logo_geo
ქართველი ტენორის წარმატება იტალიაში
- +

16 ივნისი. 2021. 12:53

 

 

წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი მიხეილ შეშაბერიძე ავსტრიაში St. Margarethen-ის ფესტივალზე ჯაკომო პუჩინის ოპერაში „ტურანდოტი“, კალაფის პარტიის შესასრულებლად ემზადება, რომლის პრემიერა 14 ივლისს, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სცენაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

 

ქართველი ტენორის შემოქმედება დატვირთულია წამყვანი პარტიების შესრულებით, მსოფლიო დონის სცენებზე – მადრიდის სამეფო თეატრი, სანკარლო, ტრიესტე, კალიარი, ნეაპოლი, არენა დი ვერონა, ჰონგ-კონგის გრანდ ოპერა, ტაივანის, ზაგრების საოპერო თეატრები.

 

ეს არის არასრული ნუსხა იმ ისტორიული სცენებისა, რომლის სოლისტიც გახლავთ ახალგაზრდა ქართველი ტენორი.

 

აღსანიშნავია, მისი დებიუტი 2015 წელს რავენას ფესტივალზე – ჯ, ვერდის ოპერაში „ოტელო“, სადაც იგი წარსდგა მსმენელის წინაშე, როგორც ამ როლის, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი.

 

ამავე წლის წარმატებას უკავშირდება, მიხეილის მსოფლიო საუკეთესო სოლისტთა რეიტინგში შესვლა და ლუჩანო პავაროტის ფონდის მიერ, მის ერთადერთ ქართველ სტიპენდიანტად დასახელება.

მიხეილ შეშაბერიძე თანამშრომლობს ცნობილ მაესტროებთან და რეჟისორებთან, როგორებიც არიან – პაოლო ოლმი, ივო ლიპანოვიჩი, ჯანპაოლო ბისანტი, ჯანლუკა მარტინენი, ივორ ბოლტონი, კასპერ ჰოლტენი, დანიელ ორენი, ანდრეა ბატისტონი, ჯულიან კოვაჩევი.

 

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მუსიკოსი აცხადებს, რომ ვენამანამდე, დიდი წარმატებით იმღერა ჰონგ კონგის საოპერო თეატრში – „კარმენი”:

 

2006-07 წლიდან იტალიაში ვიმყოფები. დავამთავრე თბილისის კონსერვატორია, მაგისტრატურაზე ჩავაბარე, მაგრამ სწავლა არ დამისრულებია, რადგან ჩემმა პედაგოგმა, სასწავლებლად, იტალიაში მიმიწვია. ჩემი პირველი ნაბიჯები, 2012 წლიან დაიწყო. 2014 წლიდან კი, უფრო სერიოზული წარმატეტებები მქონდა. 2015 წელს, საერთაშორისო თეატრებში მქონდა სპექტაკლები.

 

– 2015 წელს, სარაევოში, ერთ-ერთ საუკეთესო ტენორად დაგასახელეს…

 

- სარაევოში, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩემი სოლო კონცერტი გაიმართა, რომელსაც მაესტრო ივო ლიპანოვიჩი ხელმძღვანელობდა. კონცერტს მოჰყვა რეცენზია, რომ მიხეილი, ერთ-ერთი საუკეთესო ტენორია, ვინც ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდაო.

 

სხვათა შორის, იგივე მოხდა რამდენიმე ხნის წინ ხორვატიაშიც. ოქტომბერში, „კარმენის“ წარმოდგენის შემდეგ, რომელიც მთავარ არხზე, პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა, განაცხადეს – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტენორია, ვისაც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ხორვატიაში უმღერია.

 

ყველაზე ახალგაზრდა „ოტელო“…

 

- ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა „ოტელო“, საერთაშორისო დონეზე, ნამდვილად ვიყავი. ეს პარტია 2015 წელს „რავენას“ ფესტივალზე ვიმღერე, რომელიც რიკარდო მუტის სახელთან არის დაკავშირებული. მისი მეუღლე გახლდათ ფესტივალის პრეზიდენტი და რეჟისორი, რომელიც პრეზიდენტის პოსტიდან, გასულ წელს გადადგა.

 

ამის შემდეგ, მექსიკაში მქონდა შეთავაზებები „ოტელოზე“, ძალიან ცნობილ თეტრში, მაგრამ არ წავედი, რადგან 2019 წელს, არენა დი ვერონაზე დავბრუნდი. ჩემმა აგენტმა და სააგენტომ გადაწყვიტა, იტალიაში დავრჩენილიყავი, როგორც კარიერული, ისე ხმის გაფრთხილების თვალაზრისით.

 

„ოტელოს“ სიმღერა ადრეულ ასაკში, არც ისე სასურველია, რადგან შეიძლება ყელი გადაგეღალოს. რაც უფრო ნაკლებს იმღერებ, დაახლოებით 40 -წლამდე, უკეთესია. ამიტომ 5 სპექტაკლი ვიმღერე, „რავენას“ ფესტივალზე, „დანტე ალიგიერი’’-ს თეატრში და ამის შემდეგ „ლუკას თეატრში“.

 

„ლუკას თეატრი“ მჭიდროდ უკავშირდება, ჯაკომო პუჩინის სახელს. კომპოზიტორი ამ თეატრისთვის წერდა ოპერებს. თვით კომპოზიტორის სურვილი იყო აქ ყოველწლიური საზაფხულო ფესტივალის დაარსება. სხვათა შორის, ამ თეტრში 55 წელი არ იყო დადგმული სპექტაკლი – „ოტელო“, რომელსაც მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი „ოტელო“, ცნობილი ტენორი მარიო დელ მონაკო ასრულებდა.

 

ვინ არიან თქვენი მშობლები და როგორია მათი დამოკიდებულება მუსიკასთან…

 

- ჩემი ოჯახი კასპის რაიონიდან არის. მამა, თამაზ შეშაბერიძე 18 წლის წინ გარდაიცვალა. პროფესიით ფილოლოგი იყო. მუშაობდა კასპის გაზეთ „განთიადის“ რედაქტორად. ქვემო ქართლში, პირველი ქართული სკოლის დირექტორი იყო, სადაც მანამდე არ არსებობდა ქართული სკოლა. გარდაცვალებამდე, თბილისის ლიტერატურის ინსტიტუტში, გალაქტიონის კვლევით ცენტრში მუშაობდა, სადაც გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედებაზე 5 წიგნი გამოუშვეს, რომლის ერთ-ერთი თანაავტორია.

 

დედა – ნანა მაღლაფერიძე, პროფესიით ფარმაცევტია. პროფესიულ მუსიკასთან შეხება არც მას ჰქონია. თუმცა, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, სადაც ერთი წევრი მაინც მღერის, ასევეა ჩემთანაც. დედაც მღერის, კარგი ხმა აქვს, როგორც თავად ამბობს (იცინის).

 

– თქვენ როგორ შეაფასებდით?

 

- მართლა კარგი ხმა აქვს, მეც მომწონს.

 

– საშუალო სკოლა კასპში დაამთავრეთ?

 

- მე-8 კლასში ვიყავი, როდესაც მე და მამა საცხოვრებლად წალკაში გადავედით. ამის მიზეზი ქართული სკოლის გახსნა და მამის დირექტორად დანიშვნა გახლდათ. დაბრუნებისთანავე კი კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში ჩავაბარე, სადაც წელიწადნახევარი ვსწავლობდი. ამის შემდეგ, სწავლა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განვაგრძე. 22 წლის ასაკში კი უკვე იტალიაში გავემგზავრე…

 

ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება…

 

- ჩემი პირველი, ყველაზე დიდი წარმატება, უკავშირდება 2016 წელს, როდესაც მადრიდის სამეფო თეატრში შევასრულე ვაგნერის მეორე ოპერა „აკრძალული სიყვარული“, იმავე წლის ზაფხულში, „არენა დი ვერონაზე“ შედგა ჩემი დებიუტი და ორ განსხვავებულ პროდუქციაში – სპექტაკლში „კარმენი“, სადაც დონ ჟოზეს პარტია და ჯუზეპე ვერდის ოპერაში „აიდა“- რადამესის პარტია შევასრულე.

