logo_geo
1937 წლის 31 დეკემბერი – დღე, როდესაც აჭარაში 27 ადამიანი დახვრიტეს
- +

10 თებერვალი. 2021. 15:41

 

 

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააწყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.

 

1937-1938 წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოები ახალი წლის დღეებშიც აქტიურად მუშაობდნენ და მხოლოდ აჭარაში, 27 პატიმარი დასაჯეს სიკვდილით…

 

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა, სერგო გოგლიძემ, 1937 წლის 30 დეკემბრის წერილით, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს, ჯინჯოლიას დაავალა, აღესრულებინათ შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება – სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა – 27 გასამართლებულის მიმართ.

 

წერილის რეზოლუციისა და აღსრულების აქტების თანახმად, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს მეორე დღეს – 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის ღამით.

 

გასამართლებულებს შორის ყველაზე ასაკოვანი იყო სტეპანოვი სერგო სერგოს ძე, 66 წლის, დაბადებული 1871 წელს ლენინგრადში.

 

ყველაზე ახალგაზრდა – დურსუნ მამედის ძე მჟავანაძე, 26 წლის, დაბადებული 1911 წელს ქობულეთის რაიონში.

 

სიკვდილმისჯილებს შორის იყო ერთი ქალი – ოლგა კარლის ასული შტამი, 58 წლის, დაბადებული 1879 წელს სარატოვის ოლქის ქ. კრასნოარმეისკში.

 

27-დან 25 ადამიანი გასამართლებული იყო ე.წ. „სტალინური სიით“. უმეტესობა მათგანი მუშაობდა სახელმწიფო ორგანიზაციებში: ჩაის ფაბრიკის დირექტორად, სავაჭრო გაერთიანების გამგედ, პედაგოგიური სასწავლების დირექტორად, თუმცა სიაში მოხვდა სამხედრო ექიმიც და პორტის მტვირთავიც.

 

გასამართლებულების ძირითადი ბრალეულობა შემდეგი იყო: კონტრრევოლუციონრობა, ტერორიზმი, ძირგამომთხრელი საქმიანობა. ეროვნებით არაქართველებს კი ბრალდებოდათ ჯაშუშური საქმიანობა საზღვარგარეთული სახელმწიფოების სასარგებლოდ. 4 მათგანს ბრალად ედებოდა ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში მონაწილეობა.

 

ოლგა შტამის საბრალდებო, შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის ოქმში ვკითხულობთ:

 

„ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი/ გერმანელი პასტორის ცოლი.

სამუშაო ადგილი: დიასახლისი/ გერმანული ენის პედაგოგი.“

 

გერმანელი მზვერავების დავალებით ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას. მისი ყველა და-ძმა, აგრეთვე ვაჟიშვილი დაკავებული არიან კონტრრევოლუციური ფაშისტური საქმიანობისთვის (შვილი გასამართლებულია პირველი კატეგორიით). გერმანიიდან მარკების სახით მიიღო ფულადი დახმარება. ჯაშუშურ საქმიანობაში თავი დამნაშავედ არ ცნო. დანაშაული დასტურდება შვილის, ვერნერ შტამის და მოწმის, მიხაილ აპოსტოლის ჩვენებებით.

 

2019 წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, მასობრივი დახვრეტის ადგილი აღმოჩენის შესახებ, სადაც დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი. შესაძლოა მათ შორის იყოს ახალი წლის ღამით დახვრეტილი 27 ადამიანიც…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი