logo_geo
დინა მირცხულავა: ორი ადამიანი გადაარჩინა დახვრეტას, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობს...
- +

20 იანვარი. 2018. 12:20



ჯვარზე გაკრული ვენახი ყველას გვინახავს, ტირილისას თუ ყვავილობისას, მწიფობისას თუ შემრეშვისას, მაგრამ ყველაზე ლამაზი, მაინც თოვლშია...


რომელიღაც პოეტის ლექსი მახსენდება -  „ვაზის ფესვიდან მოვევლინეთ კაცობრიობას და ვაზის ცრემლის დაგვყვა წუხილი"...

 

სვანეთში რამდენს უნახავს ვენახი ?! ძალიან ცოტას ალბათ და ერთი მათგანი ვარ მე. საერთოდაც, სვანეთი ის კუთხეა, სადაც სახლის სახურავები და ხეები გეგუნდავებიან ადამიანს და ახლა ვენახიც...


ვახტანგ ხოჯელანის ოჯახს მივადეგით და ვიდრე სახლში შევიდოდით პირველი გუნდა სწორედ ვენახმა დამაფერთხა.



ამაზე უკეთესი რა უნდა მენატრა წლის დასაწყისში, მაგრამ სახლში შესულს უფრო დიდი მოულოდნელობა მელოდა - ოჯახის უხნესი დიაცი - ფაცია ქოჩქიანი- ხოჯელანისა.

 

სუფრის თავში წამოსკუპული, ჭრელთავსაფრიანი, აღდგომის კვერცხისფერ სამოსში გამოკვანწული ჩემი, შენი და ჩვენი ბებო. ამჟამად ოთხმოცდაათი წლის - მოარული მოგონება  და ისტორია მესტიისა.

 

- ორი ადამიანი გადაარჩინა დახვრეტას, მაგარი ბებოა ეს! - მეუბნება მეოთხე თაობის წარმომადგენელი, მაგრამ ბებოს ამაზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, არ უყვარს.

 

- არაფერი განსაკუთრებულიო - ასე თქვა და გვერდით მომისვა. სურათი გადავიღოთ თქო, რომ ვუთხარი, ჯერ თავშალი შეისწორა, მერე წარბებზე გადაისვა ხელი...

 

 

-რა ლამაზები ვართ, ბებო, ნახე?!  შენ მჯობიხარო, მომახსენა მაშინვე და თბილი ხელი ჩემს მუხლზე დაასვენა  ცოტა ხნით.

 

ატყდა ჭიქების ჭახაჭუხი... ვისწავლე სვანური „ლიჭხუნე", ბოლომდე მასვეს ჯგრაგის სადღეგრძელო, წესიაო ასეთი.

 

ქოჩქიანის ქალს ვერა და ვერ მოვეშვი. ყველა სიტყვისა და ფრაზის დამახსოვრება, ცხადია გამიჭირდა მაგრამ...

 

დედა არ ახსოვს, უდედოდ გაზრდილა, მომავალ მეუღლეს-  სასო ხოჯელანს, მულახში უნახავს პატარა, ობოლი გოგონა, მოკეთის ქორწილში და გულში ჩავარდნია, მალევე უფრენია ოჯახში კაცები და სკოლის მოსწავლე რომ იყო, ისე დაუნიშნავთ ქოჩქიანის ასული.

 

ლორთქიფანიძის თქმისა არ იყოს, ექვსჯერ გამოწეული მუცელი და ექვსჯერ შეზნექილი ჰქონდა წელი ბებოს, ანუ ექვსი შვილის დედა გამხდარა, აქედან ხუთი გაუზარდა სამშობლოს. შესანიშნავად უთავსებდა დედობასა და დიასახლისობას აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ორი მოწვევის დეპუტატი გახლდათ, მის დროს გაკეთდა გზები და ელექტროგაყვანილობა მესტიაში.

 

„საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მესტიის N 320 სარჩევნო ოლქის საოლქო -საარჩევნო კომისიამ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარა ფაცია ფილიპეს ასული ხოჯელანის კანდიდატურა„ - იტყობინებოდა მაშინდელი ადგილობრივი პრესა და მის შესახებ მოკლე ინფორმაციას აწვდიდა მოსახლეობას - „ამხანაგი ფაცია  ფილიპეს ასული ხოჯელანი დაიბადა 1930 (1928 წელს დაბადებულა, გაზეთი შეცდომით წერდა. დ.მ.) წელს მესტიის რაიონის სოფ. ჭოლაშში. ამხ. ფ. ფ. ხოჯელანი 1949 წლიდან მუშაობს მესტიის რაიონის სოფ. მესტიის კოლმეურნეობის რიგით წევრად. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივ შრომაში, სისტემატურად გადაჭარბებით ასრულებს საწარმოო დავალებებს. 1964 წელს ამხ. ფ. ფ. ხოჯელანმა მოიყვანა 66,5 ცენტნერი სიმინდი, 1965 წელს - 65 ცენტნერი, ხოლო 1966 წელს, არახელსაყრელი კლიმატური პირობების მიუხედავად, - 36 ცენტნერი სიმინდი".

 

 

შრომაში დაღლილ- დაქანცული ხელები რომ ექნებოდა ბებოს, ამას შეხებისთანავე მივხვდი, უგაზეთოდაც... ახლა მხოლოდ ლოცვანი უჭირავს დილა- საღამოს და სულ ლოცვებს კითხულობს თურმე.

 

- მისი ლოცვის ძალა იმდენად დიდია, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ ვგრძნობდიო - მითხრა შვილთაშვილმა.

 

კიდევ ერთხელ დაწერს ადგილობრივი პრესა ფაცია  ხოჯელანზე და მოუწოდებს ამომრჩევლებს, რომ ყველანი მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ კომუნისტებისა და უპარტიობის ურღვევი ბლოკის კანდიდატს - ფაცია ფილიპეს ასულ ხოჯელანს.

 

მივა კიდეც ხალხი და მხარს დაუჭერს. იმიტომ რომ ხალხის ნებას გამოხატავდა ყოველთვის და ხალხზე დამაშვრალი დეპუტატის ნდობის არგამოცხადება, აზრადაც არ მოსვლია არავის.

 

 

ნათქვამია, დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო !

ეს პატარა სტატია გაცამტვერება მინდა იყოს ამ გამონათქვამისა.

არ იკარგებიან დიდი ადამიანები, უძეგლოდ კი არა, საერთოდ არ იკარგებიან დიდი ადამიანები, იმიტომ რომ "ვინც, თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან გადაარჩინა მთელი სამყარო !"

- სიცოცხლე ტკბილია ხომ ?! - წამოსვლისას ვკითხე.

- ძალიან - მითხრა და ხელები მუხლებზე დაილაგა.

........................

ხეივანმა ისევ  დამიშინა გუნდა  და თოვლი მომეჩვენა ისრიმისფერი, სწორედ იმ თვალების ფერი ოჯახის უხნესმა დიაცმა რომ გამოგვაყოლა კარგა შეზარხოშებულ ახალგაზრდებს...

მერე უსათუოდ ლოცვანს აიღებდა და ლოცვაში მეც მომიხსენიებდა, სტუმრებზეც ლოცულობენ სვანეთში, როგორც ღვთის ადამიანებზე...



/დინა მირცხულავა/












 

big_banner
არქივი