logo_geo
ხათუნა მამარდაშვილი - ჭეშმარიტად ლამაზი ქალი...
- +

20 მარტი. 2017. 22:18


 

ადამიანები უფროსობის დროს იცნობიან, მაშინ, როდესაც მათ ხელში გარკვეული ძალაუფლება იყრის თავს. როგორ ჩანს, ასეა - თუკი ვიღაცას „ძალაუფლება რყვნის", ვიღაცას, პირიქით - აკეთილშობილებს. ჟურნალისტ ხათუნა მამარდაშვილთან მიმართებაში, მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც პიროვნების ყველაზე დიდი ნიჭი ადამიანების სიყვარულია, სხვანაირად, ალბათ, ვერც იქნება...

 

„სიკეთის კეთება დაავიწყდათ ადამიანებს. არადა, ყველაზე მეტად მაშინ ხარ კარგად, როცა სხვას აბედნიერებ",- გვეუბნება  ჟურნალისტი და პარალელურად უამრავ სიკეთეს აკეთებდა და აკეთებს, აბსოლუტურად უანგაროდ - გვერდზე უდგას ყველას, ვისაც მისი გევრდში დგომა სჭირდება. საკუთარი შვილივით ზრდის მომავალ ჟურნალისტებს „ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიაში" და შემდეგ, დაფრთიანებულებს ცენტრალურ ტელევიზიებს „ჩუქნის".


ადამიანები უყვარს, ღიმილი უყვარს... ოცნებები არ აქვს. გვეუბნება, რომ ზუსტად იქ არის, სადაც უნდა, რომ იყოს. თვლის, რომ გაუმართლა და ბედნიერი ადამიანია...


თუკი ლამაზ ქალად - ფიზიკურ სილამაზესთან ერთად - კეთილშობილი, რეალიზებული, თავდაჯერებული და საკუთარი თავის და სიტყვის ფასის მქონე  ქალი ითვლება, მაშინ, თამამად უნდა ითქვას, რომ ასეთია ჩვენი რესპონდენტიც - ხათუნა მამარდაშვილი:

 

ოჯახი

 

ჩემი მშობლები მრავალი წელი ცხოვრობდნენ რუსეთში. მეც რუსეთში დავიბადე. ჩემი დაბადების შემდეგ ძალიან მალე დაბრუნდნენ საქართველოში. დღემდე ვცხოვრებთ აქ, საქართველოში - მე, ჩემი მშობლები და ჩემი შვილი ნიკოლოზი. ჩემი და, წლების შემდეგ ისევ დაბრუნდა რუსეთში, პროფესიით ექიმია და უკვე 10 წელზე მეტია იქ ცხოვრობს. ვცხოვრობ რუსთავში, ქალაქში, რომელსაც რამდენიმე ათეული წელი ემსახურა მამაჩემი და ახლა მე ვემსახურები. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ქალაქს უკავშირდება.

მალე 3 და 3-ის გავხდები და ცოტა მაშინებს ასაკი, თუმცა, არც დიდად და არც პატარად არ ვგრძნობ თავს. ზუსტად  33-ია ჩემი ასაკი. 10 წლის შვილი მყავს, ნიკოლოზი მეხუთე კლასშია. ჩემი მშობლები - ბებია და ბაბუა არიან, რომელთაც ახლა ნიკოლოზზე მეტად საყვარელი და საზრუნავი არავინ ჰყავთ. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი და რუსუდანია, რომელიც მუდმივად მენატრება, ჩემი მეუღლე - შსს-ს თანამშრომელია.


ბავშვობა

 

ყველაზე მეტად ბავშვობის დღეები, უდარდელი დღეები მენატრება... უმცროსი შვილის ცხოვრებით ვცხოვრობდი, 11 წელია ასაკობრივი სხვაობა ჩემს და ჩემს დას შორის. გაორმაგებული სიყვარულით ვუყვარდი ყველას. ბებიას და ბაბუას საყვარელი გოგო ვიყავი. საბავშვო ბაღში დიდხანს არ მტოვებდა ბებია, მხოლოდ რამდენიმე საათით, სანამ სამსახურში იყო. ბევრი არაფერი მახსენდება, მაგრამ ძალიან ბევრთან, ვისთან ერთადაც იქ ვიყავი, დღემდე ვმეგობრობ. მახსოვს მასწავლებლები, ძიძა. დღესაც ხშირად ვხვდები ქალაქში მათ. ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, ძალიან ცნობისმოყვარე. ყველა ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას. მახსოვს ჩემი თავი მოცეკვავის როლში.

