„გამოწვევებთან ერთად, ეს იყო მნიშვნელოვანი შედეგების წელიც, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელთაც მივაღწიეთ დიალოგით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობითა და მხარდაჭერით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრმა აუდიტორიას წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები გააცნო.
„მაგალითისთვის: აფხაზეთის მიმართულებით, მოხერხდა ე.წ. გადასასვლელის ეტაპობრივი გახსნა და დღეს ენგურის ხიდზე აღდგენილია მიმოსვლა, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 1000-მდე ადამიანი სარგებლობს; აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად, დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები; ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით - ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი“, დაიწყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნეს-პროექტების დაფინანსება და უკვე მიმდინარეობს 11 პროექტი“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, აფხაზეთის რეგიონში დაიწყო ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-მდე ახალი პროექტი.
„გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა; პანდემიის პერიოდშიც არ შეწყვეტილა უფასო ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა, რომლითაც ოკუპირებული რეგიონების 1400-მდე მცხოვრებმა ისარგებლა. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით, იდენტიფიცირებული და ოჯახებისთვის გადაცემული იქნა 27 პირის ნეშტი. აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებისთვის, საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა 4 მილიონი ლარის ოდენობის დახმარება უზრუნველყო, მათ შორის პანდემიით გამოწვევების დასაძლევად“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
მინისტრის თქმით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მსგავსი დახმარების გაწევა დღემდე შეუძლებელია ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო რეჟიმის მიდგომის გამო.
„გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3,400-მდე ოჯახს, მათ შორის ობოლ ბავშვებსა და მარტოხელა მოხუცებს, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, 1300-ზე მეტ ოჯახს გაეწია სოციალური დახმარება. გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციტივით ახლახან მიღებული გადაწყვეტილება - დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.