logo_geo
სად გაქრა იავნანას მილიონები?
- +

27 სექტემბერი. 2017. 13:48



„პრაიმტაიმი" პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც საზოგადოებას საქველმოქმედო ფონდ „იავნანადან" თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ აუწყა. სტატია მთლიანად ფონდის ფინანსურ ანგარიშებსა და საგადასახადო უწყებებში წარდგენილ დოკუმენტაციას ეხებოდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ „იავნანა" საზოგადოების მიერ შემოწირული თანხებიდან უშუალოდ ქველმოქმედებას მხოლოდ 30 პროცენტს ახმარდა, დანარჩენი თანხა კი პომპეზური ღონისძიებების ორგანიზებასა და სხვა გაურკვეველ ხარჯებს ხმარდებოდა.



ცოტა ხნის წინ „Post TV" საგამოძიებო ჯგუფმა საკითხში მეტი სიცხადის შეტანა გადაწყვიტა და კონკრეტულ დოკუმენტებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ წლების განმავლობაში „იავნანას" გაცილებით მეტი თანხა შესწირეს, ვიდრე ეს ფონდის მიერ არის დეკლარირებული, მილიონობით ლარი კი უშუალოდ პაატა ბურჭულაძისა და მისი ოჯახის პირად კომფორტს ხმარდებოდა.


სად გაქრა უსახლკარო და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი მილიონები? ამის შესახებ კონკრეტულ ციფრებს ოდნავ ქვემოთ გაგაცნობთ, მანამდე კი ორიოდე სიტყვით „იავნანას" მიერ გადაცემული სახლების შესახებ გიამბობთ.


როგორც ირკვევა, ფონდისთვის შეწირული და თავად „იავნანას" მიერ დეკლარირებული 9,5 მილიონი ლარიდან მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინების შესაძენად მხოლოდ 820 ათასი ლარი დაიხარჯა. „იავნანას" ბენეფიციარებმა თავშესაფარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიიღეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სახლები საცხოვრებლად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ასე, მაგალითად:


გორის რაიონის სოფელი სათემო... საოკუპაციო ხაზთან მდებარე ეს სოფელი ერთ-ერთია, სადაც საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ" მრავალშვილიანი ოჯახი დააბინავა. ლია ვახტანგაშვილის შვიდშვილიანმა ოჯახმა „იავნანას" მიერ ნაჩუქარ სახლს, როგორც ჩანს, ოქროს გასაღები ვერ მოარგო. პაატა ბურჭულაძის ფონდის ბენეფიციარებს აქ იმდენად მძიმე პირობები დახვდათ, რომ ოჯახმა ისევ დევნილთა დასახლებაში არჩია ცხოვრება.


სოფელი ატენი.... როგორც ადგილობრივები ამბობენ, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა აქ ხეთაგურების მრავალშვილიანი ოჯახი შეასახლა, თუმცა, ახალმოსახლეობა დიდხანს არც ამ შემთხვევაში გაგრძელებულა. სახლს ბოქლომი ადევს. მეზობლები ყვებიან, რომ  დიდი ხანია ამ სახლში არავინ გამოჩენილა. ირკვევა, რომ მძიმე პირობების გამო ოჯახმა ისევ თბილისში, ქირით ცხოვრება არჩია.


„იავნანას" ბენეფიციართა სიას ქალაქ გორში, ლეხ და მარია კაჩინსკების 51 ნომერთან მივყავართ. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე ე.წ. ოქროს გასაღები ვინმე მარიამ მჭედლიძეს გადაეცა, თუმცა, სახლში დიდი ხანია არავინ გამოჩენილა. მესაკუთრეს მეზობლებიც ეძებენ და ამბობენ, რომ ეს ბინა ძირითადად ვირთხების თავშესაფრად არის ქცეული.


ქალაქი ხაშური, ოქტომბრის ქუჩა... მანანა კრაველიძის ოჯახს „იავნანამ" საცხოვრებელი სახლი სწორედ ამ მისამართზე გადასცა, თუმცა, მხოლოდ სიტყვიერად... საჯარო რეესტრში სახლი კვლავ „იავნანას" სახელზეა რეგისტრირებული, რაც ოჯახს მთელ რიგ კომუნალურ პრობლემებს უქმნის. დიასახლისი ჰყვება, რომ უკვე წლებია დენის, წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშე უწევთ ცხოვრება. სახლი უმძიმეს მდგომარეობაშია. ავარიულ საცხოვრებელში ოჯახს სიცოცხლის რისკის ფასად უწევს ცხოვრება. არავინ იცის, როდის ჩამოიშლება კედლები და როდის ჩამოინგრევა ჭერი.


2017 წლის მარტში, პაატა ბურჭულაძემ პირადი სახსრებით „ოქროს გასაღები" საკუთარ ვაჟსაც გადასცა, თუმცა „იავნანას" მრავალშვილიანი ბენეფიციარებისგან განსხვავებით, ალექსანდრე ბურჭულაძეს თბილისის ცენტრში საკმაოდ ძვირად ღირებული და კომფორტული ქონება ერგო. საჯარო რეესტრის ინფორმაციით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მარტს პაატა ბურჭულაძემ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთდროულად ორი ბინა შეიძინა. „პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რითიც ირკვევა, რომ ბურჭულაძეს აღნიშნული ქონება, საერთო ჯამში, 200 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. ზუსტად ერთ კვირაში, ანუ 2017 წლის 16 მარტს მან ორივე ბინა საკუთარ ვაჟს, ალექსანდრე ბურჭულაძეს აჩუქა. აი, რა წერია ჩუქების ხელშეკრულებაში:


„ერთი მხრივ, გამჩუქებელი პაატა ბურჭულაძე და მეორე მხრივ დასაჩუქრებული ალექსანდრე ბურჭულაძე (გამჩუქებლის შვილი) ერთობლივი სურვილის შესაბამისად, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კანონმდებლობით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:


გამჩუქებელი ჩუქნის, ხოლო დასაჩუქრებული იღებს გამჩუქებლის კუთვნილ შემდეგ ქონებას: მისამართი: ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, #83. ფართი 66.70 კვ.მ და 57.90 კვ.მ".


ანუ, საერთო ჯამში, პაატა ბურჭულაძემ საკუთარ ვაჟს თბილისის პრესტიჟულ უბანში, ახლად აშენებულ კომპლექსში 125 კვადრატული მეტრის ქონება უსახსოვრა. ამ საკითხზე ყურადღებას არ გავამახვილებდით და მხოლოდ მამა-შვილს შორის ქონების განაწილებად ჩავთვლიდით, რომ არა ერთი გარემოება. ზუსტად ამავე პერიოდში პაატა ბურჭულაძეს საკუთარი პოლიტიკური აქტივისტები კუთვნილ ხელფასებსა და დავალიანებების გასტუმრებას სთხოვდნენ, რაც ფინანსური კრიზისის გამო დღემდე ვერ მოახერხა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: როგორ შეძლო მან კრიზისის ფონზე საკუთარი ვაჟის 200-ათასლარიანი ქონებით დასაჩუქრება?


ახლა კი, რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს... საოპერო მომღერალმა საქველმოქმედო ფონდი ჯერ კიდევ 2004 წელს დააფუძნა. ფონდის საქმიანობის ძირითად მიზანს გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება წარმოადგენდა. ამ ხნის განმავლობაში გამართული პომპეზური ღონისძიებების დროს ბინის გასაღები არაერთ ოჯახს გადაეცა, თუმცა, როგორც „Post TV"-ის საგამოძიებო ფილმით ირკვევა, თავად ბურჭულაძემ გაცილებით მეტი სარგებელი ნახა, ვიდრე მრავალშვილიანმა ოჯახებმა. 


აუდიტორული დასკვნით, ფონდმა 5 წლის განმავლობაში 9,5 მილიონი ლარი შეაგროვა, აქედან 3,070 მილიონი - ადმინისტრაციულ ხარჯებს, 2,390 მილიონი კი საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას მოახმარა. უშუალოდ ქველმოქმედებაზე ფონდმა მხოლოდ 3,260 მილიონი დახარჯა, ანუ შემოსული თანხის მესამედი.


დოკუმენტებით ირკვევა, რომ „იავნანამ" ბინების შესაძენად 820 ათასი ლარი გადაიხადა, ფონდის თანამშრომლების ხელფასებში კი გაცილებით მეტი - 1,760 მილიონი. საგამოძიებო ფილმიდან ცნობილი ხდება, რომ ფონდის ტოპ-მენეჯმენტის ოთხ თანამშრომელზე ხელფასის სახით გაცემულია 1 მილიონ ლარზე მეტი. ფონდში თანამშრომლად გახლდათ გაფორმებული პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანჟელა ვასილენკოც. მისი სახელფასო ანაზღაურება „იავნანას" შემომწირველებს 100 ათასი ლარი დაუჯდათ. „Post TV"-ის ინფორმაციით, ფონდმა პომპეზურ ვოიაჟებში 700 ათასი ლარი გაიღო, აქედან 150 ათასი ლარი უშუალოდ პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის ავიაბილეთების შეძენას მოხმარდა.   


დოკუმენტებით ირკვევა, რომ „იავნანამ" პომპეზურ საკონცერტო ღონისძიებებში 2,390 მილიონი დახარჯა, მაშინ როცა ამ ღონისძიებებიდან შემოსული თანხა 1,260 მილიონს არ აღემატება. ანუ კონცერტების გამართვაში დახარჯული თანხა პირდაპირ ქველმოქმედებისთვის რომ გაეღოთ, გაცილებით მეტ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარებოდნენ, თუ, რა თქმა უნდა, ფონდის მიზანი გაჭირვებული ხალხის დახმარებაა და არა პომპეზური კონცერტები მოწყობა.


ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელსაც უნდა დაედგინა, რა თანხა გროვდება ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ „იავნანას" შესაწირ ყუთებში. როგორც ცნობილია, ფონდის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს სწორედ ასეთი ყუთები წარმოადგენს. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ ფონდს 5 წლის განმავლობაში ასეთი ყუთებიდან, მინიმუმ, 13 მილიონი ლარი უნდა მიეღო, „იავნანამ" კი ოფიციალურად მხოლოდ 1 მილიონი აღრიცხა. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაწირი ყუთებიდან მილიონობით ლარი უბრალოდ მოიპარეს. ამ ეჭვს აღრმავებს ინფორმაცია ინკასაციის წესების უხეში დარღვევის შესახებ. ირკვევა, რომ შესაწირი ყუთებიდან ამოღებული თანხის ინკასაცია არა ბანკში, ოფიციალური აღრიცხვის საფუძველზე, არამედ პირდაპირ ფონდის ოფისში კუსტარული წესით ხდება. სად გაქრა შესაწირი ყუთებიდან მინიმუმ 12 მილიონი? ამის გარკვევას ახლა უკვე საგამოძიებო უწყება ცდილობს.


როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ ფულადი სახსრების შესაძლო არამიზნობრივ გაფლანგვასთან დაკავშირებით.


„საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. აღნიშნულ გამოძიებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას", - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გრძელიშვილმა.


არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა განცხადება პროკურატურაში გასულ კვირაში შეიტანეს. ვიდეოპორტალ „Post TV"-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, მათ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საგამოძიებო ორგანოებს ფონდის დაინტერესებისკენ მოუწოდეს.


„კრიტიკულად აუცილებელია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართველი საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდ „იავნანას" და მის დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს ანდობდა. აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.


თავის მხრივ, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა გურამ ახალაიამ განაცხადა, რომ მზად არის, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან.


„ძალიან სამწუხაროა, რომ გავრცელდა ასეთი ცრუ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ტირაჟირება ხდება. მისასალმებელია, საზოგადოებას უნდა გავცეთ პასუხი, რა ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში ფონდ „იავნანაში". ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პროკურატურის ორგანოებთან, ყველა დოკუმენტს წარვუდგენთ და დოკუმენტებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ გამოიტანს დასკვნას, რომელსაც მივაწვდით საზოგადოებას", - განაცხადა ახალაიამ.


სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით („სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა"), რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.


გამოძიების ფარგლებში მთავარმა პროკურატურამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენელი ანდრია გვიდიანი უკვე დაჰკითხა. სავარაუდოდ, უახლოეს ხანში საგამოძიებო ორგანოში დაიბარებენ თავად პაატა ბურჭულაძესაც. ჩვენი ინფორმაციით, გასულ კვირას, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილი ლიდერი უკრაინაში ჩავიდა. პაატა ბურჭულაძე კიევში რუსეთიდან კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და უკრაინა იმავე დღეს დატოვა. მათ შორის საუბარი დახურულ კარს მიღმა შედგა.


ერთ-ერთი ინფორმაციით, ამ ფარული ვიზიტის დროს განხილვის თემა საქართველოში ბურჭულაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბურჭულაძემ ექს-პრეზიდენტს ამ პროცესში პოლიტიკური მხარდაჭერა სთხოვა. 


ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი







 

big_banner
არქივი