 

2016 წლის შემდეგ, ბევრ ახალ თეატრში შედგა ჩემი დებიუტი. 2016 წლიდან დღემდე, 18 ახალ ოპერაში მივიღე მონაწილეობა. შარშან, რავენას ფესტივალზე მქონდა დებიუტი, შემდეგ სან-კარლოში, რომელიც ევროპაში ყველაზე ანტიკური თეატრია და დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება.

 

იტალიაში სამი ძირითადი თეატრია – „ლა სკალა“, „სან-კარლო“ და „არენა დი ვერონა“. „არენა დი ვერონა“, მართლაც განუმეორებელია იმ თვალაზრისით, რომ ეს არის ფესტივალი, რომელიც 1919 წელს დაარსდა და 15 ათას მაყურებელს იტევს.

 

საოცარი გარემო – უდიდესი სივრცით, თავისი სცენით, განსაკუთრებული წარმოდგენებით, დეკორაციებით, კოსტიუმებით, რეჟისორებით და გუნდით, ყველასგან გამორჩეულია და არც ერთ თეატრს არ ჰგავს.

 

არენა დი ვერონას თავისი, ცალკე ადგილი უკავია, სადაც ბედნიერება მხვდა წილად და 4 წლის განმავლობაში, შევასრულე 4 განსხვავებული პროდუქცია – 18 სპექტაკლი. რა თქმა უნდა, ყველგან მთავარი როლი, ამიტომ ჩემთვის, ეს თეატრი და აქ სიმღერა, განსხვავებულ ემოციას იწვევს.

 

შემდეგ იყო, ევროპაში ყველაზე ანტიკური, ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრი“, რომლის სილამაზე ყველა თეატრისგან განსხვავებულია. აქ სულ სხვა ატმოსფეროა. ამ თეატრის დირექტორები იყვნენ ჯოაკინო როსინი, დონიცეტი, ნიკოლა ბოქსა, ვინჩენცო ბელინი.

 

ყველაზე დიდი კომპოზიტორების სახელები და მოღვაწეობა, ამ თეატრს უკავშირდება, რადგან სამეფო ხანაში, ევროპაში, ნომერი პირველი თეატრი იყო.

 

ყველაზე ემოციური შესრულებით, რომელ სპექტაკლს გამოარჩევდით?

 

- ყველა სპექტაკლი ემოციურია, მაგრამ გამოვარჩევდი რამდენიმეს არენა დი ვერონაზე და ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ შესრულებულ „ოტელოს“დებიუტს, რადგან „ოტელოს“ დაბადება და ამ ოპერის დებიუტი, ძალიან ექსპრომტად მოხდა, სადაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქ-მა კრისტინა მუტიმ, მაესტრო რიკარდო მუტის მეუღლემ.

 

ის იყო ამ ფესტივალის პრეზიდენტი და ამ სპექტაკლის რეჟისორი, რომელმაც ყველანაირი პირობები შეგვიქმნა, ყველანაირად დაგვეხმარა მომღერლებს, რომ ჩვენი საუკეთესო მხარე გვეჩვენებინა მაყურებლისთვის.

 

– ემოციური ბრძანდებით?

 

- დიახ, საკმაოდ! ჩვენი პროფესია ემოციის გარეშე არ არსებობს. რომ გითხრათ, ემოციური არ ვარ-მეთქი, მინუსად ჩამეთვლება.

 

– პირად ცხოვრებაზე მოგვიყევით…

 

- ერთს გეტყვით, რომ მეუღლე არ მყავს. მოდი, ამ კითხვას პასუხგაუცემელს დავტოვებ. ჩემი ცხოვრება – ჩემი პირადია, ჩემი პროფესია კი, ჩემი პროფესიაა. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, არ ვსაუბრობ, უკაცრავად!

