logo_geo
„კაცის ღალატი ღალატი არაა“ - ობლობა და „ქურდობა“, ტრისტან სარალიძის უცნობი ისტორიები
- +

20 იანვარი. 2021. 20:05

 

 

 „ბიკენტიე“, და „გივილო“ ამ ორ პერსონაჟს ერთი ადამიანი, ტრისტან სარალიძე აერთიანებს.

 

ობლობაში, სოფლად გაზრდილი ბიჭი თეატრზე ოცნებობდა და პირველად „სცენაზე“ „კომბოსტოებს“ უწყობდა თეატრალურ წარმოდგენებს...

 

ბავშვობა

 

მთელი ბავშვობა, 17 წლამდე, ბორჯომის რაიონში, დაბა ახალდაბაში გავატარე. უმამოდ გავიზარდე. როდესაც მამა გარდაიცვალა, დედაჩემი ოცდაშვიდი წლის იყო, მე – ორწლინახევრის. გავიზარდეთ, როგორც და-ძმანი. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა.

 

პატარა რომ ვიყავი, სახლის გვერდზე დედაჩემს სიმინდი, ლობიო და კომბოსტო ჰქონდა დათესილი. ბოსტანის ბოლოს კი ორი ხე იყო, გავჭიმავდი ამ ხეებს შორის თოკს – იქიდან ისე კარგად ჩანდა კომბოსტოს თავები, პარტერი გეგონებოდათ და ვმართავდი წარმოდგენებს.

 

მეც ვერთობოდი და ეტყობა, კომბოსტოებსაც სიამოვნებდათ, რადგან კარგი მოსავალი მოდიოდა.

 

ინტერვიუ ტრისტან სარალიძესთან:

 

– რაიმე მოგიპარავთ?

 

– კი. ბევრი რამ მომიპარავს. რუკა მქონდა დახატული – სად რომელი ხილი მწიფდებოდა და რა დროს.

 

– პროფესიული ჩვევა რა გაქვთ?

 

– რა თქმა უნდა, უამრავი პროფესიული ჩვევა მაქვს, მერე ეჩვევი ამ ჩვევებს და გამოიმუშავებ, როგორც იმუნიტეტს.

 

როდესაც ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ გამოვიდა, დავიძინე, გავიღვიძე და ერთ დღეში გავხდი პოპულარული. ვიმალებოდი, იმიტომ რომ ყველასთან ვერ დალევდი, გავლოთდებოდი. ამის გამო ეს თვისებები და ჩვევები მიღებული გაქვს.

 

– რისთვის იბადება ადამიანი?

 

– ადამიანი სიკეთისთვის იბადება. ბალიშზე რომ დადებ თავს, არის მონაკვეთი დაძინებამდე, სადაც კინოფირივით გადის, რა გაგიკეთებია ამ ქვეყანაზე და თუ ისეთ საქციელს დაიჭერ, რომლისაც შეგრცხვება, რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა და გულს გტკენს, იქ ხდება ადამიანის გასუფთავება. მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვეძახი ამას. გადაავლებ ამ მოკლემეტრაჟიან ფილმს თვალს და რჩები ძალიან ბედნიერი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ხელი გაუწოდე.

 

– სიკვდილის შემდეგ არსებობის გჯერათ?

 

– რომ გითხრათ, მუხლგადატყავებული ქრისტიანი ვარ-მეთქი, რომელიც ოცდაოთხი საათი ლოცულობს, ასე არ არის. მწამს, მაგრამ არ მწამს ღრუბელზე მჯდარი ღმერთის. ღმერთი არის განგება, რომელსაც შენს თავში ვერ ხსნი. ეს არის შენთვის ღმერთი. სარწმუნოება კი ერთ რამეს ქადაგებს: აკეთე სიკეთე. თუ ბოროტებას არ ჩადიხარ, მაშინ სამოთხეში შესვლას ვინ აგიკრძალავს და თუ სიკეთე გარანტიაა სამოთხეში შესასვლელად, მაშინ ვაკეთოთ სიკეთე და ღიაა ის კარი.

 

– სიყვარულის გამო სიგიჟეები ჩაგიდენიათ?

 

– ერთი დეტალი გამახსენდა. მოსკოვში მატარებლით მივდიოდით გასტროლზე, მაშინ სამი დღე ვუნდებოდით გზას და ერთი გოგო გავიცანი. საუბარში ვიცინოდი, ამ სიყვარულს დავცინე – არ იყო ეს სიყვარული სერიოზული სალაპარაკო თემა.

 

მაგრამ ეს გოგო ისე მომეწონა და ისეთი სერიოზული გრძნობა გამიჩნდა, რომ როსტოვში ჩავდიოდი, ერთად უნდა გავქცეულიყავით. სად? არავინ იცის... უცხოეთშიც ჩამიდენია სიგიჟეები, საქართველოშიც.

 

ასეთი რაღაცაც მომხდარა ჩემს ცხოვრებაში: მეტროთი მოვდიოდი, იმ პერიოდში ძალიან პოპულარული ვიყავი – ერთმანეთზე მიეწყო ჩემი ფილმები. მიცნეს და საქეიფოდ რომელიღაცა სახლში წამიყვანეს. სამი დღე ვცხოვრობდი იმ სახლში, არავის ვიცნობდი, ვსვამდით, ვქეიფობდით... დღეს რომ მითხრან, რომელ სახლში იყავი და ვისთან იყავიო, არ ვიცი.

 

– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?

 

– რა თქმა უნდა. არგენტინაში მივფრინავდი და ღამის პირველ საათზე ჩავედი ზესტაფონში ჩემი საცოლის სანახავად. ჩავედი, ვნახე, მოვტრიალდი და წამოვედი.

 

– კაცის ღალატს ღალატად მიიჩნევთ?

 

– მე არ მიმაჩნია კაცის ღალატი ღალატად. ქალი ბუდეა სიცოცხლის და თუ სიცოცხლის ბუდეა, მასში ძალიან დიდი სიწმინდეები უნდა იყოს. მე ვამბობ მრუშობას, თორემ ფლირტს და მოკლე კაბას კი არ ვკრძალავ. არც მრუშობაა აკრძალული და ისინი კი არ მეზიზღებიან, მაგრამ როცა ოჯახი უნდა შედგეს, მაშინ სიწმინდეში უნდა იყოს.

 

– კაცი შეიძლება, ქალზე სუსტი იყოს?

 

– ჩვენ ცოტას ვაზვიადებთ მაგ თემას. დავუშვათ, მანქანას საბურავი აქვს დაშვებული, რატომ უნდა გამოცვალოს ქალმა? რაღაც საქმეები არის, რომელიც ქალმა არ უნდა აკეთოს. იმიტომ კი არა, რომ ვერ გამოცვლის საბურავს. შეძლებს ამას, მაგრამ მე რომ ვუყურებ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია.

 

– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?

 

– ვიქტორ ლუტიძე იყო ჩემი მეზობელი. ამ კაცმა მომცა ასეთი რჩევა:

 

თუ ვინმემ ცუდი რაღაც გაგიკეთა, ცუდით არ გადაუხადო, მეორე ლოყა კი არ შეუშვირო, მაგრამ ცუდი არ გაუკეთოო. ეს რჩევა სულ მახსოვს. არც კი ვჩხუბობ. თეატრში ხომ ისე ვერ გაძლებ, რომ რაღაც არ გეწყინოს, თუნდაც ზემდგომებისგან. როგორც კი არ გასცემ პასუხს, ისინი ხვდებიან, რომ არ ღირს.

 

– რაც საუკეთესო გაქვთ...

 

– ერთი რაღაც მინდა, გავიხსენო: როდესაც თეატრში მოვედი და ბრძანება დაიწერა, რომ რუსთველის თეატრის მსახიობი ხართ, გამოვიარე ფოიეში, სცენის წინ, სადაც მსახიობები შესასვლელად ემზადებიან. იქ გრძელი მაგიდა იდგა და ფარდა იყო ჩამოფარებული და რომ გადავწიე ფარდა, ამ მაგიდის თავში იჯდა ეროსი, გვერდზე – გოგი გეგეჭკორი, რამაზი, მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი.

 

უცებ ვიფიქრე, ეს სად მოვხვდი, შეიძლება, აქ ადამიანმა თავისი ნიშა დადოს, სამსახიობო კარიერა მაინც დაიწყოს-მეთქი?!

 

როგორ დაამთავრებ, ეს სხვა არის, იმდენად დიდი ადამიანები და მსახიობები იყვნენ ამ თეატრში. ამ გადასახედიდან, თეატრში ნახევარ ცხოვრებაზე მეტი მაქვს გატარებული.

 

ჩემმა ოჯახმა იცის, მე რომ პრემიერა მაქვს, ერთი კვირა სახლში აღარ მივდივარ, თეატრში ვათენებ და ვაღამებ.

 

მიუხედავად ამისა, მაინც ჩემი შვილები არიან ყველაზე ძვირფასი, იმათ რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ჩემი მისია შევასრულე.

 

მეგობრობა

 

ბავშვობაში დაბადების დღეებით განებივრებული არ ვყოფილვარ. სტუდენტობისას ზოგჯერ, ბიჭებს ბოთლ არაყსა და 20 ხინკალზე გვიქეიფია. მერე დრო გავიდა და ნელ-ნელა მეტის საშუალება მომეცა. 30 წლისამ მეგობრები მოვიწვიე. ისინი ჩემი ცხოვრების თანამგზავრები არიან და მათი სიყვარულით ვხარობ.

 

გურამ საღარაძე - ჩემი პედაგოგი და დიდი მეგობარი, ძმაკაცი გახლდათ. ძალიან მიყვარდა როგორც ადამიანი, მის შემოქმედებაზე აღარაფერს ვამბობ. ვფიქრობ, საქართველოში მისნაირი მკითხველი არ დაბადებულა.

 

50 წლის ასაკში დიდი დაბადების დღე გადავიხადე, უახლოესი მეგობრები დავპატიჟე. ჩემი შვილის ნათლიამ, აკადემიკოსმა შოთა ჯაფარიძემ, შუა ქეიფის დროს მომილოცა ეს დღე, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლალიმ კი მითხრა:

 

ჩვენი ოჯახების სიყვარულის ნიშნად ბეჭედს გჩუქნი და ატარეო. თავიდან ცოტა მეხამუშებოდა, მერე ძალიან მივეჩვიე. დავხედავ ხოლმე და ის ხალხი მახსენდება.

 

მეგობრობა ჩემთვის უნიკალური გრძნობაა. ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ რომ გადამიღეს, სულ მალე ნუცუბიძის ქუჩაზე კინომსახიობთა საერთო საცხოვრებელში ერთი ოთახი მომცეს.

 

ბინა რომ დაესუფთავებინა, დედა გამოვიძახე. მე კი არ ვეხმარებოდი, ხელს ვუშლიდი, ამიტომ დედამ მითხრა, - მომშორდიო.

 

მეც, რესტორანში წავედი. ამ დროს ჩემთან გურამ ფირცხალავა მოსულა მანქანით. ის უკვე პოპულარული მსახიობი იყო. მეორე სართულზე ვცხოვრობდი და გურამი დაბლიდან მეძახის: "ტრისტან, შვილო!" (ასე მომმართავდა). რომ აღარ გაჩერდა, დედას გამოუხედავს: თუ გოგია ხარ, 1958 წლიდან შენ გელოდები და თუ ეშმაკი ხარ, აქედან გადაშენდიო. ამის შესახებ რომ გავიგე, დედას ვეხუმრებოდი, - გოგიას სანაცვლოდ, რა ლამაზი კაცი ამოგირჩევია-მეთქი!

 

იღბალი

 

თბილისში რომ ჩამოვედი, სამი დღე თეატრალურ ინსტიტუტს ვეძებდი-მეთქი. ბედისგან გათამამებული კაცი ვარ. რუსთაველის თეატრში 1979 წელს მოვედი, სადაც უდიდესი მსახიობები დამხვდნენ: ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ედიშერ მაღალაშვილი, კარლო საკანდელიძე, გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა;

 

მომდევნო თაობის - კახი კავსაძე და ჯემალ ღაღანიძე, უფრო ახალგაზრდები: ჟანრი ლოლაშვილი, ავთო მახარაძე, გოგი ხარაბაძე. აბა, როგორია, ასეთ თეატრში მისვლა?

 

ფოიეს კარს ფრთხილად გავაღებდი ხოლმე, - ეს ბუმბერაზი მსახიობები თუ სხედან, ხელი არ შევუშალო-მეთქი და შესვლას ვერ ვბედავდი.

 

უცბად, გამანაწილეს ნახუცრიშვილის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „ნაცარქექია“, სადაც ეროსი მთავარ როლს თამაშობდა. მე პირველი შეგირდი ვიყავი. ეროსის გმირს კიკილა ერქვა.

 

უნდა მეთქვა: „კიკილ, კაცო, შენა ჭკუაზე როგორა ხარ?“ ვერ ვეუბნებოდი იმიტომ, რომ ეროსი იყო. მიხვდა, პარტნიორობა მიჭირდა და ასეთი რამ მოიფიქრა: ჩემთან წამოდი, საქმე თუ არა გაქვსო.

 

ვიფიქრე, ალბათ ავეჯი ექნება გადასაადგილებელი და მოხმარება სჭირდება-მეთქი. ჩავსხედით მის „ნივაში“. ვიცი, რომ ვაკეში ცხოვრობს, ის კი სანაპიროს ქუჩით მიდის. - ბატონო ეროსი, თქვენ ხომ ვაკეში ცხოვრობთ-მეთქი? - მანქანა ჩემია, საითაც მინდა, იქით მივუხვევ და მოვუხვევო.

 

ხმა აღარ ამომიღია, ასეთ შესანიშნავ ადამიანთან ყოფნას რა სჯობდა?! თურმე კასპში, მეგობრებთან ძაღლი ჰყავდა მიბარებული და იქ მიდიოდა. დიდი პურმარილი გაიშალა. რა თქმა უნდა, ეროსი თამადად დააყენეს. მთელი საღამო ერთ თემას მიუძღვნა: „ტრისტან სარალიძე არის უნიჭიერესი ადამიანი (ამ დროს, ჯერ არაფერი გამიკეთებია), რომელიც რუსთაველის თეატრში მოვიდა“. გაოცებისგან თვალები შუბლზე მქონდა. მერე მივხვდი, მას უნდოდა გავთამამებულიყავი. ჰოდა, გაიბა კიდეც ჩვენ შორის მეგობრობის ძაფი. ასე მოქცევა მხოლოდ დიდ არტისტებს შეუძლიათ...

 

კარიერა

 

„სიყვარული ყველას უნდას“ გადაღებისას, მე და გივი სასტუმროს გვერდიგვერდ ნომრებში ვცხოვრობდით. ღამის სამ საათზე კაკუნი მომესმა. გავიხედე. კარში თუშური ქუდით კაცი დგას და ხელში ოცლიტრიანი ბოცა უჭირავს. - გივი შინ არის? - მეკითხება. - გივი თბილისში წავიდა-მეთქი (სპექტაკლი ჰქონდა). - თქვენ ვინ ხართო? - მსახიობი ვარ და ფილმში ვთამაშობ-მეთქი. - ჰოდა, ძალიანაც კარგი, შემოვალო. შემოვიდა. მარტო ღვინო გვაქვს. შუაღამით რა გინდა, რომ იყიდო? გამახსენდა, ჯიბეში 20 კაპიკის მზესუმზირა მეყარა. თეფშზე დავყარე და დილამდე ვიქეიფეთ. ერთმანეთს დილის შვიდ საათზე დავემშვიდობეთ...

 

„ბატონი ავანტიურისტები“ - ჯეიმს ბონდზე ფილმი-პაროდია ბიძინა ჩხეიძემ გადაიღო. მთავარ როლებს მე და მამუკა კიკალეიშვილი ვთამაშობდით. გაურკვეველი ეროვნების მეცხვარე ბაბადული ვიყავი, რომელსაც ვერტმფრენი იტაცებდა.

 

მაშინ საქართველოში ასეთი ტრიუკები არ კეთდებოდა. ტროსზე დაკიდებული, დაახლოებით ას მეტრ სიმაღლეზე ამიყვანეს. სამი დუბლი გადავიღეთ და მეოთხეზე მფრინავი არ დაგვთანხმდა, რადგან ქარი ამოვარდა... 60-მდე როლი ძირითადად, 90-იან წლებამდე ვითამაშე, მერე ქვეყანა აირია და კინოსთვის არავის ეცალა.

 

 

https://digest.pia.ge/ka/news/tabloidi/katsis-ghalati-ghalati-araa---obloba-da-kurdoba-tristan-saralidzis-utsnobi-istoriebi

 

 

big_banner
არქივი