logo_geo
„ხანგრძლივად იავადმყოფა, ამას დაერთო ის, რომ მეუღლეც ავად გაუხდა, ჩაწოლილია...“ - როგორ იხსენებენ მამუკა ლორიას და მსახიობის ცნობილ ოჯახს მეგობრები
- +

2 თებერვალი. 2021. 02:36

 

27 იანვარს კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსთაველის თეატრმა გაავრცელა, ვინაიდან ის ამ თეატრის მსახიობი იყო.

 

მამუკა ლორია ცნობილი კინომსახიობის, აბესალომ ლორიას ვაჟი გახლდათ, რომელმაც მამის გზა წარმატებულად გააგრძელა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი გახდა, სადაც არაერთი საუკეთესო როლი შექმნა და საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ იმ პერიოდში გახდა. თუმცა 1985 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შეუერთდა და ბოლო წუთამდე ამ თეატრის მსახიობი იყო.

 

გარდა იმისა, რომ სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს განსახიერებული, გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებშიც. მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო - „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

 

იმის გამო, რომ მსახიობის წარმატებული კარიერა მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დაიწყო, დღეს სწორედ ამ თეატრის წარმომადგენლებს ვესაუბრებით.

 

დიმიტრი ღვთისიაშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელი:

 

„მამუკა ლორიას გარდაცვალება სამწუხარო ამბავია. მისთვისაც პირადადაც მითქვამს, რომ ალბათ მის ცხოვრებაში შემოქმედებითად, საუკეთესო ის წლები იყო, როცა მოზარდმაყურებელთა თეატრში ერთმანეთის მიყოლებით ბევრი საინტერესო სახე შექმნა ბატონი შალვა გაწერელიას და ქეთევან ხარშილაძის სპექტაკლებში. სწორედ მაშინ, იმ სპექტაკლებიდან საოცრად პოპულარული გახდა...

 

იყო ასეთი ცნობილი დადგმა „შეაჩერეთ მალახოვი“, რომელიც ქეთევან ხარშილაძემ დადგა, მამუკა მალახოვს თამაშობდა. იმდენად პოპულარული წარმოდგენა გახდა, რომ საღამოს 8 საათზე სპეციალურად მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის ინიშნებოდა, სადაც შემდეგ მისი განხილვა მიდიოდა. მამუკა სკოლის მოსწავლეს თამაშობდა, ჟურნალისტის როლში ოთარ ბაღათურია იყო, ფსიქოლოგის - რეზო თავართქილაძე. სპექტაკლში რეჟისორი საინტერესო ჭრილით გვაჩვენებდა გარდატეხის პერიოდში მყოფი ახალგაზრა კაცის პრობლემებს. მამუკა იქ შეუდარებელი იყო. სპექტაკლის შემდეგ ხვდებოდნენ, ავტოგრაფს სთხოვდნენ, მადლობას უხდიდნენ... ნამდვილი გმირი იყო.

 

 

 

ასევე მინდა გავიხსენო შალვა გაწერელიას ერთ-ერთ საუკეთესო სპეტაკლი „ირინეს ბედნიერება“. იქ მამუკა ვიქტორს თამაშობდა. ამ სპექტაკლით როგორც საქართველო, ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცე დიდი წარმატებით მოიარა... ასევე მახსენდება სპექტაკლი „დინოზავრებს გაუმარჯოს“, სადაც მამუკა ბელა ჯაფარიძესთან ერთად თამაშობდა და მგონი, მოზარდმაყურებელთა თეატრში ეს მისი ბოლო წარმოდგენა იყო. შემდეგ რუსთაველის თეატრში გადავიდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ იქ არაერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი შექმნა, ისეთი საოცარი აღმაფრენა, რაც ადრეული წლების „მოზარდში“ ჰქონდა, სამწუხაროდ, შემდეგ შემოქმედებით ცხოვრებაში არ ჰქონია. ის წარმატებული პერიოდი მის ცხოვრებაში რომ არსებობდა, კიდევ მეტად ამტკიცებს იმას, რომ მამუკას სახით ძალიან მნიშვნელოვანი არტისტული ძალა გამოაკლდა როგორც ქართულ თეატრს, ასევე ქართულ კინემატოგრაფს.

 

ის ასევე არაერთ ფილმშია გადაღებული და ძალიან სახიერი იყო მისი ეპიზოდები კინოშემოქმედებაში. დასანანია მამუკას გარდაცვალება.

 

მამუკა და მისი და, რუსიკო იყვნენ შესანიშნავი მამის, აბესალომ ლორიას პროფესიის გამგრძელებლები. რუსუდანიც მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო, რომელიც შემდეგ ახმეტელის თეატრში გადავიდა. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ამ ქვეყნიდან ორივე წავიდა. ეს ორმაგად საწყენია, რომ ასე დასრულდა ლორიების სამსახიობო ოჯახის ძალიან მნიშვნელოვანი დანატოვარი ქართული კულტურისთვის“.

 

 

 

ნათელა პაატაშვილი-გიორგაძე, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი:

 

„მამუკას წასვლამ გული უზომოდ დამწყვიტა. ის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა... მისი დაც ჩვენი თეატრის მსახიობი იყო, მამუკაზე უმცროსი. 5-6 წლის წინ ჯერ მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ გული მატკინა. არაჩვეულებრივი ადამიანი და მსახიობი იყო ორივე, სამაგალითოები იყვნენ.

 

მამუკა გარდა იმისა, რომ ჩემი სასცენო პარტნიორი იყო, მეგობარიც გახლდათ, „ბიჭუნა და კარლსონში“ ბიჭუნას ვთამაშობდი, ის ჩემი ძმა იყო. ხელში ამიტაცებდა და მატრიალებდა... 5-6 სპექტაკლში ერთად გვაქვს ნათამაშები... „ბურატინოში“ მე ბურატინო ვიყავი, მამუკა - არტემონიორი, „ბატონის მსახურში“ (რეჟისორი გოგო თოდაძე), „ნაცარქექიაში“ ნაცარქექიას თამაშობდა, მე - იბრუხტი. ბევრ სპექტაკლებში იყო, მაგრამ ქეთინო ხარშილაძის არტისტად ითვლებოდა „შეაჩერეთ მალახოვი“ მამუკას საეტაპო სპექტაკლი იყო, რომელიც ასევე ქეთევან ხარშილაძემ დადგა. მეც ვთამაშობდი იქ თანაკლასელს.

 

მამუკას ბევრი მთავარი როლი ჰქონდა იმიტომ, რომ ყველა რეჟისორს უნდოდა მისი სპექტაკლში დაკავება. იუმორით სავსე, უპატიოსნესი, უფაქიზესი და უნიჭიერესი ადამიანი იყო. ის არა მარტო ჩემი, ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო, რადგანაც ჩემი მეუღლეც მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი გახლდათ. ოჯახში ხშირად გვსტუმრობდა. ერთად დავდიოდით სპექტაკლების სანახავად. სანამ თავის ოჯახს შექმნიდა, ჩვენი შვილის გასეირნება უყვარდა ხოლმე... მისი მამა აბესალომ ლორიაც, არაჩვეულებრივი მსახიობი და ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. მათთან სტუმრობაც კარგად მახსოვს...

 

რა გითხრათ, გული ძალიან მწყდება“...

 

 

 

ქეთი ბურჯანაძე, მამუკა ლორიას მეგობარი:

 

- პირველი კლასიდან ერთად ვიყავით, 51-ე სკოლა დავამთავრეთ, იქვე ვცხოვრობდით და ჩვენი ოჯახებიც მეგობრობდნენ. ძალიან კარგი მეგობარი იყო, ბევრი ანეკდოტი იცოდა, სულ ჩვენს კარგ განწყობაზე ზრუნავდა, ბევრს გვაცინებდა, ვცეკვავდით, ვმღეროდით, ვმხიარულობდით... როდესაც მეგობრები მას ვსტუმრობდით, ის პერიოდი კარგ მოგონებად მაქვს. ასე რომ, მასთან ოჯახში მისვლა ყოველთვის სასიამოვნო იყო, ბატონ აბესალომთანაც სულ მსახიობები იკრიბებოდნენ... აბესალომ ბიძია ყოველთვის თბილად გვმასპინძლობდა, უხაროდა ჩვენი მისვლა. მამუკას ასე უდროოდ წასვლამ გული ძალიან დამწყვიტა.

 

- ავადმყოფობდა?

 

- კი, მას ღვიძლის სიმსივნე ჰქოდა და ეს არის მისი გარდაცვალების მიზეზიც. ხანგრძლივად იავადმყოფა, ამას დაერთო ის, რომ მეუღლეც ავად გაუხდა ისე, რომ ჩაწოლილია...

 

მამუკას ჰყავს ქალიშვილი და ვაჟი, ქალიშვილი გათხოვილია. ბიჭი არ არის დაქორწინებული. შვილები სამსახიობო გზას არ გაჰყოლიან.

 

- ბოლო წლებში გულდაწყვეტილი ხომ არ იყო, თეატრში მთავარი როლები რომ არ ჰქონდა?

 

- ეგ არ ვიცი... ფაქტია, რომ უნიჭიერესი მსახიობი იყო, მოზარდმაყურებელთა თეატრში საოცარი როლები შექმნა, რუსთაველში - ნაკლებად ჰქონდა მთავარი როლები... საერთოდ, წინააღმდეგი ვიყავი, რომ „მოზარდიდან“ იქ გადავიდა. „მოზარდში“ ძალიან კარგ როლებს აძლევდნენ. მისი შესანიშნავი ნამუშევრები ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში მაქვს ნანახი, სულ დავდიოდი მის სპექტაკლებზე. ვფიქრობ, „მოზარდში“ რომ დარჩენილიყო, მეტ კარგ სახეს შექმნიდა. მაგრამ ეს ყველაფერი მისი არჩევანი იყო.

 

- ბავშვობაში ოცნებობდა მსახიობობაზე?

 

- არ მახსოვს, მაგრამ ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, როცა ვიღაცას აჯავრებდა, ზუსტ პაროდიას გააკეთებდა. ერთხელაც გვითხრა, რომ „სამსახიობოზე“ უნდა ჩავაბაროო და ჩააბარა...

 

ჩვენს კლასს ძალიან ახლო მეგობარი და კარგი ადამიანი გამოაკლდა. ძალიან ვწუხვარ.

 

https://www.ambebi.ge/article/254726-xangrzlivad-iavadmqopa-amas-daerto-is-rom-meugl/

 

 

big_banner
არქივი