 

დადებით პიროვნებად გახასიათებენ…

 

- ძალიან მიხარია, ეს მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

– ბევრ ქვეყანაში ხართ ცნობილი ტენორი…

 

- ჩემი აგენტიდან გამომდინარე, ძირითადი საასპარეზო ქვეყანა იყო იტალია. უცხოელი, რომელიც იტალიის უმნიშვნელოვანეს თეატრებში მღერის, სხვა ქვეყნებისთვისაც დიდად სასურველი არტისტი ხდება. მსოფლიოს ნებისმიერ თეატრში, როდესაც თეატრის დირექტორები მომღერლის ისტორიას ეცნობიან, პირველი რასაც კითხულობენ – იტალიაში აქვს ნამღერიო?

 

იტალიაში სიმღერა, ჩვენთვის, მომღერლებისთვის სავიზიტო ბარათია. თუ იტალიაში მნიშვნელოვან პარტიებს ცნობილ თეატრებში მღერი, ნიშნავს, რომ ღირებული მომღერალი ხარ.

 

– რომელ ქართველ ოპერის მომღერლებთან ერთად გიმღერიათ საქართველოში?

 

- საქართველოში მხოლოდ ორჯერ ვიმღერე, ჩემი გამოსვლები ძირითადად საზღვარგარეთთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მე და ნინო სურგულაძემ, არენა დი ვერონას სცენაზე, ერთად შევასრულეთ პარტია ჯუზეპე ვერდის ოპერაში „ნაბუქო“. ანიტა რაჭველიშვილთან ერთად, ბულგარეთში ვიმღერე „კარმენი“.

 

უფრო უცხოეთში ვხვდები ჩემს ქართველ მეგობრებს, კოლეგებს, ვიდრე საქართველოში. მე და ნინო სურგულაძემ საქართველოში, 2017 წელს ვიმღერეთ სპექტაკლში „სოფლის პატიოსნება“

 

და ამის შემდეგ, თბილისის ოპერის სოლისტებთან ერთად, „კარმენი“ შევასრულე.

 

– პანდემიამ, უამრავ ხელოვანს პრობლემები შეუქმნა…

 

- პანდემიამ, ხელოვან ადამიანებს, მართლაც ძალიან „დაგვარტყა“, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შედარებით იღბლიანი აღმოვჩნდი. შარშან აგვისტოში, ტაივანის ქ. ტაიბეიში ვიყავი, სადაც ჯაკომო პუჩინის ოპერაში „ტურანდოტი" მთავარი პერსონაჟის, პრინცი კალაფის როლი შევასრულე.

 

ამის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში გავემგზავრე ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, სადაც „კარმენის“ დადგმაში ვიღებდი მონაწილეობას. მას ცნობილი ფრანგი რეჟისორი, არნო ბერნარდი ხელმძღვანელობდა. პანდემის დროს, სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში, უამრავი სპექტაკლი გამიუქმდა.

 

5-თვიანი პაუზის შემდეგ, მაისის თვეში გავემგზავრე ჰონგ-კონგში კარმენის მორიგი პროდუქციით. ჰონგ-კონგშივე დამიკავშირდა ჩემი აგენტი და ავსტრიაში, სენთ-მარგარეთენის ფესტივალზე მონაწილეობა შემომთავაზა.

 

ეს საკმაოდ ცნობილი ფესტივალია. მიღებული აქვს 2016 ავსტრიის საუკეთესო ფესტივალის ტიტული. ამ ფესტივალზე მღეროდნენ ისეთი დიდი მომღერლები, როგორც ჯესი ნორმანი, მონსერტ კაბალიე, ანა ნეტრებკო და მრავალი სხვა.

 

მრავალწლიანი ისტორიის მიუხედავად, ფესტივალი, ყოველწლიურად უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ თვალსაზრისით, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – ავსტრიაში არასდროს მიმღერია და მიხარია, რომ ჩემი ავსტრიულ პუბლიკასთან შეხვედრა, სწორად, ამ ფესტივალის ფარგლებში მოხდება.

 

– როდის იხსნება ფესტივალი?

 

- რეპეტიციები უკვე დაწყებულია. ჩემი პირველი სპექტაკლი 16 ივნისს გაიმართება და შემდეგი – 1, 5 და 19 აგვისტოს არის დანიშნული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი