logo_geo
პრემიერი ლექსო ლაშქარავაზე: მისი გარდაცვალებით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა - სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი
- +

17 ივლისი. 2021. 12:17

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამორალურია, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებს.

 

„ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ - ჩვენს საზოგადოებაში ატეხილ ერთგვარ აჟიოტაჟს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ტუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, არის პოლიტიკური აქტი. ვუსამძიმრებ მედიის ყველა წარმომადგენელს კოლეგის გარდაცვალებას. რა თქმა უნდა, ეს, ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება. ამით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა - სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ვინც ახლა მის გარშემოა გაერთიანებული, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პოლიტიკას ატარებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს. ის 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

 

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

 

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც ატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

 

11 ივლისს, შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

 

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

 

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

 

big_banner
არქივი