logo_geo
მამუკა ლორიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ
- +

30 იანვარი. 2021. 21:34

 

რამდენიმე დღის წინ მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა. დაახლოებით, 35 წელი  რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგა. არაერთი დაუვიწყარი როლი შეასრულა როგორც სცენაზე, ისე ეკრანზე. მისი ერთ-ერთი ბოლო როლი ფილმში, „მან თქვა დედა“, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა – მას მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული მოუტანა.

 

გთავაზობთ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს, რომელიც ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნდა:

 

მამუკა ლორია: ჩემმა დაქალმა – მარინა კულუმბეგაშვილმა დამიბარა სინჯზე, მაგრამ არც უთქვამს, რა როლს ეხებოდა საქმე. უცებ ლუკა თარხან-მოურავი, რომელიც ასევე, ამ ფილმში თამაშობს, მირეკავს და მეუბნება: ბატონო მამუკა, მთავარ როლზე დაგამტკიცესო. ფილმში თბილისური ეზოა აღწერილი, თავისი თბილისელებით. ჩემი გმირი სულ „პახმელიაზეა“. შარვალიც კი არ აცვია, რომ ხელები ჯიბეში ჩაიყოს და აქეთ-იქეთ აფართხუნებს. ამ ფილმში ჩემთან ერთად თამაშობს მიშა გომიაშვილი, რომელიც ჩემთვის სულ სხვა კატეგორიაა, როგორც მსახიობობაში, ისე ძმაკაცობაში. ეს ადამიანი 50 წლის წინ გავიცანი, ჩემი ძმაა.

 

მთავარი როლი მოულოდნელად მიიღეთ. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელებას თუ ელოდით?

 

– არა, რას ველოდი? ჩემთვის ვიჯექი სახლში და სიგარეტს ვეწეოდი. ტელევიზორში ჩემს საყვარელ მულტფილმებს ვუყურებდი და სიმართლე გითხრათ, ცოტა ნაყლაპიც ვიყავი, როცა დამირეკეს და ეს ამბავი მითხრეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემაა ჩვენ გარშემო, თქვენ ყოველთვის ახერხებთ ხალისიანი იყოთ. როგორ გამოგდით?

 

– აუ, ცოტა მძიმე კითხვაა, რა ვიცი, ვახერხებ. ასეთად დავიბადე. არა, პრობლემები, რა თქმა უნდა, არის და ხანდახან, შენ წარმოიდგინე, მიტირია კიდეც ამხელა კაცს. ისე, დამიჯერებთ, რომ მულტფილმის გამო მიტირია?! ძალიან ემოციური ტიპი ვარ, ისე არ არის, რომ სულ ვიცინი. მაგრამ, ბუნებით ხალისიანი ვარ.

 

– ხიფათიანი ხართ?

 

– ო, ბევრმა არ თქვას, რომ ჩემსავით ხიფათიანია. რაც დავიბადე, იმის შემდეგ სულ რაღაც მემართება. უბრალოდ, მაშინ არ ვიცოდი, ხიფათი რა იყო (იცინის). შენ ის მკითხე, რა არ მემართება, თორემ მგონი, არ არსებობს ისეთი რამ, მე რომ თავს არ მქონდეს გადახდენილი. ერთხელ კიბეებზე დავგორდი არაფრის გამო. ასე, მივდიოდი და დავგორდი. ნეკნები მაქვს „დაღრეჯილი“ – თეატრში სპექტაკლის დროს რაღაცას მივარტყი. ერთხელ კუჭი გამისკდა და საახალწლო გოჭივით ვარ შუაზე გაჭრილი. თვრამეტი ნაკერი მადევს. არაფერი ისეთი, ჩემთვის ვიჯექი, ტაშ-ტუშ და ოპ... კუჭი მაწუხებდა, მაგრამ თუ ასეთი პრობლემა მექნებოდა, არ მეგონა. უცებ გავხდი ცუდად. მითხრეს, რომ ჩემი გადარჩენის შანსი მხოლოდ ხუთი პროცენტი იყო, მეტი არა. ჩემმა ნათესავმა გამიკეთა ოპერაცია – ავთო საღინაძემ. ისე მძიმედ ვიყავი, სხვამ ხელი არ მომკიდა. მხოლოდ ავთომ აიღო თავის თავზე, მაგრამ გარანტია არაფრის იყო – ან გადარჩება, ან არაო და გადავრჩი. ვაღიარებ, ბედი მაქვს. ვერ დავიწყებ პრანჭვას, მართლა იღბლიანი გამოვდექი (იცინის). ისე, ექიმმა გამაფრთხილა, შენ, ცოტა არ იყოს და, გალოთდებიო (იცინის). კიდევ ბევრი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ცოცხალი ვარ.

 

– დაბადების ისტორიაც გამორჩეული გაქვთ.

 

– ჰო, ჩემს დაბადებამდე ერთი კვირით ადრე დედაჩემი დაეცა. ამიტომაც მაქვს ცოტა ტვინი შეყანყალებული და გავხდი არტისტი (იცინის). ძალიან კარგი პროფესია მაქვს, მაგრამ მძიმე და დაუფასებელი კია. კაცი ზის დარბაზში, მიყურებს და ფიქრობს: ამის გაკეთებას რა უნდა, მეც გამომივაო. მყავს ერთი-ორი „დურაკი“ ძმაკაცი, მართლა ასე რომ ჰგონიათ. ამის გაკეთებას თვეების განმავლობაში ღამეების თენება სჭირდება. ეს ჩემი ძმაკაცები კიდევ ფიქრობენ, დიმპიტაური-დამპიტაურით გამოდის ყველაფერი. დიდი მადლობა, ბატონ რობერტ სტურუას იმისთვის, რომ დღეს ამ თეატრში ვარ. უფროსი თაობის მსახიობები რომ ამბობდნენ, 50 წელია, სცენაზე ვდგავარო, მიკვირდა. 32 წელია, აქა ვარ. რაც მითამაშია, ყველაფერი მისი დამსახურებაა.

 

– თქვენი ოჯახიდან გამომდინარე, სხვაგვარად, ალბათ, წარმოუდგენელიცაა.

 

– ერთ დილას „მაგთის“ რეკლამიდან მირეკავენ. მითხრეს: მამუკა, კიდევ ერთი რეკლამის გადაღება გვინდა და ბატონ აბესალომს დავურეკავთ, ძალიან გვინდა, რომ ჩვენს რეკლამაში მანაც ითამაშოსო. ვუთხარი, ჯერ არ დაურეკოთ. მივალ სახლში, მე დაველაპარაკები და მერე კი, ბატონო-მეთქი. ამ დროს ჩემთვის ვფიქრობ, როგორ გავაშაყირო მამაჩემი. პატარაობისას და მერე, სტუდენტობის დროსაც, მამაჩემს ბევრჯერ უთქვამს: წამოდი, „მასოვკაში“ დადექი და ორ კაპიკს გააკეთებო. მაშინ 5-10 მანეთს გვაძლევდნენ ამისთვის. ჰოდა, ახლა ჩემი დრო მოვიდაა (იცინის). მივედი და ვეკითხები: მამა, ხვალ რას აკეთებ, სერიოზული საქმე მაქვს – ჩემთან ერთად წამოხვალ, „მასოვკაში“ დადგები და ორ კაპიკს გააკეთებ-მეთქი. მამაჩემი რუსულად გაზრდილი კაცი იყო და მეუბნება: „ოი, დურაკ, იო ვტვაიო მატ...“ და ფეხსაცმელი მესროლა. საბედნიეროდ, გავასწარი სახლიდან (იცინის). მეორე დღეს კი წამოვიდა. დაურეკეს – „ბატონო აბესალომო“ და ესიამოვნა ეს „ბატონო აბესალომ“ (იცინის).

 

– ახალგაზრდობის ამბებიც გავიხსენოთ, სასიყვარულო თავგადასავლები.

 

– რა არის ახლა ეგ, ოჯახს მინგრევ? (იცინის).

 

– არა, ქორწინებამდე ისტორიებს ვგულისხმობ.

 

– კი, როგორ არა. იყო ასეთი ისტორიები, თან, ბევრი. მაგარი „ნაშოჩკები“ გვყავდა. მოსკოვშიც ვიყავი, ლენინგრადშიც, კიევშიც, მაგრამ ყველაზე მაგარი „ნაშოჩკები“ მაინც თბილისში მყავდა. არა, ბულგარეთშიც მაგარი მყავდა. რას ლაპარაკობ, იქ კინაღამ ცოლი მოვიყვანე. ერთი გოგო „მეტენებოდა“, მაგრამ არ გამოუვიდა, კარი მივუხურე (იცინის).

 

– თქვენი და მეუღლის ისტორია მომიყევით.

 

– ჩემმა ძმაკაცმა გადამიღო სადიპლომო ფილმში. უცებ მისი და „გაიჩითა“ – ლეილა და გადაღების ფოტოები მოიტანა. გავიხედე, ახლოს ლამაზი გოგო უდგას. ამ ლეილას კი ვუყურებ, რომ მელაპარაკება, მაგრამ ეს თვალი ინსტინქტურად გამირბის გვერდზე. ყველაზე მაგარს გეტყვი, წინა დღით სუფრაზე ვიყავით მე და ზაზა კოლელიშვილი. ზაზამ განაცხადა, მე არ ვსვამ და ჩემს ნაცვლადაც, ლორია დალევსო. იმ ღამეს კინაღამ დავიხრჩვე. „პახმელიაზე“ კი არა, ჭკუაზე არ ვიყავი იმ დღეს. ვხედავ ამ ლამაზ გოგოს და კისერი თავისით მიდის მისკენ. ამ ლეილას ვეუბნები, წამოდი, ყავა დაგალევინო-მეთქი. მარტო არ ვარ, აი, იმ გოგოსთან ერთად ვარო – იმ გოგოზე მეუბნება.

 

– როგორ გაგიმართლათ.

 

– იმას გაუმართლა, მე რა (იცინის). მოიცა, ფანტასტიკურ ფინალს გეტყვი. წავედით ყავის დასალევად. ახალგაზრდა ბიჭი ვარ, გოგო მომეწონა და ვკუნტრუშებ, კი არა, უკვე ვჭიხვინებ (იცინის). სამი ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე. მოიტანეს ჩვენი ყავა და ჩემი დღევანდელი ცოლის ჭიქაში კარგად მოხარშული ტარაკანა გდია (იცინის).

 

– მოხიბლეთ იმ დღეს?

 

– ის მოიხიბლა, თორემ მე რა? (იცინის) არა, მე შემიყვარდა. დღეს ერთად ვართ, ორი შვილი და ორი შვილიშვილი გვყავს ქალიშვილისგან. ბიჭი თეატრალურში სწავლობს.

 

– როგორც ვიცი, სიყვარულის გამოხატვის ორიგინალური ხერხები გაქვთ.

 

– ოო, ეგ საიდანღა იცით (იცინის). დოლიძეზე, ჩვენი სახლის გვერდით ხეები იდგა. მივფოფხავდი ამ ხეზე სიყვარულით და მეუღლეს ვუმღეროდი: „კუკურუკუკუუ!..“ და მერე ფანჯრიდან ვხტებოდი ხოლმე ოთახში. ერთ დღესაც, ჩემმა სიმამრმა მოაჭრა ამ ხეს ტოტები ოთახის მხარეს. მე მთვრალი მივედი და მხარი ამერია. ჩემი აზრით, ისევ იმ მხარეს ავძვერი და დავიწყე: „კუკურუკუკუუუ!..“ გადავხტი და შევასკდი კედელს. აუუ, მაგარი „დაბომბილი“ ვიყავი და ვერ გავიგე, რა ხდებოდა. საძინებლის მაგივრად, სადღაც ჩავვარდი. მთვრალი ვარ, ნუუ... სიმართლე გითხრათ, ერთ ხანს ძალიან „ვუშტრიკინებდი“. რთული პერიოდი მქონდა. ყველას რომ კუნტრუშა ვგონივარ, მთლად ეგრე არ იყო საქმე. მოკლედ, ჩავვარდი და ვეღარ ვდგები. სადა ვარ, ისიც არ ვიცი. წინ გავწიე ხელი – მიწაა, უკან გავწიე – ვახ, ისევ მიწაა და ვფიქრობ, ცოცხლად ხომ არ დამმარხეს ამ „ჩემის თვრამეტიანებმა-მეთქი“. ჯიბეში სანთებელა მედო, ავანთე და ბიჭო, მიწა მიყურებს. უკან აღარ გადავბრუნდი, არ მინდოდა დაჯერება, მაგრამ აშკარად დამარხული ვარ (იცინის). ხო, იცი, მთვრალებს თავისთვის ლაპარაკი უყვართ და ვთქვი, ზემოთ ხომ არ ამეხედა-მეთქი. ავიხედე და აუუ, ვარსკვლავები ჩანს. ხელი ავწიე და არც ფიცრები მაფარია. არადა, ზუსტად იმ პერიოდში, ფილმში ვნახე, როგორ დამარხეს კაცი ცოცხლად და შიშისგან – მეც ეგეთი რამე ხომ არ დამემართა-მეთქი, კინაღამ გადავირიე. აქეთ მიწა, იქეთ მიწა და ზემოთ – ვარსკვლავები. ვაა, ვერაფრით გავიგე, სად ვიყავი. წამოვჯექი, თავი გავანძრიე და თურმე ცოცხალი ვარ, არავის დავუმარხივარ. არხი გაუთხრიათ მილების გასაყვანად და იქ ჩავვარდნილვარ. მე რა ვიცოდი, მოვედი დაბომბილი ტაშფანდურა „კლიენტი“ და რახვანი გავადინე ორმოში. სიყვარულის გამოხატვის ორიგინალურ ხერხებს რაც შეეხება, მაქვს ასეთები, მაგრამ აქ მოსაყოლად არა, ძალიან შინაურულია (იცინის). მხოლოდ ერთს გეტყვი, ჩემს ცოლს ყოველ დილით აუცილებლად ვკოცნი ხელზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი