logo_geo
ერეკლე საღლიანი: სვან განდობილებს ხატთან ჰქონდათ კავშირი, ისინი დღესაც არიან შემორჩენილი
- +

27 მაისი. 2021. 13:44

 

 

„მე თავად მოვესწარი, ერთი სვანი განდობილი პირადად გავიცანი და მასთან ძალიან ახლოს ვიყავი. არ მაქვს უფლება მისი ვინაობა გავამხილო, რადგან როცა კავშირი მქონდა, მალავდა განდობილი რომ იყო. გუმანით მივაგენი, განდობილები თავიანთ ვინაობას არ ამჟღავნებდნენ", - ამბობს ერეკლე საღლიანი, რომელიც სვან განდობილებზე ბევრ საინტერესოს გვიამბობს.

 

- სვან განდობილებს ხატთან ჰქონდათ კავშირი და იქედან ძალიან დიდი ცოდნა გადმოდიოდა. ისინი დღესაც არიან შემორჩენილი, მაგრამ როგორც ადრე, ახლაც არავინ არ ამხელს ამას... სვანი განდობილების მოძღვრება, დაუწერელი წესები და კანონები ყველა ჩვენგანშია დალექილი... ყველას გვახსოვს ცხონებული ავლიპ ზურაბაშვილი, საოცარი მკურნალი და დიდი ფსიქოლოგი. მას ჰკითხეს, ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობას როგორ ინარჩუნებთო და ავლიპმა უპასუხა, არასოდეს, არავისი, არაფერი მშურდაო... აი ზუსტად ამას ემყარებოდა განდობილების ცოდნა, რომ საქმეში შური არ უნდა გარეულიყო. შური თუ შეგიპყრობდა, ვერც ჯანმრთელობას შეინარჩუნებდი და ვერც იმ დიდ სულიერ სამყაროსთან გექნებოდა კავშირი. პირველ რიგში ყველა ადამიანური ხინჯი უნდა დაგეძლია.

 

- როდიდან იღებს სათავეს სვანი განდობილების ცოდნა?

 

- უძველესი პერიოდიდან, წინარექრისტიანული ხანიდან! შემდეგ ქრისტიანობამ კი არ მოსპო და გაანადგურა ეს ტრადიცია, პირიქით გაამყარა! ქრისტიანული სული შთაბერა, გაითავისა, ახალიაღქმისეული ცოდნა დაურთო, კიდევ უფრო გაამდიდრა...

 

- ამბობთ, რომ ისინი უზარმაზარ ცოდნას ფლობდნენ... წინასწარმეტყველების უნარიც ჰქონდათ?

 

- დიახ, ჰქონდათ... მე თავად მოვესწარი, ერთი სვანი განდობილი პირადად გავიცანი და მასთან ძალიან ახლოს ვიყავი. არ მაქვს უფლება მისი ვინაობა გავამხილო, რადგან კავშირი როცა მქონდა, მალავდა განდობილი რომ იყო. გუმანით მივაგენი, თორემ ისევ გიმეორებთ, განდობილები თავიანთ ვინაობას არ ამჟღავნებდნენ. ეს კაცი საოცარი ადამიანი იყო! შუაგულ ტყეში დასახლდა და ტყე ბაღნარად აქცია. ტყე კი არა, ბარიც არ მინახავს ისე სათუთად მოვლილი. იგი ზუსტად ვაჟა-ფშაველას მინდიას მსგავსად ცხოვრობდა.

 

ამ კაცმა უმოკლესი გზა იცოდა ჩრდილო კავკასიისკენ და ერთხელ ვკითხე, როდის მასწავლით თქვენს უმოკლეს ბილიკს-მეთქი და ღიმილით მიპასუხა, ჩემი ბილიკები შენ არ გამოგადგება, შენი ბილიკი უნდა მოჭრაო... ანუ შემაგულიანა მეც ჩემით მესწავლა, თორემ თვითონ სწავლება არ ეზარებოდა. ბუნებრივია, თქვენსავით მეც დამაინტერესა წინასწარმეტყველებაზე და როდესაც ამაზე ვკითხე, მან კითხვა შემომიბრუნა, შენ ლექსებს ყოველთვის წერო?.. როგორც პოეტები ვერ ვწერთ ყოველთვის ლექსებს, ასევე არიან განდობილები. მხოლოდ ზოგჯერ ხდება სულის კონცენტრაცია, ეხსნებათ ხედვა და ამ უნარს იძენენ... ვინც ამბობს, რომ ეს ყოველთვის შეუძლია, ის ტყუის! 1980 წელს ამ საოცარმა კაცმა საკვირველი რამ მითხრა: მაშინ გულიანად გამეცინა და მისი წინასწარმეტყველება საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ ავიგდე. სიცილით მოვკვდი, რომ ამბობდა, ათ წელიწადში საბჭოთა კავშირი დაინგრევა, ამ ქვეყნის ერთობა მხოლოდ ძალას ემყარება და მეტხანს ვერ გაძლებსო... საქართველოზე ამბობდა, ყველა მტრად მოვეკიდებით ერთმანეთს, მაგრამ უფალმა ჩვენში იმხელა სიკეთე ჩადო, ბოლოს უერთმანეთოდ მაინც ვერ გავძლებთო. ეს კაცი სადაც დასახლდა, იქ ძველი ეკლესიის ნანგრევები იყო, ეტყობა ადრე ხალხიც ცხოვრობდა იქ, მაგრამ ჟამიანობის დროს მოსახლეობა გაწყდა. მან ეკლესიის გაცოცხლება მოინდომა, ხატიც ჰქონდა და ეკლესიას თავის ფუნქცია დაუბრუნა. ოცნებად ჰქონდა ნანგრევებზე ტაძარი აეშენებინა, მაგრამ მანამდე სამწუხაროდ წერამ უწია. სრულიად განსხვავებული გარეგნობა ჰქონდა და სხვათა შორის განდობილებს იცნობ, იმდენად სხვანაირები არიან.

