logo_geo
აკაკი დვალიშვილის მოგონება პავლე ინგოროყვაზე - დღესაც აუხსნელია ჩემთვის, მის სუსტ სხეულში, საიდან იყო ამხელა ძლიერება სულისა და ნათელხილვის ნიჭი
- +

4 ნოემბერი. 2020. 14:56

 

 

ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, სოციალურ ქსელში პავლე ინგოროყვას შესახებ აკაკი დვალიშვილის მოგონებას აქვეყნებს:

 

„1.11.1893-20.11.1983 წ.წ.  პავლე ინგოროყვა.

 

 აკაკი დვალიშვილის მოგონება პავლე ინგოროყვაზე

 

„1969 წლის თბილისური ცხელი ზაფხული იდგა. ბატონი პავლე კაბინეტში მუშაობდა, რომელსაც ხუმრობით “ჩეროს კაბინეტს” ვეძახდით. ყველას არ გააჩნდა უფლება იქ შესულიყო – ბატონ პავლეს აქ ყველაფერი ჰქონდა: სამუშაო მაგიდა, ტელეფონი და კარადა. მის განკარგულებაში იყო სამინისტროს საბიბლიოთეკო განყოფილების მუშაკი, რომელიც მეცნიერს უზრუნველყოფდა საჭირო ლიტერატურით. ბატონ პავლეს ჰქონდა საოცარი უნარი, ადამიანები მის მიმართ პატივისცემითა და თანაგრძნობით განეწყო.

 

ერთ დღეს გაისმა მთავრობის ტელეფონის ზარის ხმა – ეს გახლდათ ბეჭდვითი სიტყვის და პოლიგრაფიის მთავარი სამმართველოს უფროსი, ბატონი ბორის ნანიტაშვილი, რომელმაც საიდუმლოდ მამცნო არასასიამოვნო ამბავი: ზემდგომი ორგანოების მითითებით, პავლე ინგოროყვას თხზულებათა მეორე ტომის ბეჭდვა შეჩერებულია და არსებული ტირაჟი დაიჭრებაო. ეს იყო პავლე ინგოროყვას ცნობილი ნაშრომი „გიორგი მერჩულე“ – კერძოდ, მისი მეოთხე თავი „დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო (აფხაზეთის სამეფო) და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულეს ძეგლში“.

 

ბატონმა ბორის ნანიტაშვილმა იცოდა, რომ პავლე ინგოროყვა კულტურის სამინისტროს ბინადარი და ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ამიტომ მაცნობა ყოველივე საიდუმლოდ და ყურმილი დამიკიდა.

 

ასეთი ბარბაროსული გადაწყვეტილება საქართველოს ცეკამ მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის პარტიული ორგანოების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც აშკარად უჭერდა მხარს მოსკოვი.

 

დიდად შევწუხდი… სასწრაფოდ ვიხმე ჩემი და პავლეს საერთო მეგობარი ანტონ წულუკიძე, რომელიც კულტურის სამინისტროს მთავარი რედაქტორი გახლდათ. ხმაზე შემატყო აღელვება და მკითხა, რა მოხდაო? ვთხოვე, არაფერი ეკითხა. მდივანი გავაფრთხილე, ანტონის გარდა, არავინ შემოუშვა–მეთქი. ანტონი მიხვდა, კარგი ამბის მახარობელი რომ არ ვიყავი. და როდესაც ვაცნობე ამბის შინაარსი, დაბნეული დიდხანს დუმდა.

 

ორივენი შეშფოთებულნი ვიყავით – ვწუხდით, როგორ უნდა გვეთქვა ბატონი პავლესთვის ეს ამბავი. ძნელი წარმოსადგენი იყო, რა რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა მოხუცებულს. ბოლოს მოვილაპარაკეთ: დღის ბოლოს ქალაქგარეთ, რომელიმე დუქანში გავსულიყავით და იქ სიტუაცია გვიკარნახებდა, როგორ მოვქცეულიყავით. დღის ბოლოს ბატონ პავლეს შევთავაზე ჩვენი წინადადება (ქალაქგარეთ გასვლის თაობაზე), სიამოვნებით დაგვთანხმდა. ბატონი პავლე თავს კარგად გრძნობდა და ჩვენც ნაცნობი დიღმის დუქნისაკენ გავწიეთ. ანტონი და მე დაძაბულები ვიყავით. ლაპარაკს თავი ვერ მოვაბით და დაბნეულებმა „გიორგი მერჩულეს“ შესახებ დავიწყეთ საუბარი. ჩვენს კითხვებს ბატონი პავლე სიამოვნებით პასუხობდა. ისე გავერთეთ საუბარში, რომ კინაღამ დაგვავიწყდა თავშეყრის მიზეზი, ამასობაში შევზარხოშდით კიდეც. მახსოვს, საუბრისას ბატონი პავლეს კატეგორიული განცხადება: მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აფსუების ეთნოსი, რომელიც თავის თავს აფხაზებს უწოდებს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთიან აფხაზეთში მე–17 საუკუნის მეორე ნახევარში არიან გადმოსულები ჩრდილოეთ კავკასიიდან, მათ – აფსუებს, უფლება აქვთ იყვნენ საქართველოს მოქალაქენი, როგორც მკვიდრ აფხაზებს – ქართველებს. ჩვენ გატაცებით და რწმენით ვუსმენდით ბატონ პავლე ინგოროყვას, როგორც მეცნიერს, მოქალაქეს და აბსოლუტურად ვიზიარებდით მის პოზიციას.

 

პავლე ინგოროყვას მეცნიერული ნააზრევი ხელს არ აძლევდა მოსკოვს, რომელიც ასი წლის მანძილზე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ აფსუებისათვის დაემკვიდრებინა აფხაზეთის ადმინისტრაციული და სოციალური სფერო – ცხოვრების წესი, რითაც ასიმილაციის ღრმა პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდოდა.

 

1992 წლის კონფლიქტი, რომელიც ინსცენირებული იყო მოსკოვის მიერ, ბრიყვი ქართველების ხელშეწყობით ტრაგიკული აღმოჩნდა საქართველოსთვის.

 

შეხვედრა დასასრულს უახლოვდება, გადავწყვიტე, შეუმჩნევლად გავსულიყავი და სუფრის ანგარიში გამესწორებინა, მაგრამ ბატონმა პავლემ არ უღალატა თავის ტრადიციას და ჩვენგან მალულად სუფრის ანგარიში გადაიხადა. ფაქტის წინაშე დაგვაყენა, სიამოვნებით ასწია ჭიქა და აღნიშნა, რომ ამ სუფრას იგი სიამოვნებით უძღვნის გაავებულ აფსუა პოლიტიკოსებს, რომელთაც გული და გონება აემღვრათ იმ სიმართლით, რომელიც ჩადებულია „გიორგი მერჩულეში“ (გაირკვა, რომ ბატონ პავლესთვის დილით დაურეკავთ სტამბის მუშებს და შეუტყობინებიათ ყოველივე). ბატონმა პავლემ გააგრძელა თავისი სიტყვა – „ჩვენს ქვეყანას – საქართველოს განათლებული, ეროვნული თვალთახედვით მოაზროვნე ხელმძღვანელობა რომ ჰყავდეს, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ღრმა შეფასება სჭირდება და ამას არსებითი მნიშვნელობა ექნება საქართველოს უახლოესი მომავლისათვის (ისე ყველაფერი აგიხდეთ კარგად, როგორც პავლე ინგოროყვას წინასწარმეტყველება ახდა), დღეს სანატრელია ისეთი სახელმწიფო მოღვაწე, როგორიც იყო ლავრენტი ბერია!“

 

ბერიას ხსენებაზე მე და ანტონმა დაზაფრულებმა თვალები დავჭყიტეთ და ყურები დავცქვიტეთ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ბატონ პავლეს, – დიახ, ყმაწვილებო, მართალია, ლავრენტი ბერიამ თავისი კარიერა ქართველი ხალხის სისხლსა და ძვლებზე ააგო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იგი თავისი ნიჭით და მოწოდებით სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ. იგი დიქტატურის ერთგული მსახური იყო და დასანანია, რომ პოლიტიკური ბრძოლა წააგო, თორემ ღრმად ვარ დარწმუნებული, თავისი ქვეყნის მომავალს ღირსეულ სამსახურს გაუწევდა. და ის, რაც დღეს ხდება და უახლოეს მომავალში გველოდება, საქართველოში შეიძლება ფატალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ… – ენაჩავარდნილები ვუსმენდით ბატონ პავლე ინგოროყვას და ვცდილობდით მისი ნათქვამის ჭეშმარიტებას ჩავწვდომოდით, – დიახ, ყმაწვილებო, დავით აღმაშენებელს ერთ ხელში სახარება ეჭირა, მეორე ხელში ულმობელი ორლესული მახვილი. სხვაგვარად პაწია საქართველოს გადარჩენა და დამკვიდრება კავკასიის სივრცეში წარმოუდგენელი იყო, – დაასრულა ბატონმა პავლემ სადღეგრძელო.

 

დღესაც აუხსნელია ჩემთვის, პავლე ინგოროყვას სუსტ სხეულში, საიდან იყო ამხელა ძლიერება სულისა და ნათელხილვის ნიჭი, რომელიც შარავანდედივით ადგა მის პიროვნებას“.

 

 

big_banner
არქივი