 

სკოლა

 

დაწყებითი კლასები განსაკუთრებულად მახსენდება, საოცრად კარგი მასწავლებელი მყავდა. მხოლოდ კარგი მახსოვს მისგან. ყველაზე ბედნიერი წლები იყო ალბათ... ალბათ, სკოლაა ის ადგილი, სადაც პირველად გიწევს, გადალახო სირთულეები. არ ვიყავი ცუდი მოსწავლე. შატალოზე ყოველთვის დავდიოდი და არასოდეს დავრჩენილვარ კლასში, მაგრამ მშობლებს არ იბარებდენენ სკოლაში... არ მახსენდება. გამორჩეული კლასი გვქონდა. ნიჭიერი და გამორჩეულად ჭკვიანი მოსწავლეებით. დღეს მათი უმეტესობა  წარმატებული ადამიანია. საკუთარი საქმის პროფესიონალი.


პროფესია

 

ჩემი მშობლები არ ჩარეულან ჩემს გადაწყვეტილებაში. მინდოდა ჟურნალისტობა და გაიზიარეს ჩემი აზრი. ხელი შემიწყვეს, როგორც შეეძლოთ და დღემდე ასეა. რომ არა მათი თანადგომა, დღეს არ მექნებოდა საშუალება,  მეთქვა, რომ ჟურნალისტი ვარ, თუმცა, არ მომეცა საშუალება, დამემთავრებინა ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მინდოდა. ჩემი ოცნება იყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დამთავრება, მაგრამ არც მიცდია გამოცდებზე გასვლა. ძალიან ცუდ პერიოდს დაემთხვა ჩემი აბიტურიენტობა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ეს იყო ჩემთვის. თუმცა, ვთვლი რომ არ მივიღე ცუდი განათლება. იყო ასეთი სასწავლებელი „მცირე აკადემია". წარჩინებით დავამთავრე სრული კურსი და მაგისტრატურა.


ზუსტად ის პროფესია მაქვს, რომელიც უნდა მქონდეს. არ ვიქნებოდი სხვა პროფესიის წარმომადგენელი. არასოდეს მინანია ამ გადაწყვეტილების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიფიქრია, წავსულიყავი, ვერ გავბედე. 15 წელი დაიწყო, რაც ჩემი ცხოვრება ტელევიზიას დავუკავშირე. ყველა დღე გამორჩეული იყო. ვამაყობ ჩემი საქმით. სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ, ძალიან დიდი შრომის შედეგად მივაღწიე. საქმე უნდა აკეთო მთელი გულით, გონებით, რომ მიიღო შედეგი. მე ეს გამომივიდა და ვამაყობ ამით. 


რაც შეეხება ჟურნალისტურ ინტრიგებს, სამწუხაროდ, ხშირად ყოფილა მსგავსი მცდელობა, აღმოვჩენილვარ მსგავ სიტუაციაში, თუმცა ყოველთვის მქონდა ძალა, მებრძოლა. ასეთ ადამიანებს არასოდეს ვაძლევ უფლებას, იყვნენ ჩემს გვერდით. ალბათ, 10 წლის წინ რომ გეკითხათ ჩემთვის, მიზანი საშუალებას ამართლებს თუ არა, დაუფიქრებლად გიპასუხებდით, რომ ამართლებს. მაგრამ დღეს უკვე აღარ ვარ დარწმუნებული. ალბათ, იმისთვის, რომ გაგიმართლოს, საუკეთესო საშუალება კი არ უნდა ეძებო, გონებით უნდა იმოქმედო. 


მისაბაძი ჟურნალისტი

 

არასოდეს მიცდია, ვინმეს მსგავსი ვყოფილიყავი, მაგრამ ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში ბევრი ჟურნალისტია ისეთი,  რომლის ჟურნალისტური ნამუშევრის ნახვა ან წაკითხვა სიამოვნებას განიჭებს. გამიჭირდება დასახელება.


კარიერა, თქვენი პირველი სამსახური, ხელფასი... 

 

ჩემი კარიერა რეგიონულ არხზე ,,ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიაში" დაიწყო 2003 წელს. ვიყავი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი... ასე მოვდივართ ერთად. პირველი ხელფასი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რა ვიყიდე, არ მახსოვს.


ჯერ მომწონს, რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, ჩემს მუშაობას ჯერ მოაქვს შედეგი, სიახლეებისთვის არ ვარ მზად. ჩემი შვილის მომავალ გადაწყვეტილებებზე ბევრია დამოკიდებული.  მორიგ ეტაპებზე მასთან ერთად ვიფიქრებ. ჯერ ადრეა ძალიან. 10 წლისაა.


სიყვარული

 

ყველაზე დიდი ნიჭია ჩემთვის სიყვარული. სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, ნდობა - სიყვარულში ერთიანდება ჩემთვის და თითოეულის გაქრობა სიყვარულსაც აქრობს. ამიტომ მარადიულობის არ მჯერა. სიყვარულს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება, ზომიერების დაცვა. არ ვიცი, ნამდვილი სიყვარული რამდენჯერ მოდის! თუ ისეთია სიყვარული,  მე  რომ მჯერა, მაშინ ნამდვილად ერთხელ მოვა. არ ვიცი.


შემოქმედება

 

ვმღერი ძალიან იშვიათად, ვცეკვავ საკმაოდ კარგად. მუსიკა ვერ განსაზღვრავს ჩემს განწყობას, მაგრამ სიამოვნებას მანიჭებს გემოვნებიანი მუსიკა. ხატვის ნიჭი არც მქონია არასდროს. წერით, ვწერ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის.


როგორი ქალია - ლამაზი ქალი?

 

სილამაზე ძალიან ფართო ცნებაა ჩემთვის და მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეს  არ ნიშნავს. სილამაზეა ქალისთვის ის, თუ დარწმუნებულია საკუთარ თავში, რეალიზებულია. იცის საკუთარი თავის და საკუთარი სიტყვის ფასი. ასეთია ჩემთვის ლამაზი ქალი.


ოჯახი და კარიერა

 

სრულიად შესაძლებელია, იყო პროფესიონალი, გქონდეს საყვარელი საქმე და გქონდეს წარმატებული პირადი ცხოვრება. მსხვერპლის გაღება სულაც არ არის საჭირო ამისთვის. უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ არ დათმო არც ერთი, იმუშაო საკუთარ თავთან ძალიან ბევრი. 


პოლიტიკა

 

არასოდეს არ ვიქნები პოლიტიკოსი. შეფასებების გაკეთებაც არ მიმაჩნია საკუთარ კომპეტენციად.


შექება და კრიტიკა

 

ყოველთვის ვცდილობ, არ დავიმსახუროი კრიტიკა. ყველა საქმეს ვაკეთებ თავდაუზოგავად, ხშირად დამითმია ბევრი ამის გამო. არასოდეს მიჭირს, ვიკითხო ის, რაც არ ვიცი და ვითხოვო დახმარება, ვაღიარო საკუთარი შეცდომები და გამოვასწორო. როცა ყოფილა ასეთი შემთხვევა და გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი, მსჯელობისთვის ყოველთვის მზად ვარ და თუ შემიძლია, რომ საკუთარი სიმართლე დამამტკიცო, არასოდეს დავიხევ უკან. კრიტიკა მაძლიერებს, არ შეიძლება ყოველთვის იდეალური იყო. მხოლოდ უსაფუძვლო კრიტიკას არ გავიზიარებ არასდროს. შექება სტიმულია ჩემთვის. განსაკუთრებით, თუ დედაჩემი შემაქებს. დედაჩემის შექებას აქვს ყველაზე დიდი ძალა ჩემთვის.

 

რა აკლიათ დღეს ადამიანებს?

 

სიკეთის კეთება დაავიწყდათ ადამიანებს. არადა, ყველაზე მეტად მაშინ ხარ კარგად, როცა სხვას აბედნიერებ.


ვინ არის ხათუნა მამარდაშვილი დღეს?

 

ყველაზე რთულია, ამ კითხვას გასცე პასუხი... იმდენ რამეზე დავფიქრდი...


ხათუნა მამარდაშვილი?! - პირველ რიგში შვილია, დედაა და და. ცუდი ადამიანი არ არის, ადამიანები უყვარს, ღიმილი უყვარს. ყველაზე მეტად ის სწყინს, რომ იშვიათად, მაგრამ სტაბილურობის შეგრძნებას კარგავს. საკუთარი საქმე უყვარს ძალიან და ერთგულად ემსახურება.


როგორი დედაა, არ ვიცი - ნიკოლოზი რომ გაიზრდება, ეს მერე გამოჩნდება, მაგრამ ძალიან ცდილობს.  ცდილობს, ყურადღებიანი შვილი იყოს და მშობლებს სიყვარული არ მოაკლოს. მუდმივად აქვს იმის განცდა, რომ სულის ნაწილი აკლია, იმიტომ, რომ თავის დას ვერ ხედავს. ოცნებები არ აქვს. ზუსტად იქ არის, სადაც უნდა, რომ იყოს. თვლის, რომ გაუმართლა, ბედნიერი ადამიანია...


 

big_banner
არქივი