logo_geo
ვაი, თქვენს პატრონს უბედურს - სახელად მიშიკოს!
- +

4 ივლისი. 2017. 02:35



სააკაშვილივით გაჭირვებულმა ნაცებმა, მეტი რომ ვერავინ მოძებნეს, თბილისის მერობის კანდიდატად სხვისი დაწერილი ტექსტების გამოთქმით მკითხავი ზალიკო უდუმაშვილი შეარჩიეს, რომელმაც მეტეხის ტაძართან გამართულ პომპეზურ ნაც-პრეზენტაციაზე, თმები აიჩეჩა და საქვეყნოდ დასჭყივლა - ძალიან გაბრაზებული ვარ და თბილისში ოლიგარქის მმართველობა უნდა დავამთავროო!

 

დაჭყივლება იქით იყოს და უდუმაშვილს თვით ელისტრახო კილაძემ დაუჭირა მხარი:


„გადამწყვეტი ბრძოლა თბილისისათვის.
ჩემი ხმა ზალიკოს!"

 

დიახ, ეს შეძახილიც სააკაშვილის ცნობილი წინასაარჩევნო „ნაშრომის" - „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის" - მოტივებითაა ნასაზრდოვები! თანაც ელისტრახოს ხომ იმხელა პატივისცემა, ავტორიტეტი და ნდობა აქვს სრულიად საქართველოში და, კერძოდ, თბილისში, რომ ზალიკოს პრაქტიკულად, ცალი ფეხი უკვე თბილისის მერის კაბინეტში აქვს!


ანდა, აგერ, ბატონო, ელისტრახოზე არანაკლებ მგზნებარე ნაცის - მეგი გოცირიძის მხარდაჭერა რად ღირს! თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ერთი თქვა, უდუმაშვილს გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვსო და მეგი გოცირიძემაც ძაღლის ენა გამოიბა:


„ძალიან უვარგისი მეგობარი, უვარგისი ქმარი და ციხეში გაფუჭებული პოლიტიკოსი ხარ! ბიძინამ დაგიჭირა, ბიძინამ გამოგაგდო ციხიდან და ეგრევე მიშას ლანძღვა დაიწყე, ეხლა ხელისუფლების მაფიოზ კანდიდატს კი არ ახსენებ, ზალიკოს ებრძვი, შე არაკაცო?!"

 

ელისტრახო და გოცირიძე კიდევ არაფერი, როგორც ცნობილი გახდა, ზალიკო უდუმაშვილს გასამერებლად თვით მაია ორჯონიკიძეც დაშვრება, რაც გარდაუვალი გამარჯვების აუცილებელი პირობაა!


დიახ, ელისტრახო კილაძე, მეგი გოცირიძე და მაია ორჯონიკიძე რომ დაგიჭერენ მხარს, აბა, ამის შემდეგ ვინღა გადაგიდგება წინ, რომ თბილისის მერიაში ტრიუმფით შეძუნძულდე!


ვაი, თქვენს პატრონს უბედურს - სახელად მიშიკოს!

 

 

გიორგი გიგაური


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი