logo_geo
ფოტოხელოვანი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე საოცარი მზის ამოსვლა გადაიღო
- +

30 მაისი. 2021. 13:44

 

 

რაც ფოტოაპარატს დაუმეგობრდა, იმ დღიდან ყველგან დადის და დღემდე არ გაჩერებულა. მის ობიექტივში უკვე 102 ქვეყანაში გადაღებული საოცარი კადრები აღმოჩნდა. სულ ახლახან, მექსიკაში ჩატარებულ ონლაინ საერთაშორისო ფესტივალის გამოფენის გახსნა სწორედ მას ანდეს...

 

ფოტოხელოვანსა და მოგზაურზე, ბადრი ვადაჭკორიაზე გიამბობთ. იმ დროისთვის ერთადერთ ტელევიზიაში - საქტელერადიოკომიტეტში, 1971 წლიდან დაიწყო მუშაობა სპეციალურ კორესპონდენტად. დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

 

თუმცა, მისი, როგორც ფოტოხელოვანის საქმიანობა მაინც ყველასაგან გამორჩეული და განსხვავებულია, ისევე როგორც მხოლოდ მის მიერ აღმოჩენილი კადრები ათასჯერ ნანახ ქალაქში... ბევრი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და ლაურეატია, ამასთან 18 საავტორო წიგნის ავტორიც გახლავთ და 40 ფოტოკრებული აქვს გამოცემული.

 

მისი პერსონალური გამოფენა მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოეწყო. ფოტოხელოვანსა და მოგზაურს ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზი „ოქროს ფრთა“ აქვს მიღებული. ამ მასალისთვის კადრს მიღმა მდგარი ბადრი ვადაჭკორია მოვიხელთე...

 

 

- ბატონო ბადრი, წლებთან და გამოცდილებასთან ერთად, რამდენად შეიცვალა თქვენ მიერ გადაღებული ფოტოების თემატიკა?

 

- რაც დრო გადის, უფრო დავრწმუნდი, პანდემია ხელს უწყობს იმას, რომ ხალხი ჭკუიდან გადაიყვანოს, ამაში მას ჩვენი „მეგობარი ტელევიზიების“ მიერ გადაცემული მხოლოდ ცუდი ინფორმაციებიც „ეხმარება“. ამიტომაა, რომ ჩემს ობიექტივში პოზიტიური კადრები ხვდება ხოლმე. ამით ავტომატურად ვეუბნები ყველას - თუ მე შემიძლია დავინახო ისინი, შესაბამისად, თქვენც  შეგიძლიათ. ყოველ დილით მზის ამოსვლას რომ უცქერი, ცოტაა განა? იმ რამდენიმე წამს, როცა ადამიანები ჩემს ფოტოებს უყურებენ ხოლმე, თავს კარგად გრძნობენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც უცხოეთშია, რადგან ეს კადრები მათთვის ნათელი წერტილია.

 

- ვიცი, რომ პანდემიამაც ვერ გაგაჩერათ, დღესაც ბევრს მოგზაურობთ და სოციალურ ქსელებში აქვეყნებთ ფოტოებს, როგორც თავად წერთ - „შინდატყვევებულთათვის", თავად კი, სულ ახლახან, გარეჯმა და იქაური მთების ფერებმა დაგატყვევათ...

 

- გარეჯის ნათლისმცემელში ყოფნისას, სიმონ გულედანმა შემომთავაზა, მოდი, მეგზურობას გაგიწევთ და ფერად მთებს გიჩვენებთო, კინაღამ უარი ვუთხარი, ვიფიქრე, რა უნდა მაჩვენოს ისეთი, რაც არ მინახავს და გამაკვირვებს-მეთქი. ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი, დავთანხმდი ამ კეთილ ადამიანს და ერთად გავემგზავრეთ. სულ 5-7 კმ იქნება ნათლისმცემლის ტაძრიდან, გეფიცებით, მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებში თუ მენახოს...

 

- ვიცი, რომ მსოფლიოს 102 ქვეყანაში ხართ ნამყოფი.

 

- დიახ, მასეა და ახლა რომ ვუფიქრდები, გამოდის, რომ სულ წასული ვყოფილვარ!...

 

- დავაკონკრეტოთ, სულ წასული თუ სულწასული?

 

-ერთი მეორეს ხელს არ უშლის. რაც მთავარია, ხელიდან წასული არ ვარ...

 

-  თქვენი ფოტოებით დიდი ხანია მიიქციეთ უცხოელების ყურადღებაც, სულ ახლახან მექსიკის ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პატივი გერგოთ...

 

- საქართველო იმ ქვეყანაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი.  ფესტივალი მექსიკაში, 23 აპრილს უკვე მეათედ გაიმართა და საქართველომ მასში პირველად მიიღო მონაწილეობა. მასზე ფოტოგრაფიისა და საქართველოს შესახებ ონლაინ ლექციაც წავიკითხე. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ჩემი ორი ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით: „ათასფერი საქართველო“ და „წარსული, აწმყო და მომავალი“.

 

- როგორ ვიცი, ეს გამოფენა საელჩოს ორგანიზებით მოეწყო...

 

- დიახ, ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს მექსიკაში, განსაკუთრებული მადლობა თამარ გამილაღდიშვილ-გაგუას და მის ქალიშვილს, სალომეს. ასევე, მადლობა ჩემს მეგობარს, მანანა გაბრიჩიძეს, რომელმაც კონფერენციის მომზადებაში უდიდესი დახმარება გამიწია.

 

-თქვენი ფოტოაღმოჩენები დღესაც გრძელდება...

 

- რა თქმა უნდა გრძელდება. ამას წინათ სოსანების დღე მქონდა მარნეულ-შულავერში, მერე თბილისის ასავლელი გზის სოფელ ნორიოს მოპირდაპირე მხარეს გვირილების ველებს ვეწვიე, უფრო ადრე უფლისციხესთან აყვავებული ყაყაჩოები გადავიღე... ახლა ზაფხულია და მთელი საქართველო ფერადი ყვავილებით მოხატულ-მოჩითულია, მათ ნახვას არაფერი სჯობია.

 

- უცხოეთის 102 მოგზაურობიდან ყველაზე მეტად რომელი კადრი დაგამახსოვრდათ?

 

- ეს იყო 2007 წელს, როცა ეგვიპტეში, სინას მთაზე ვიყავით მე და პაატა ნაცვლიშვილი, რომელთან ერთადაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ერთ პროექტზე ვმუშაობდი. სინას მთაზე ღამე მიდიხარ, ასვლა 22 საათზე იწყება. დაახლოებით 7 კილომეტრი ფეხით უნდა იარო და მერე, 740 პირობითი საფეხურია ასასვლელი. როცა ამას აივლი, მზის ამოსვლას იქ ელოდები. ეს არის დედამიწაზე ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლა!..

 

-  ისე, ბახმაროშიც საოცარი სანახავია...

 

- ეგ თავისთავად, მაგრამ უცხოეთში სადაც ვარ ნამყოფი, ყველაზე საოცარი მზის ამოსვლა მაინც იქ ვნახე, სინას მთაზე და გადავიღე კიდეც. საერთოდ,  დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყანა ამოუწურავი თემაა. საქართველო კი არა, ბოლომდე ჯერ ჩემი სოლოლაკიც ვერ ამოვიწერე...

 

- კიდევ ერთი კადრის ამბავი - რომელს გაიხსენებთ?

 

- ორიოდე წლის წინ მეგობრები: მე, გიორგი შერმაზანაშვილი, დიდი ბელადი - გოგა ჩანადირი და ვიცე-ბელადი პაატა ვარდანაშვილი, ნაყოფიერი გადაღების მერე ვაშლოვანიდან ვბრუნდებოდით. უცებ გაწვიმდა რაღაც საშინლად, ისე, რომ „პრადიკოც“ კი გავაჩერეთ. როცა თქეშმა გადაიღო, საოცარი ცისარტყელა გამოგვესახა, ულამაზესი სანახაობა იყო...

 

- რამდენიმე დღის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო და ალბათ თქვენებურად იმ ზეიმზეც „დაიჭერდით“ რაიმე საოცარ კადრს...

 

- გუშინ მივულოცე ეს დღე მეგობრებს და ყველას, ვისაც საქართველო უყვარს. ბევრი საინტერესო კადრი გადავიღე, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მაგარი მაინც თვითმფრინავით ცაში მოხატული საქართველოს დროშის ფერები და მის ფონზე წმინდა გიორგის მონუმენტია... ჩემი აზრით, ეს ფოტო  გუშინდელი დღის კადრია...

 

თეონა გოგნიაშვილი

 



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი