logo_geo
რატომ ვერ დაემშვიდობნენ ზურა დოიჯაშვილს შვილები
- +

17 მარტი. 2021. 15:38

 

 

 

ზურა დოიჯაშვილი ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სურვილი – სამშობლოში ცოცხალი დაბრუნებულიყო, სამწუხაროდ, ვერ ასრულდა. ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი მომღერლის შინ დაბრუნება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა.

 

ქეთი ვადაჭკორია: ზურას დაკრძალვის დღეს სასწაული მოხდა. ანჩისხატის ეკლესიის ერთ-ერთ ხატზე მტრედი დაფრინდა. შემდეგ ქვემოთ ჩამოფრინდა და საკმაოდ დიდი ხანი ადამიანებს შორის უშიშრად დადიოდა. ამბობენ, რომ მტრედი სულიწმიდის ნიშანია.

 

ჯერ ვერ გავიაზრე ზურას გარდაცვალება. მგონია, რომ არარეალურ სამყაროში ვცხოვრობ. გამორიცხულია, რომ ჩემი და ზურას შორის კავშირი მისი გარდაცვალებით დასრულდეს. წლების განმავლობაში მიდიოდა გასტროლებზე, დროებით ვშორდებოდით და ჩემს აღქმაში ახლაც ასეა.

 

ოცნებობდა, საქართველოში ცოცხალი დაბრუნებულიყო. ეს სურვილი ვერ ავუსრულე. მცდელობა ძალიან დიდი იყო, საქართველოს მხრიდანაც, მაგრამ ვერ მოხერხდა. ცოცხალი ზურა თბილისში ვერ ჩამოვიყვანე. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა, თორემ უკან არაფერზე დავიხევდი. მისი ტრანსპორტირების საკითხიც კი ძალიან რთული იყო. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ამაზე ხელს არ მოაწერდნენ, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტიაო. გამოდიოდა, რომ ზურას გარდაცვალებაზე 50 პროცენტით მე ვაწერდი ხელს, ამას ვერასდროს გავაკეთებდი. თუმცა იყო რაღაც პერიოდი, როცა შეიძლებოდა მისი წამოყვანა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ერთადერთი, იმით ვიწყნარებ თავს, რომ ის მაინც გავაკეთე სწრაფად, რომ იქ დაკრძალვა არ გახდა აუცილებელი. ფეხითაც რომ დამჭირვებოდა ზურას წამოყვანა, ასეც მოვიქცეოდი. რაც უნდა წინააღმდეგობა შემხვედროდა, ზურას აუცილებლად დავაბრუნებდი საქართველოში, თუმცა, საუბედუროდ, გარდაცვლილს. ძალიან დაგვეხმარა საქართველოს საელჩო ისრაელში და ამ მხრივ, პრობლემები არ შეგვქმნია.

 

თვითმფრინავი რომ დაეშვა, მახსოვს, იქ მყოფმა ადამიანებმა, ყველამ, ვინც ზურას დახვდა, ტაში დაუკრეს. მაგრამ იმდენად სხვა სამყაროში ვიყავი იმ დროს, რომ საქართველოში დაბრუნების სიხარული, რა თქმა უნდა, ვერ განვიცადე. ეს იყო უმძიმესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როცა მე მარტო გამოვედი თვითმფრინავიდან და ზურა ჩემ გვერდით ცოცხალი აღარ იყო.

 

– მაშინ, როცა აქედან უკეთესი მომავლის იმედით წახვედით...

 

– კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგონიათ?! ასე გამოვიდა. ბოლო პერიოდში ჩემი შვილები საქართველოში ჩამოვიდნენ, მე ზურასთან დავრჩი.

 

– ვერ მოახერხეს მამასთან გამომშვიდობება?

 

– იმ პერიოდში, როცა ზურა გარდაიცვალა, სამივე შვილი საქართველოში იყო და ვერ შეძლეს მამასთან გამომშვიდობება, მხოლოდ და მხოლოდ ყურმილის მიდებით. ზურას ბოლო რამდენიმე დღე აღარ ესმოდა, თორემ მანამდე იგებდა, რასაც ვესაუბრებოდი. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, სანამ ცოცხალი იყო, იმედიც გვქონდა. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ერთი პროცენტითაც კი აღარ იყო გადარჩენის შანსი, მაგრამ სიმპტომატურ მკურნალობას ვაგრძელებდით და ბოლო წუთამდე ვაკეთებდით ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. 247 დღე ვიყავი ზურას გვერდით, რეანიმაციაში.

 

პრაქტიკულად, მარტო იყავით, როცა ეს მოხდა.

 

– მარტო, ჩემს ებრაელ მეგობრებთან და ქართველ ემიგრანტებთან ერთად. ისრაელში, მგონი, არ დარჩენილა ქალაქი, საიდანაც ქართველი ებრაელები არ ჩამოსულან მოსასამძიმრებლად და სიყვარულის გამოსახატავად და მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. რასაც თქვენ მეკითხებით, კი, ასეა, ჩემს ტკივილთან მარტო ვიყავი, თუმცა, ვხედავდი, რომ ყველა მეგობარს ძალიან სტკიოდა ზურა. მე მსგავსი ტკივილი ცხოვრებაში არ განმიცდია, მიუხედავად იმისა, რომ დედაც დავკარგე, მამაც, ძმაც, ეს კიდევ სხვა ტკივილია. მიუხედავად იმისა, რომ ველოდი, ასე მოხდებოდა. განსაკუთრებით ბოლო ხუთი დღე ისეთი მძიმე იყო, ვხვდებოდი, რომ ცოტა დრო იყო დარჩენილი, თუმცა იმედს არ ვკარგავდი, რომ ეს გვიან მოხდებოდა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ზურა სუნთქავდა და ეს უკვე მაკმაყოფილებდა.

 

– ბინა დაკარგეთ და საქართველოდან პრობლემების მოსაგვარებლად წახვედით, ამ მხრივ, შეიცვალა რამე?

 

– ამწუთას ნაქირავებში ვარ. ბინა ზურას მეგობრებმა მიქირავეს. რაღაც პერიოდით ისევ მომიწევს ისრაელში წასვლა. ბიუროკრატიული პროცესებია მოსაგვარებელი. თუმცა, როგორც კი მათ მოვაგვარებ, აუცილებლად დავბრუნდები. გამორიცხულია ზურას გარეშე იქ დავრჩე. სახლთან დაკავშირებული პრობლემა პრობლემად დარჩა. ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ამისთვის ნამდვილად აღარ მეცალა. ჩემი მიზანი იყო, ზურა ეტლში ჩამჯდარიყო და ეცოცხლა, თუმცა არ გამოვიდა. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, აპარატით ეცოცხლა, მაგრამ ეცოცხლა – არც ეს გამოვიდა. ამიტომ, რომ გითხრათ, ამ ცხრა თვის განმავლობაში ბინაზე ვფიქრობდი-მეთქი, მოგატყუებთ. არც ის ვიცი, რა იქნება მომავალში, გარდა იმისა, რომ მე აუცილებლად დავბრუნდები იქ, სადაც ზურაა.

 

– წარმოგედგინათ, რომ ამდენს შეძლებდით?

 

– ზურას გულისთვის რომ ყველაფერს შევძლებდი – კი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზურას ეს დაემართებოდა. მას ჰქონდა გულის პრობლემები. შუნტირება და სტენტირება გაიკეთა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნერვიულობა ადრეც გაგვივლია, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, როცა ასეთი რამ ხდება, ბოლომდე იბრძვი ადამიანისთვის, რომელიც გიყვარს და რომელთან ერთადაც ამდენი წელი გაატარე. იბრძვი მის გადასარჩენად სრულიად უცხო ქვეყანაში, მარტო. ენა მესმოდა, მაგრამ ვერ ვსაუბრობდი, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლინიკაში გვიწევდა გადასვლა, ეს ყველაფერი მარტივი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ზურამ შემაძლებინა. იმდენად უყვარდა სიცოცხლე და იმდენად უნდოდა საქართველოში დაბრუნება, რომ ბოლომდე ვიბრძოდი. სანამ დიაგნოზი დადგინდებოდა, სულ ვფიქრობდი, აქ რომ არ წამოვსულიყავით, იქნებ ეს არ დამართნოდა-მეთქი. მერე, როცა დიაგნოზი დადგინდა, აღმოჩნდა, რომ საქართველოშივე დაწყებული იყო პროცესი და დარჩენის შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა. მივხვდი, რომ ეს არ იყო ნოსტალგიით გამოწვეული დაავადება.

 

– თქვენი საერთო ისტორია როდის დაიწყო?

 

– ჩვენი საერთო ისტორია 1978 წლიდან იწყება. ზურას სიყვარული ჩემ მიმართ იმ წლის ზაფხულში დაიწყო. მაშინ ჯერ 17 წლის იყო, შემდეგ გერმანიაში მსახურობდა ჯარში. სცენაზე 80-იან წლებში გამოჩნდა. ჩვენ 1990 წელს დავქორწინდით. პირველ რიგში, ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები სხვაგვარად ცხოვრობენ და ყველანაირად ვუწყობდი ხელს, რომ ისე ეცხოვრა, როგორც თვითონ უხაროდა. არასდროს გვქონია კონფლიქტი, თუნდაც ბოჰემური ცხოვრების, გასტროლების ან რამდენიმე დღით გადაკარგვის გამო – ერთმანეთის კარგად გვესმოდა. არაჩვეულებრივი მეორე ნახევარი იყო, ძალიან დამთმობი ადამიანი და იოლი იყო მასთან ურთიერთობა. ზურა მაშინ მუშაობდა, როცა ყველა ისვენებდა და ისვენებდა მაშინ, როცა ყველა მუშაობდა. ამიტომ, მე მიწევდა ოჯახური საჭიროებებისთვის თავის გართმევა. ზურას უფრო საგარეო საქმეები ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული. ვხედავდი, როგორ უყვარდა გარშემო ყველას. ჭავჭავაძის გამზირზე რომ სახლიდან გამოვიდოდით ფილარმონიამდე მისასვლელად ორსაათ-ნახევარი გვჭირდებოდა. უცნობი თუ ნაცნობი ყველა გვაჩერებდა, სიყვარულსა და სითბოს გამოხატავდა მის მიმართ, ეხუტებოდნენ და ეფერებოდნენ. ზურასაც ძალიან ახარებდა ადამიანებთან ურთიერთობა ნაცნობი იქნებოდა ის თუ სრულიად უცხო. ეს მისთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი