logo_geo
პაატა თედიაშვილი: დილით ვიღვიძებ და არ ვარ ჩაცმული - ეს სპეციალურადაა, იმისთვის, რომ კლიპს გამოეხატა ერთი ადამიანის დეპრესიული ფონი
- +

3 მარტი. 2021. 00:16

 

პაატა თედიაშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა და კლიპი გადაიღო. როგორც ამბობს, ამჯერად სკანდალზე ორიენტირებული არ ყოფილა და მსმენელს მხოლოდ ის გულწრფელი ემოციები გაუზიარა, რომელიც მას მტანჯველმა სიყვარულმა აღუძრა.

 

პაატა თედიაშვილი: ახალი სიმღერის ტექსტი და მელოდია ჩემია. არანჟირების ავტორი გახლავთ დავით გოჩიტაშვილი, კლიპის რეჟისორი და ოპერატორი ახალგაზრდა ფოტოხელოვანი – მაქსიმე ბაქრაძე. სევდიანი სიმღერაა და ვინც მოისმინა, ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. მითხრეს, ვერ წარმოგვედგინა, თუ პაატა თედიაშვილს ასეთი სიყვარული შეეძლოო. ჩემგან მიჩვეულები იყვნენ პოზიტივს, მუდმივ სკანდალს და ამ სიმღერამ მათ რადიკალურად განსხვავებული პაატა დაანახვა.

 

– აქ არ არის პაატასთვის ჩვეული სითამამე?

 

– სითამამე არის კლიპის დასაწყისში. დილით ვიღვიძებ და არ ვარ ჩაცმული. ეს სპეციალურადაა, იმისთვის, რომ კლიპს გამოეხატა ერთი ადამიანის დეპრესიული ფონი, სიყვარულით გამოწვეული სენტიმენტები, დეპრესიული მდგომარეობა და ჩაკეტილობა. სიმღერა იმდენად სევდიანია, ჩაწერისას მთელი სხეული მიკანკალებდა.

 

– რატომ გამოვიდა ასეთი – პირად ცხოვრებაში ხომ არაფერი ხდება?

 

– კი. ბოლო დროს ძველმა ურთიერთობამ შემახსენა თავი და თავიდან დავიწყეთ ყველაფერი. ეს ურთიერთობა მთლიანად პირადი ტრაგედიების ფონზე ვითარდებოდა და ისევ გრძელდება. მუდმივმა გაურკვევლობამ გამოიწვია ასეთი სიმღერის შექმნა. მელანქოლიაა მთლიანად ეს ნამუშევარი, თუმცა არ მინდა, რომ ეს ჩემს სისუსტედ აღიქვან.

 

– შემოქმედებაზე დადებითად აისახა ეს ურთიერთობა, მაგრამ თქვენს შინაგან მდგომარეობაზე?

 

– ძალიან მძიმეა. ტექსტში ერთი ოპტიმისტური გამონათებაც არაა და ამ ყველაფერს რეალური საფუძველი აქვს. ყველა მეკითხება, რა ხდება, ხომ მშვიდობაა, საიდან ამხელა ტკივილიო. ამ ურთიერთობის სიმძიმე გაურკვევლობამ გამოიწვია. ურთიერთობა ვერ ლაგდება და ალბათ, ვერასდროს დალაგდება. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ უნდა წახვიდე და ამით უშველო საკუთარ თავს, კიდევ უფრო მეტ სიღრმეში რომ არ შეხვიდე და მთლიანად დეპრესიამ არ მოგიცვას.

 

– რატომ არ მიდიხართ?

 

– ალბათ, მასშიც ვხედავ ქარის წისქვილებთან მებრძოლ ადამიანს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ტანჯვისკენ არიან მიდრეკილები. მას შეიძლება, მოსწონს ეს ყველაფერი. მტკივნეულთან ერთად ეს ურთიერთობა ბედნიერების მომტანია და რთულია დასრულება. ყოველი შეხვედრა უდიდესი ზეიმია, მაგრამ შემდეგ ისევ სირთულეები ჩნდება და ტაიმაუტს ვიღებთ.

 

– რაშია სირთულე?

 

– მას აქვს სხვა ურთიერთობის დანალექები, რომელიც ვერ გადაიჭრა, ვერ დასრულდა. ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ისე სწრაფად განახლდა გრძნობები და ისე გადავეშვით სიყვარულის მორევში, სულ ერთად ვიყავით და მანქანაში ღამის გათენებაც კი უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა. ეს იყო უცნაური და ამოუხსნელი ემოციები, რომელიც აქამდე არ განმიცდია. თანდათან მომიყვა, რაც ხდებოდა მის ცხოვრებაში, რა იყო დაულაგებელი და რის მოსაგვარებლად სჭირდებოდა დრო, მაგრამ უკვე მეშვიდე თვეა და კიდევ ვერ დალაგდა.

 

– ეს სიყვარულია, ვნება თუ...

 

– ყველაფერი ერთად. მარწუხები რომ გიჭერს, ჰაერი არ გყოფნის, გამოდიხარ სახლიდან და არ იცი, სად მიდიხარ, ჩერდები და ფიქრობ, რა გინდა იქ, მერე ისევ მიდიხარ... მასაც იგივე მდგომარეობა აქვს. ვაღიაროთ, სიყვარულის გამო დაღვრილი ცრემლი არ არის სასირცხვილო. როცა მომავალზე ვიწყებთ საუბარს, მას თან ახლავს ცრემლები და ამას ძალიან განვიცდით. არ ვიცი, მოსწონს მას თუ არა ეს ტრაგიზმი. არიან ადამიანები, ვისაც პარტნიორის ტირილი იზიდავთ. ამაზეც ვესაუბრე, სხვა ურთიერთობის დროს ხომ არ გსიამოვნებდა, ვიღაც რომ შენს გამო იტანჯებოდა და ტირილი შენც განიჭებდა სიამოვნებას-მეთქი. გაოცებული დარჩა, არ დავკვირვებივარ, პირველი შემთხვევაა და ყველაფერს შენთან ერთად განვიცდიო. ახლა რასაც ვამბობ, ეს დეტალები ოჯახშიც არ იციან, რადგან დედა ძალიან განიცდის. ფიზიკურადაც შევიცვალე, წონაში დავიკელი. არ მინდა, მუდმივად უამრავი კითხვა დამისვას, ძალიან ემოციურია.

 

– თუ ყველაფერი დალაგდა, შეიძლება, ეს ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდეს?

 

– კი, ამაზე გვისაუბრია, მაგრამ ისიც განვიხილეთ, რომ სიშორე, მუდმივი ტაიმაუტები და მოლოდინის რეჟიმი ქმნის ჩვენს სიყვარულს და ხომ არ წაშლის მას თანაცხოვრებაო. ამაში იმხელა პოეტიზმი და ქარბუქებია, რომ ეს საშიშროება არსებობს. თანაცხოვრების ორ ღამეში შეიძლება, ყველაფერი ჩაიფერფლოს. მე სადაც თავისუფლება მეზღუდება, იქიდან გავრბივარ. ამიტომ ბევრი ფიქრი გვჭირდება.

 

– დედაზე თქვით, რადგან ამ მდგომარეობაში მხედავს, არ მოსწონს ეს ყველაფერიო. რამდენად იზიარებთ ხოლმე მის აზრს?

 

– ამ თემაზე ძირეულად ამიტომაც არ მისაუბრია მასთან. თავისი აზრი და დამოკიდებულებები აქვს ურთიერთობებთან დაკავშირებით და ძალიან ბევრ კითხვას სვამს. მესმის, რომ უნდა გავიზიარო მისი აზრი, რადგან თანაცხოვრებისას მათ, ბუნებრივია, ურთიერთობა ექნებათ. ხშირად ამბობს ხოლმე, ოღონდ შენს დაოჯახებას ვეღირსო, წავალ და რაიონში ვიცხოვრებო. მაგრამ ეს მერე რთული იქნება, ამ ტიპის დედები ცოტა თავისებურები არიან (იცინის). მათ განსაკუთრებული სიყვარული და ეგოიზმი აქვთ შვილებისადმი, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით და ამიტომ ჯობს, ურთიერთობის დასაწყისშივე მოგვარება.

 

– ამ სიმღერით სკანდალებზე უარი თქვით?

 

– როცა მე და ის ერთმანეთს შევხვდით და ურთიერთობა განვაახლეთ, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მითხრა, ძალიან ხარ გაზრდილი პიროვნულად თუ პროფესიონალურად და მისაყვედურა, ადამიანები, ვინც შენზე ამდენს საუბრობენ, სხვანაირად გიცნობენ. ნუ დაშორდები ხალხს შენი ნაბიჯებითო. ვუთხარი: ამ თამამმა და სკანდალურმა ნაბიჯებმა საზოგადოებას სხვა კუთხით დაანახვა ჩემი თავი, მე კი საშუალება მომცა, ის გავაკეთო, რაც მინდა და აღარ ვიფიქრო, როგორ მიიღებს მას საზოგადოება. მიკრძალავ, რომ ის გავაკეთო, რაც საჭიროდ მიმაჩნია ამ მომენტისთვის-მეთქი? მიპასუხა: მინდა, ხალხმა მეტად იცოდეს შენი შინაგანი სამყარო და დაინახოს, რამხელა სიყვარული და თანადგომა შეგიძლიაო. ამიტომ, როცა ვიფიქრე, რა მიმართულებით უნდა გამეკეთებინა მისდამი მიძღვნა, მივხვდი, რომ ეს ვერ იქნებოდა სკანდალური, ამიტომ მივეცი ის, რაც ბუნებრივი იყო ამ სიტუაციაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი