდან თქვენც წაგაკითხებთ:

 

  1. 19 იანვარი

დღეს, როგორც იქნა, მოვაღწიე სახლამდე.

გავერანებულა სახლ-კარი!

ბუხარში ცეცხლი დავანთე და მტკივანი ფეხი მივუშვირე.

არ მგონია, ეს ფეხი შემრჩეს. ჯერჯერობით კი ვეყრდნობი...

არც მიფიქრია, რომ აქ დამხვდებოდი...

20 წელია გასული. შვილი რომ გვყოლოდა, ეგებ არ წასულიყავი!

 

  1. 13 თებერვალი.

ღამეები არ მძინავს. ჩამეძინება და ციმბირის ტყეებში ვგდივარ,

ვათუხთუხებ „დრუჟბას“ და სული კბილით მიჭირავს.

გამეღვიძება და შენზე ვფიქრობ, ხმა ვერსაიდან მოგაწვდინე...

იქ არც რადიო იყო, არც ფოსტა, არც წერის უფლება... საიქიოში ვიყავი.

აქაც გიჟივითა ვარ, აქაც წყვდიადია... არ ვიცი, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას,

რისთვის მოვდიოდი, ნეტა მომვკვდარიყავი!

 

  1. 9 მაისი.

ჩემთვის გამარჯვების დღე არ არსებობს.

აქაც მითვალთვალებენ და ყოველ კვირას კომისარიატში

უნდა გამოვცხადდე. 2 წელი ასე უნდა ვიწვალო.

ეზო მოვაწესრიგე. ვენახი მინდა ჩავყარო.

ფეხი ძალიან მაწუხებს.

მინდა მოგძებნო, მაგრამ მეშინია.

სად ხარ, როგორ ხარ, ხარ კი, საერთოდ?

 

  1. 10 დეკემბერი.

დღეს გავიგე, რომ გათხოვილხარ და ქმარი არ გამოგდგომია.

თურმე სახლში დაბრუნდი და იქ ცხოვრობ,

საიდანაც 20 წლის წინათ 20 წლის გოგო წამოგიყვანე...

საშინელი ყინვებია, ისევ ციმბირში მგონია თავი!

ცოლიკაური გახმა, არ იხარა... ვერ მოვუარე ალბათ. არც მინდა გაიხაროს,

მე აქ ვერ გავჩერდები, როგორმე მანდ, შენთან ახლოს უნდა დავსახლდე,

სხვანაირად მოვკვდები, ან თავს მოვიკლავ!

 

  1. 20 ნოემბერი.

როგორც იქნა შენს სოფლამდე მოვაღწიე.

ფეხი დავკარგე.

მეშინია შენთან შეხვედრის, ეგებ ის არ დამხვდე, ვინც მახსოვს!

დრო ყველაფერს ცვლის და აუბრალოებს.

ვიყიდე პატარა სახლი და დღეს პირველად გავათიე ღამე.

რა ვაკეთო, არ ვიცი. რისი მაქნისია უფეხო კაცი.

ტაიგაში ერთი მოლდოველი დამხმარე მყავდა,

თურმე წიგნებს დაატარებდა კარდაკარ...

ცხენსა და საზიდარს ვიყიდი და მეც ბუკინისტობას დავიწყებ,

ცოტა ფულიც მაქვს და ეგებ რამე გამოვიდეს...

თუმცა რა ვიცი, ვის გაახარებენ ესენი!

 

. . .

 

თვალცრემლიანი ვკითხულობდი დღიურებს.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ლუბა ვალერიანის ნაცოლარი და

პირველი და ერთადერთი სიყვარული იყო.

სოფელში ეს არასოდეს თქმულა.

მეც ბავშვი ვიყავი და მათ ურთიერთობებს არ ვუკვირდებოდი,

თორემ იქნებ რამეს მივხვედრილიყავი კიდეც.

დღიურში ჩემზეც ეწერა, თან ისე თბილად, გვარიანად ვიტირე!

 

მოვრჩი მოგონების წერას, ერთი ბოთლი ღვინო და სანთელი

წავიღე და ვალერიანის საფლავზე წავედი.

სიხარულისაგან გული კინაღამ გამისკდა - ვალერიანის გვერდით

ლუბა იყო დასაფლავებული!

 

 

ვასილ ბესელია

 

 

 

big_banner
არქივი