 

- მისი წინასწარმეტყველებიდან განსაკუთრებულად რა გახსენდებათ კიდევ?

 

- მან იწინასწარმეტყველა სტიქიური უბედურება, რომელიც სვანეთში მოხდა. თქვა დიდი უბედურება დატრიალდება და ეგ საქართველოს ხსნა იქნებაო. გავგიჟდი, უბედური შემთხვევა ხსნა როგორ იქნება-მეთქი და მითხრა, მერე მიხვდებიო... მართლაც ცოტა ხანში ზვავმა დაანგრია და დალეწა სოფლები. მულახში, მხოლოდ ნავერიანების გვარიდან 26 მიცვალებული გავასვენეთ. ვინც ზვავსაშიშ ზონაში ცხოვრობდა ჩამოვიყვანეთ და ბოლნისსა, დმანისსა და მარნეულში ჩავასახლეთ. იქ ეს ხალხი გამრავლდა და დღეს კიდევ უფრო გაქართველდა იქაურობა. იქ, რომ უბედურება არ მომხდარიყო, ამ ხალხს არ ჩამოვასახლებდით და საქართველოს ხსნაში ალბათ ამას გულისხმობდა.

 

- არ გქონდათ მცდელობა, მისი ცოდნა გაგეზიარებინათ?

 

- ერთხელ ვუთხარი, ღმერთმა დაგიფაროთ და რამე რომ დაგემართოთ, ისე წაიღებთ ამდენ ცოდნას, გამგრძელებელი არავინ იქნება-მეთქი... მითხრა, ეს არ იკარგება, როგორც მე, ისევე სხვებსაც ხატიდან მიეწოდებაო. თქვენ არ გწამთ ერთობა ამ ქვეყნის და იმ ქვეყნის და იმიტომ ფიქრობთ ეგრეო. დმანისში სვანები ჩაასახლეს, რომლებმაც იქ ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს და დაასრულეს. ორი თვის შემდეგ არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ზუსტად ისეთივე ფორმის, ზომის და სტილის ეკლესია მიწისქვეშ აღმოჩნდა... ამას პლატონი იდეათა სამყაროს უწოდებს. დედამიწაზე რაც იქმნება, თავის ანაბეჭდს ზეცაში, სულიერ სამყაროში ტოვებს. მერე ის როგორც იდეა, ისე მუშაობს. ამ მიწაში დამარხულმა ტაძარმა იმუშავა და ხუროთმოძღვრებს, კალატოზებს, კირითხუროებს მიეწოდა ეს აზრი და მიწის ზემოთ ზუსტად ისეთივე ტაძარი შეიქმნა.

 

- განდობილები განსხვავებულად იკვებებოდნენ?

 

- დიახ... ამბობდა, ხორცი საკვებად კი არა, წამლად უნდა მიიღოო. თუ არ შეჭამ, ჯობია, დიდი სიმაღლეაო. თუმცა, იმასაც ამბობდა, ადრეულ ასაკში ხორცის გარეშე არ შეიძლება, ძვლები უნდა გამაგრდესო. 30 წლის შემდეგ უნდა დაიწყო ფიქრი, ხორცი რაც შეიძლება ნაკლებად მიიღოო. საკლავი შენ კი არ უნდა დაკლა, თავად უნდა შემოგეწიროსო... მათი ცოდნა უკიდეგანო იყო და მრავალი ქვეყნებიდან ცდილობდნენ ჩაწვდომოდნენ, თუ საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი.

 

მანანა გაბრიჭიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი