logo_geo
როდის ცდილობს ეკო ფანგანი სხვის ტყავში შეძრომას და როგორი კაცები ეცოდება მას
- +

17 მაისი. 2021. 19:12

 

 

როგორია ეკო ფანგანისთვის საინტერესო მამაკაცი, ავლენს თუ არა ის პირად ურთიერთობებში სვანურ ხასიათს და რამდენად ზრუნავს საკუთარ გარეგნობასა და ემოციურ მდგომარეობაზე – ამ კითხვებზე პასუხს მისგან მოვისმენთ.

 

ეკო ფანგანი: ვარჯიში, დაახლოებით, ოთხი წლის წინ დავიწყე. თავიდან ძალიან მეზარებოდა, მაგრამ ჩემი მეგობარი ფიტნეს-ინსტრუქტორია და მან დამაძალა, დარბაზში მივსულიყავი. ძალით ვვარჯიშობდი. იქამდე იოგითაც დავკავდი. დაახლოებით, ერთი წლის წინ, კარანტინის დროს, მთელი ოჯახი აგარაკზე წავედით. სადაც ყველაფერია სავარჯიშოდ. თუ მანამდე ძალიან მეზარებოდა მარტო ვარჯიში, იქ მივხვდი, რომ მეც ფიქტნეს-ინსტრუქტორად ვიქეცი და ეს პროცესი ძალიან შემიყვარდა (იცინის). როცა ვვარჯიშობ, მეორე სუნთქვა მეხსნება. სამწუხაროდ, ახლა, რამდენიმე თვეა, არ მივარჯიშია. ისევ ვაპირებდი დაწყებას, მაგრამ ცოტა ხნის წინ ფეხი ვიტკინე და ეს პრობლემა რომ მოგვარდება, აუცილებლად დავუბრუნდები. მალე შეიძლება, ძალიან საინტერესო ვარჯიშები ჩავწერო სატელევიზიო ეთერისთვის. სახლის პირობებში დამოუკიდებლად და მარტივად შესასრულებელ ვარჯიშებს გავუზიარებ მაყურებელს. მე წონის პრობლემა არ მაქვს და გასახდომად არასდროს ვვარჯიშობ, მაგრამ ტონუსის, მოტივაციისა და ენერგიულობისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა. სხვათა შორის, ისეთი აღნაგობა მაქვს, ბავშვობიდან მოყოლებული, ყველას ეგონა, რომ სპორტით ვიყავი დაკავებული. დღესაც ჰგონიათ, რომ დღე და ღამე პრესზე ვმუშაობ, მაშინ, როცა შესაბამის ვარჯიშებს თითქმის არ ვაკეთებ. არადა, უბრალოდ, გამიმართლა, რომ უცხიმო და კუნთიანი სხეული მაქვს.

 

– ამ ყველაფერთან ერთად, ცხენოსნობაზე ხარ შეყვარებული...

 

– სვანი ვარ და ჩვენ ეს გენეტიკურად მოგვდგამს. მამა და ბაბუა ცხენოსნები იყვნენ. თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ გენი თავისას აკეთებს. ჯირითი ძალიან მიყვარს, ეს შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. განწყობისთვისაც კარგია და ფიზიკური ვარჯიშისთვისაც, რადგან თუ სწორად ჯირითობთ, ყველა კუნთი მუშაობს.

 

– ასე ძალიან გიყვარს ცხენები და ჯირითი, არადა, ნათქვამი გაქვს, თაყვანისმცემელმა ცხენი მაჩუქა და დავუბრუნეო.

 

– თაყვანისმცემელმა ცხენი 15 წლის წინ მაჩუქა. ადამიანი თუ არ მინდოდა, მისი ცხენი რაში დამჭირდებოდა?! (იცინის).

 

– ალბათ, ამ პროცესს ადრენალინი ახლავს. ექსტრიმი გიზიდავს?

 

–კი და თხილამურებითაც ვსრიალებ. ცოტა გვიან დავდექი, რადგან ჩემს მშობლებს ეშინოდათ და შეგნებულად არ მაკარებდნენ თხილამურს. წყლის თხილამურზეც ვმდგარვარ, თუმცა, ეს დასახვეწი მაქვს. თვითმფრინავიდან დაწყებული, ყველაფერი მიტარებია. წყლის სკუტერებისა და კატერების მართვა ჩემთვის ძალიან მარტივია.

 

– სვანური სისხლი აშკარად თავისას შვრება, ხომ?

 

– მართლა არაფრის მეშინია. ცხოვრება იმდენად საინტერესოა, იმდენი გამოწვევა გვხვდება და იმავდროულად, იმდენად ხანმოკლეა, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ბევრი შეგრძნება განვიცადოთ. ეს იმხელა ბედნიერების მომტანია, აუცილებლად უნდა შეიგრძნო და ცხოვრება ფუჭად არ უნდა განვლო. თუმცა, ძალიან ფრთხილი ვარ და უაზრო რისკებზე არ მივდივარ.

 

– შინაგანად რამდენად ძლიერი ხარ?

 

– ისეთი ემოციური ვარ, შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ სუსტი ვარ. როგორც ამბობენ, მთავარი ის კი არ არის, არ წაიქცე, მთავარია, წამოდგე. ბევრი რამ მწყენია, ემოციურად კარგი და ცუდი ამოფრქვევებიც მქონია, საკმაოდ მძიმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს გადავაბიჯე. დეპრესიაში არასდროს ვყოფილვარ.

 

– მსმენია, ეკო საკმაოდ „სწერვა“ გოგოა და ურთიერთობაში დისტანციურიო. ასეა?

 

– ეგ იმან თქვა, ვინც შორიდან მიცნობს. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ყველასთან არ ვიხსნები, არ ვითქვიფები. მყავს ისეთი მეგობრები, პირველი კლასიდან რომ ერთად მოვდივართ, უნივერსიტეტში და კიდევ უფრო გვიან შეძენილებიც, საკმაოდ ბევრი ახლო მეგობარი მყავს, მაგრამ ზედმეტები არ მიყვარს. შესაძლოა, ყველას ჩემი პირადი ამბები არ გადმოვუშალო, მაგრამ „სწერვა“ იმდენად მოძველებული ფრაზაა, რომ ჩემთვის უკვე ტრენდიც აღარ არის (იცინის). „სწერვობა“ ჩემთვის დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია. ადამიანი ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე ვერ იქნები, მაგრამ ასეთი იმიჯი ზედმეტ ამბიციურობას ნიშნავს, ეს კი, გავიმეორებ, დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია.

 

ეკრანზე რომ სულ ფორმაში ხარ, ბუნებრივია. ყოველდღიურობაშიც პრანჭია იქნები?

 

– რა თქმა უნდა, სულ ასე ჩაცმული, მაკიაჟითა და ვარცხნილობით ვერ იქნები, მაგრამ, კი, რაღაც ასაკიდან მოყოლებული, საკმაოდ პრანჭია ვარ (იცინის). თუმცა, მახსოვს, უკვე უფროსკლასელები ვიყავით, ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც ძალიან პრანჭია იყო, ერთხელ შემომხედა და მითხრა, როდის უნდა გაიხადო ეს „ვარიონკა“ ჯინსები და „ლევისის“ მაიკებიო (იცინის). უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, იმ პერიოდიდან ვარ ისეთი, როგორიც ახლა. 15-16 წლის ასაკში ჩემი მეგობრები რომ იპრანჭებოდნენ, მე ჩემს მეზობელ ბიჭებთან ფეხბურთს და რაგბის ვთამაშობდი.

 

– ამბობენ, შეყვარებული ადამიანი დაფრინავსო. ეკოც ასეა, როცა შეყვარებულია?

 

– ზეცას გამოკერებული რომანტიკოსი არ ვარ, საკმაოდ რეალისტი ვარ და თან, რომანტიკულიც. რაღაც ეტაპზე პეპლებიც არის, მერე ურთიერთობა ნელ-ნელა ჩვეულებრივი ხდება. სიგიჟეები და მოზღვავებული ემოციები საწყის ეტაპზე უფროა.

 

– რას ფიქრობ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით?

 

– გარკვეულ ასაკში, როცა უკვე რეალიზებული ხარ და დამოუკიდებელი ცხოვრება გაქვს, ასეთი ნაბიჯების გადადგმა უფრო რთულია. მით უმეტეს, მე ქარაფშუტა არ ვარ და ასეთ გადაწყვეტილებებს ზედაპირულად არ ვიღებ. რაც მეტი დრო გადის, ამ საკითხს უფრო ვუღრმავდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სწრაფად გადაწყვეტილების მიღებაც გამორიცხულია. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს წინასწარ ვერ ვიტყვი.

 

– სვანების ხასიათზე ხომ ლეგენდებს ვყვებით ხოლმე, სასიყვარულო ურთიერთობებში ხისტი ხარ?

 

– ამბობენ, რომ კი (იცინის). რაღაც დონეზე ხისტი ვარ, მაგრამ შინაგანად ძალიან რომანტიკული და მზრუნველი ვარ. მეგობრები მეხუმრებიან, მოწოდებით დედა ხარო (იცინის). თუმცა, როცა საჭიროა, ხისტიც ვარ და საკუთარი უფლებების დამცველიც.

 

– ეჭვიანი თუ ხარ? ეკოს ყველა იცნობს, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და საყვარელი ადამიანი რომ იყოს ეჭვიანი, რა რეაქცია გექნება?

 

– რაღაც დოზით ეს, ალბათ, ყველა ადამიანშია. არა მგონია, ვინმე სრულიად უმიზეზოდ ეჭვიანობდეს, მაგრამ ის, რომ ეს განსაზღვრავდეს შენს ქმედებებს და ეჭვიანობის გამო არაადეკვატური ხდებოდე, მარაზმია. ასეთი ადამიანები საკუთარ თავსაც ჭამენ და სხვებსაც. რაც შეეხება ჩემ მიმართ ეჭვიანობას, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თქვით, ეკოს ყველა იცნობს, ნორმალური მგონია, რომ თაყვანისმცემლები იარსებებენ და ყურადღებას გამოიჩენენ. ამდენი ხანი იმისთვის არ მივლია, რომ სულელთან დავიჭირო ურთიერთობა. შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, რაციონალურად უნდა აზროვნებდეს და ხვდებოდეს, რომ შესაძლოა, ვინმემ მესიჯი მომწეროს, ვიღაცამ ყურადღება გამოიჩინოს ინკოგნიტოდ თუ ღიად, ქუჩაში შემომხედონ, იმიტომ, რომ მოვეწონე ან შესაძლოა, სულაც არ მოვეწონე და უბრალოდ, მიცნო. ის ამისთვის მზად უნდა იყოს. შეიძლება, გულის სიღრმეში არ ესიამოვნოს ეს ამბავი, მაგრამ ნორმალურად აღქმის უნარი აუცილებლად უნდა ჰქონდეს და ამის გამო პრობლემა არ უნდა შეიქმნას. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ და მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობაში.

 

– თვითონ როგორი უნდა იყოს?

 

– სულ ვამბობ, რომ მამაკაცში ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი გარეგნობაა. ყველაფერთან ერთად, ესეც თუა, ამას რა სჯობს?! ჩემთვის მთავარი ადამიანურობაა. 21-ე საუკუნეში, როცა თანასწორობაზე ვსაუბრობთ და მე ამის მომხრე ვარ, მაინც ვფიქრობ, რომ ქალებს მეტად მოსწონთ მამაკაცებისგან ყურადღება. სასიამოვნოა, როცა იცი, რომ გვერდით გყავს მამაკაცი, რომელიც გეიმედება, რომლის დამსახურებითაც თავს დაცულად გრძნობ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მამაკაცი უნდა იყოს ასეთი. ჩემ გარშემო ჩემი იმედი ყველას აქვს, ყველას ციხესიმაგრესავით ვუდგავარ გვერდით. ასე რომ, მამაკაციც ანალოგიურად უნდა გრძნობდეს ძალას ქალისგან, უბრალოდ, ცოტა ნაზ ფორმებში. მე ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს გავუგო, მათ ტყავში შევძვრე და მათი მხრიდან წარმოვიდგინო სიტუაცია, ანალოგიურს ვითხოვ მათგანაც და მით უმეტეს, როცა პირად ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი. მნიშვნელოვანია, მამაკაცი რამდენად ადამიანურია, რამდენად მიგებს და მიდგას გვერდით – მე ეს მჭირდება.

 

– ეკოს საქმიანობა რომ გააპროტესტოს?

 

– არიან მამაკაცები, რომლებსაც ქალის წარმატება აკომპლექსებთ. ყველა მამაკაცს ისეთი ქალი ჰყავს გვერდით, როგორიც მოსწონს. თუ ქალი ცნობადია და შეიძლება, სხვებსაც მოსწონდეს, ეს კაცს კი არ უნდა აკომპლექსებდეს, უნდა აბედნიერებდეს, რადგან ამ ადამიანმა ის აირჩია და არა სხვა. ვისაც პოპულარული ცოლები ჰყავთ, ეს უნდა ეამაყებოდეთ. თუ ის გაწუხებს, რომ ვიღაცები შენს ცოლს შეხედავენ, მაშინ ცხოვრების მეგზურად ასეთი ადამიანი არ უნდა აირჩიო. ვინ უნდა მოვიდეს ახლა და მითხრას, გადაკეთდიო – ამის თეორიული შანსიც კი არ არის. მე ასეთი ვარ და ასეთად უნდა მიმიღონ. ვისაც ვიცნობ, ყველა ამაყობს პოპულარული ცოლით, იმიტომ რომ თვითონ არიან შემდგარი კაცები და არა კომპლექსიანი და დათრგუნულები. ასეთი კაცი მე მეცოდება. შესაძლოა, ვიღაცას რაღაც არ მოსწონდეს, ამიტომ მე თავიდანვე მიყვარს ურთიერთობაში ყველაფრის გარკვევა. ტელევიზიაში რომ არ ვმუშაობდე და სულ სხვა პროფესია მქონდეს, აზიატ კაცს მაინც ვერ ავიტან. 21-ე საუკუნეა, თუ ადამიანს იცნობ და ენდობი, რა საჭიროა „ეს არ ჩაიცვა, იქ არ წახვიდე“ დამოკიდებულება?! ეს ფსიქიკის სერიოზული პრობლემა მგონია. თავიდან საკუთარი ინიციატივით არავინ გეუბნება „ეს არ ქნა, ის არ ქნა“, მაგრამ მერე ავლენენ თავს და ამიტომ მიყვარს ურთიერთობის დასაწყისში ყველაფრის გარკვევა. ვეკითხები, რა მოსწონს, რა – არა და ამ გზით არასასიამოვნო სიურპრიზებს თავიდან ვიცილებ. ყველამ იცის რას ვაკეთებ და ისიც, რომ ცუდს არაფერს გავაკეთებ. ასე რომ, ჩემგანაც არ მიიღებს ცუდ სიურპრიზს. ეგეც ინტელექტის საკითხი მგონია. რაც უფრო დაბალი ინტელექტი აქვს ადამიანს, მით უფრო „აფრენს“ და რაც უფრო მაღალი, მეტად ჯანსაღად აზროვნებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი