logo_geo
როგორ ებრძოდნენ შიდსს საბჭოთა კავშირში - თენგის ცერცვაძის მოგონებებიდან
- +

20 სექტემბერი. 2020. 00:09

 

 

საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ახლა, ახალი კოვიდ ეპიდემიის დროს აღმოაჩინა, რომ თურმე გვყოლია მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული პროფესიონალი ექიმები, რომლებსაც  შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ძალიან მნიშვნელოვანი მისია და საერთაშორისო დონეზე წარმოგვაჩინონ, როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი.

 

თენგიზ ცერცვაძეს და მის გუნდს მსოფლიო აღიარება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ჰქონდათ და ჩვენი ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის „გაიდლაინებით“ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ხელმძღვანელობდნენ. სწორედ თენგიზ ცერცვაძის სახელს უკავშირდება შიდსთან დაკავშირებული დიდი წარმატება არა მხოლოდ საქართველოში, მთელს აღმოსავლეთ ევროპაშიც.

 

 ეპიდემიებთან ბრძოლის 36 წლიანი რთული და წარმატებებით აღსავსე გზის შესახებ ...

 

თენგიზ ცერცვაძე: შიდსზე მუშაობა ჩვენ საქართველოში დავიწყეთ 1983-1984 წლებში, პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველებმა, მთლიანად ევროპაში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც შიდსის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ, ძალიან ცოტა ვინმემ იცოდა რაიმე. იცოდნენ რომ იქ იყო რაღაც ჯგუფები აშშ-ში, გარკვეული უმცირესობის ჯგუფები, რომელთა შორის გავრცელებული იყო უცნობი გადამდები დაავადება. შემდეგ, გაიშიფრა ამ დაავადების მიზეზი, ეს აღმოჩნდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელსაც უწოდეს აივი. თვითონ დაავადებას უწოდეს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ანუ შიდსი.

 

მოსკოვში ჩემი მასწავლებელი იყო დიდი მეცნიერი აკადემიკოსი ლენ პეტროვი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მითხრა, რომ ვერაფრით დაარწმუნა მოსკოვში ხელმძღვანელობა რომ შიდსი იყო მნიშვნელოვანი პრობლემა  და არა მხოლოდ ამერიკისთვის. მთხოვა, შეიძლება რესპუბლიკებში პირადი გავლენით და ნაცნობობით შეძლოთ კვლევების დაწყება, თუ ამას შეძლებთ, ძალიან კარგი იქნებაო.

 

მაშინ, მე ვმუშაობდი სერგო კობალაძესთან, ძალიან ცნობილი ექიმი იყო. მივედი მასთან და დავარწმუნე ბატონი სერგო, რომ შიდსი იყო ძალიან სახიფათო და მას შესწავლა სჭირდებოდა. მივედით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, მაშინ ოთარ ჩერქეზია იყო თუ არ ვცდები და მთავრობის დახმარებით შევძელით სადიაგნოსტიკო აპარატურის შეძენა.  მთავრობამ გამოგვიყო საჭირო ვალუტა, ვალუტის შეძენაც კი შევიძინეთ აპარატურა და დავიწყეთ კვლევები შიდსზე.

 

თავიდან, 5 წელი ტყუილად ვიკვლევდით, შიდსის პირველი  შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ 1989 წელს, მაგრამ მთელი ეს 5 წელი ვიკვლევდით მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას. თუ ზუსტად მახსოვს, 1986-88 წლებში ვიკვლევდით დაახლოებით 300-400 ათას ადამიანს ყოველწლიურად.

 

შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა სოხუმში. ახალგაზრდა გოგონას აღმოაჩნდა, რომელიც მიმტანად მუშაობდა. გაირკვა, რომ რამდენიმე წლის წინ, ცოლად გაჰყვა  ტანზანიელს, სტუდენტები იყვნენ სანკტ-პეტერბურგში. როგორც ჩანს, ქმარს ჰქონდა შიდსი და 1 წლის  წინ გარდაიცვალა, რითი გარდაიცვალა არავინ იცოდა. ეს გოგო ჩამოვიდა სოხუმში, მუშაობდა მიმტანად და 1989 წელს აღმოაჩნდა შიდსის ერთ-ერთი გამოვლინება – მუქი, მოწითალო ფერის კვანძები სხეულზე, ავთვისებიანი სიმსივნის სარკომა, რომელიც შიდსიანებს ხშირად უჩნდებათ.

 

მაშინ უშიშროება აკონტროლებდა საბჭოთა კავშირში შიდსის შემთხვევებს, იმიტომ რომ არ უნდა დაგვეშვა საბჭოთა კავშირში შიდსის გავრცელება. როდესაც სოხუმში წავედით, უშიშროების თანამშრომლები გვახლდნენ. ავუღეთ ანალიზი, დადასტურდა შიდსი. ეს ახალგაზრდა გოგო მალე გარდაიცვალა. მაშინ, არ არსებობდა შიდსის სამკურნალო საშუალება, სიცოცხლის ხანგრძლივობა დიაგნოზის დასმიდან 1 წელი იყო. ფატალური განაჩენი იყო შიდსის დიაგნოზი.

 

1989 წლის ბოლოს კი, ჩვენ პირველებმა და პირველად, საბჭოთა კავშირში შევქმენით შიდსის ცენტრი. რახან პირველი შემთხვევა უკვე გვქონდა, კვლევები გავაძლიერეთ. შემდეგ წამოვიდა ერთეული, ათეული შემთხვევა, ზუსტი სტატისტიკა არ მახსოვს.

 

2000 წელს გაერთიანდა შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრი და ჰქვია „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“.


36 წელია, რაც ეპიდემიებს ვებრძვი… 20 წელია, რაც ამ დაწესებულების დირექტორი ვარ… ჩვენი შიდსის სამსახური ვითარდებოდა და ჩამოყალიბდა ერთ-ერთ უძლიერეს  სამსახურად. საქართველოს მაშინდელი შიდსის სამსახურის დამსახურება გახდა ის, რომ არამარტო საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად ევროპაში, თავიდან ავიცილეთ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია.

 

აქედან გამომდინარე,  თავიდან ავიცილეთ უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი.

 

თქვენ რომ გადახედოთ, მსოფლიოში, ევროპაში თუნდაც რუსეთში, უკრაინაში, რა ხდება ამ მხრივ, ნახავთ რომ საქართველო მათთან შედარებით არის დიდი გამონაკლისი, ოაზისი.

 

სწორედ ამ წარმატებების აღსანიშნავად, პირველ რიგში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, აგრეთვე სხვა ინფექციურ დაავადებებთან გაწეული ეფექტიანი ბრძოლისთვის, ჩვენ გადმოგვცეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, ეს არის დოქტორ ლის პრემია! უფრო მაღალი ჯილდო, საერთაშორიო ორგანიზაციაში არ არსებობს.

 

დოქტორი ლი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადრე და თავისი ყოფილი დირექტორის პატივსაცემად დაარქვეს დოქტორ ლის პრემია.

 

ეს არის ჯილდო, რომელიც გადაეცემა წელიწადში ერთხელ, ერთ დაწესებულებას ან ერთ ადამიანს. ჯერჯერობით, საქართველოს გარდა, ასეთი ჯილდო არ აქვს მიღებული აღმოსავლეთი ევროპის არც ერთი ქვეყნის სხვა სამედიცინო დაწესებულებას, საუბარია არა მხოლოდ ინფექციური პროფილის დაწესებულებაზე,  ონკოლოგიურზეც და კარდეოლოგიურზეც. ეს არის დოქტორ ლის პრემია, ეს ჯილდო ჩვენ გადმოგვცა ჯანმო-ს მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარგარეტ შანმა…

 

შიდსის და სხვა ინფექციური  დაავადებების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადმოგვეცა ეს ჯილდო. ამაზე დიდი აღიარება არ არსებობს. როგორც გითხარით, არა თუ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანას არ აქვს მიღებული ასეთი ჯილდო.

 

დღემდე ჩვენ ვინარჩუნებთ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს. ჩვენთან შიდსით გარდაცვალების შემთხვევა 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი