logo_geo
აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის მცირე ექსკურსი
- +

27 სექტემბერი. 2020. 22:34

 

 

„აკაკიმ ნადიმზე ისტორიული ვრცელი სიტყვა-სადღეგრძელო წარმოთქვა. აი, ნაწყვეტი იმ სიტყვისა: თქვენ ეძებთ სწორ გზას, გინდათ გყავდეთ წინამძღოლი, რომ მოგევლინოთ და მე გგონივართ ის. მე მისი აჩრდილიც არ ვარ, ამას მოგახსენებთ წრფელი გულით. ის გმირი, რომელმაც უნდა გაწყვიტოს ჯაჭვი და ამირანი აუშვას. სხვათ არის, მე არ ვარ, ის მოგევლინებათ ახალი მოდგმისგან...“ – ონის მხარეთმცოდნეობის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, გია ბერიშვილი აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის შესახებ უნიკალურ ცნობებს გვაწვდის.

 

ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები

 

– აკაკი წერეთლის ისტორიული მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში დაიწყო ქუთაისში, 1912 წლის 21 ივლისს და დამთავრდა პირველ აგვისტოს... ონი ამ დღეებისთვის სპეციალურად მოემზადა. აკაკის ესკორტში 12 ეტლი შედიოდა. მგოსანს მოგზაურობისას თან ახლდნენ: მოგზაურობის თავიდათავი – იობა ისაკაძე, ნოე გოშაძე, სრულიად ახალგაზრდა კინოოპერატორი ვასილ ამაშუკელი, მხატვარი და ფოტოგრაფი კოტე ქავთარაძე, ცნობილი მწიგნობარი და აკაკის უახლოესი მეგობარი იოსებ (სოსიკო) მერკვილაძე: აკაკის მამულის მოურავი კოტე აბდუშელიშვილი, აკაკის ძმისშვილი ვასილ წერეთელი და სხვები.

 

26 ივლისს, მოგზაურთა ამალამ სკოდორას ხიდს მიაღწია. ვარდ-ყვავილების ხიდს ამშვენებდა წარწერა: „ბარის საზოგადოება გულწრფელი სიყვარულით ეგებება დიდებულ მგოსან აკაკის“. ხიდთან თავი მოეყარა ხალხს. მათი სახელით მგოსანს სიტყვით მიმართა პედაგოგმა სერგი ვარაზაშვილმა/ ღამდებოდა, როდესაც სტუმრებმა სორს მიაღწიეს. მაშხალებით, ლამპა-ფარნებისა და სანთლებით იყო იქაურობა განათებული. საზეიმო განწყობილება სუფევდა სოფელში. მისასალმებელი სიტყვა წარმოუთქვამს ინდიკო მინდელს, შემდეგ ახალგაზრდა ყმაწვილ ქრისტეფორე ჯაფარიძეს, რომელსაც აკაკის მოწონება დაუმსახურებია და მგოსანს ყმაწვილი დაუკოცნია. სოფელ სორში ვახშმად ბიჭია გოცირიძის სახლში დარჩნენ...

27 ივლისს სორი მგოსნის გასაცილებლად ემზადებოდა, ონი კი დასახვედრად. საგანგებოდ შეირჩა ის დღეც, რადგან პარასკევი ონელთათვის ბაზრობის დღე იყო და მთელი სოფლებისა თუ ქალაქის მოსახლეობა ონში იყრიდა თავს...

 

როცა ეტლები ონისკენ უნდა დაძრულიყო, სწორედ ამ დროს  შემოეგებათ ონიდან შესახვედრად საგანგებოდ წამოსული, ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი 300 ცხენოსანი, რომელთაც წინ ვ. ჯაფარიძე მოუძღოდა... ონის ბაღი, ცენტრი და ხიდი, სადაც აკაკის უნდა გაევლო, საზეიმოდ იყო მორთულ-მოხატული. იქვე, რიონის ხიდთან, ჭიშკრის კამარაზე ეკიდა აკაკის სურათი, რომელსაც ამშვენებდა ნაძვის ტოტებისა და სუროს ფოთლებისგან ჩაწნულ-ჩაგვირისტებული წარწერა: „საკეთილდღეოდ თქვენი მობრძანება ჩვენი სამშობლოს დამამშვენებელი მგოსანო“. აქვე იდგა თაიგულებით ხელში, თეთრ ტანსაცმელში ჰაეროვნად გამოწყობილი სამი ფერია, რომლებიც სიმბოლურად სარწმუნოებას, სასოებას და სიყვარულს განასახიერებდნენ, ისინი ულამაზესი ქალიშვილები იყვნენ, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის მოწაფეები: თამარ გელოვანი (მსახიობ გოგი გეგეჭკორის დედა), ელენე გიორგობიანი (მომავალში ლადო ჯაფარიძის მეუღლე), ნადია ჩიკვაიძე (მომავალში გრიგოლ ჯაფარიძის მეუღლე).

 

„სატრიუმფო თაღთანაც“ ელოდნენ მგოსანს ქართულ კაბებში ჩაცმული, ორ რიგად ჩამწკრივებულნი ონელი მანდილოსნები, მაზრის ადმინისტრაცია, ინტელიგენცია, რაიონის მოსახლეობა. ახალ საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი მოზარდები, მათ შორის, 6 წლის მომავალი დიდი მხატვარი, უჩა ჯაფარიძე, დედამის – ფატმან გოცირიძესთან ერთად. გუგუნებდა რაჭული სიმღერები, ისმოდა მხურვალე შეძახილები, გრიალებდა თოფ-დამბაჩები. რეკავდა ონის საჯანის კარის წმინდა გიორგის ეკლესიის ზარები. საპატიო სტუმრის პატივსაცემად პარაკლისი გადაიხადა ბლაღოჩინმა მღვდელმა მათე გორდეზიანმა, რომელიც ჯვრით ხელში შეხვდა დიდებულ მგოსანს. ეკლესიის გამოსასვლელთან პოეტს ეგებება დიმიტრი ყიფიანის მეუღლე პელაგია, როგორც ქალთა წარმომადგენელი და გულში ჩამწვდომ სიტყვას ეუბნება მას.

 

ეკლესიიდან ზღვა ხალხმა ონის ცნობილ ბულვარში გადაინაცვლა. აკაკი დააბრძანეს სავარძელში და მისალმების შემდეგ გაიმართა ფერხული, შესრულდა რაჭული ორპირული სიმღერები, შემდეგ მგოსანი, თავის მხლებლებით გაემგზავრნენ სპეციალურ მომზადებულ, ონში ყველაზე დიდ და საუკეთესო ბინაში, რაჭის ნოტარიუსის დავით (დათა) გოცირიძის ოჯახში, სადაც გულუხვი სუფრა იყო გაშლილი. სადილზე თამადა გახლდათ კონსტანტინე წულუკიძე (ცნობილი მკვლევარისა და მეცნიერის, ზურაბ კიკნაძის ბაბუა). სიმღერით თავი მოიწონეს ძმებმა: ალექსანდრე, დავით, გრიგოლ, ლადო ჯაფარიძეებმა. აკაკის სტვირით მიესალმნენ ცნობილი ფარახეთელი მესტვირეები ლუკია ტოგონიძე და ზაქარია ერაძე, მათ დაამღერეს:

 

„ახლა აკაკის დავლოცამ, /ადევს ანგელოზის ფერი,/დიდი მგოსანი ბრძანდები, /და შეგხარის მთელი ერი“.

 

იმავე დღეს, საღამოს, ბულვარში აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც პოეტი მარიამ წერეთლის ორატორულმა სიტყვამ მოხიბლა.

 

28 ივლისს აკაკიმ მოინახულა პედაგოგ მალაქია ჯაფარიძის მრავალსულიანი ოჯახი. მგოსანი სოფელ ხირხონისში, „სხიერობაზე“ იყო მიპატიჟებული სიმონ ჯაფარიძის – „დიდი სიმონის“ (აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის ბაბუა) ოჯახში. მაგრამ იქ ხეირიანი გზა არ იყო, ცხენზე ჯდომა კი აკაკიმ არ ისურვა და ეს მიპატიჟება ვერ მიიღო.

 

შუადღეს ონის ბულვარში დიდი ნადიმი გაიმართა. სუფრა სამას კაცზე იყო გაშლილი, მიუხედავად ამისა, ხალხი მაგიდებთან ვერ დაეტია და იქვე, ბაღში მწვანე მდელოზე დასხდნენ.

 

ქართველ ებრაელთა სახელით მგოსანს მიესალმა ფილხაზ შიმშილაშვილი და მოუბოდიშა, – ებრაელებიც უნდა მონაწილეობდნენ ამ დიდებულ ზეიმში, მაგრამ ებრაელთა კანონით, შაბათ დღეს არ შეგვიძლია ასეთ ბედნიერ და სასიხარულო დღესასწაულზე დასწრებაო. მერე კი ონელი ებრაელების სახელით, მგოსანს მიართვა ლამაზად გაფორმებული კალმიანი და ჩონგურიანი ტორტი. აკაკის მადლიერებით მიუღია საჩუქარი და აღუნიშნავს: არსად ისე კარგად არ გრძნობენ თავს ებრაელები, როგორც საქართველოშიო...

 

როცა აკაკიმ ნადიმზე ისტორიული, ვრცელი სიტყვა–სადღეგრძელო წარმოთქვა (რომლის ნაწყვეტიც შესავალში შემოგთავაზეთ – ავტო.), მღვდელმა მთე გორდეზიანმა საპასუხო სიტყვით მიმართა: „ძვირფასო მგოსანი აკაკი! თქვენმა ხილვამ ჩვენს გულში აღანთო სიხარულის გრძნობები, ხოლო ბოლოს თქვენმა ნათქვამმა სიტყვებმა კი – „აწ განმიტევა მე მონა თქვენი“ – ნაღველი გადასახა ჩვენს მხიარულებას... ამის ნებას ვერ მოგცემთ, თქვენ უნდა იცოცხლოთ მანამ, ვიდრე არ მიირქმევთ მკლავზე იმ მესიას“. აკაკის სიტყვამ და მათე გორდეზიანის პასუხმა დამსწრე საზოგადოებას გული აუჩუყა.

 

ნადიმის შემდეგ მგოსანი და მისი მხლებლები ნაირ-ნაირი ხალიჩებით მოფენილი გზით, მუსიკის თანხლებით მიაცილეს დავით გოცირიძის სახლში, ბულვარში კი ცეკვა-თამაში ღამის 2 საათამდე გაგრძელდა. ამ დღეს ონი გაჩირაღდნებული იყო...

 

29 ივლისს აკაკი ონიდან უნდა გამგზავრებულიყო მთის რაჭის სოფლებში, სადაც მოუთმენლად ელოდა ხალხი, მაგრამ წინა კვირაში მოსული დიდი წვიმისა და ნიაღვრებისგან გზები იყო გაფუჭებული...

 

დღის 4 საათისთვის ეტლები მოიყვანეს, აკაკი და მისი თანამგზავრები ლეჩხუმისკენ გაბრუნდნენ. ონის შარაგზები, ხიდი და მიმდებარე მიდამოები კვლავ ხალხით იყო სავსე, ყველას სურდა კიდევ ერთხელ შეევლო თვალი ღირსეული მამულიშვილისთვის. მგოსანმა ხიდთან შეაჩერებინა ეტლი, მადლობა გადაიხადა დიდებული მიღებისა და დახვედრისთვის,  დაემშვიდობა თვალცრემლიან ხალხს...

 

აკაკი განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნავდა: „ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ამ ზეიმში უმეტესი ნაწილი გლეხობა მონაწილეობდა...“ მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ გაჩაღებული იყო საზაფხულო სამუშაოები, აკაკის მოსვლით გახარებული გლეხები ოჯახებით მოეშურებოდნენ მასთან შესახვედრად რაჭის მთიანი სოფლებიდან.

 

აკაკიმ თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უძღვნა პოემა „რაჭა-ლეჩხუმი“, სადაც ამბობს: „...ღმერთო, რა ვნახე?! სასიზმრო/ და საარაკო მხარეა, / თუ თვით ედემი არ არის, / ედემის შესადარია...“

 

აკაკის ონში, დავით გოცირიძის სახლში, სადაც ორი ღამე ეძინა, ფანქრით კედელზე დაუტოვებია წარწერა: „სტუმართმოყვარეობა რაჭველთა განთქმულია/, მაგრამ სტუმრის გულშიაც მათი სიყვარულია. აკაკი, 29 ივლისი“.

 

სამწუხაროდ, ეს წარწერა აღარ არსებობს, დაუდევრობამ და 1991 წლის მიწისძვრამ იავარქმნა. ამბობენ, რომ ამ წარწერის ფოტო დაცულია გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმში.

 

აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობა ფირზე გადაიღო სრულიად ახალგაზრდა ოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა. იგი ამ ფილმის რეჟისორი, ოპერატორი და მემონტაჟე იყო. ფილმის გადაღების თაოსნები იყვნენ პედაგოგი სამსონ დათეშიძე და ჟურნალისტი ლადო ბზვანელი-ნაცვლიშვილი. ეს ფილმი ითვლება მსოფლიოში პიროვნებაზე გადაღებულ პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად... ბოლო წლებში მოხდა ამ უნიკალური და ისტორიული ფილმის „გაციფრულება. სამწუხაროა, რომ ფილმის კულმინაციური ნაწილი, ონის კადრები მთლიანად დაკარგულია. ასევ არსად ჩანს ფოტოგრაფ კოტე ქავთარაძის გადაღებული იშვიათი ფოტო – აკაკისთან მდგომი მესტვირე. თუმცა, მისმა ფოტოებმა შემოგვინახეს: მალაქია ჯაფარიძის ოჯახი, დათა გოცირიძის ოჯახთან გადაღებული ფოტო, ქართულ კაბებში გამოწყობილი ონელი დარბაისელი მანდილოსნები, ფერხული აკაკის გარშემო და სხვა საინტერესო ფოტოები.

 

პ.ს. დავით გოცირიძის მემორიალური და არქიტექტურულად მნიშვნელოვანი სახლი დღესდღეობით ეკუთვნით ტყეშელაშვილებს. მას 2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ბრძანებულებით, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მიწისძვრებმა და ჟამთა სვლამ სახლი საკმაოდ დააზიანა. საჭიროებს მზრუნველობას, რესტავრაცია-რეაბილიტაციას. სახლი, რომელიც ბევრ ისტორიას იტევს, ნამდვილად იმსახურებს ამას.

 

 

 

მანანა გაბრიჭიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი