logo_geo
ვარსკვლავის აფეთქებამ შესაძლოა დედამიწაზე მასობრივი გადაშენება გამოიწვია
- +

9 მაისი. 2021. 02:20

 

 

 

როდესაც დედამიწაზე გვიანი დევონური პერიოდი დადგა, უფრო და უფრო მეტი ცოცხალი ორგანიზმი იხოცებოდა. სიკვდილის ქრონიკამ კულმინაციას 359 მილიონი წლის წინ მიაღწია - ეს დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი გადაშენება იყო.

 

მეცნიერთა თქმით, ასეთი მოვლენის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი არ იყო, არც მზის სისტემიდან მოდიოდა, არამედ ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი შორეული, 65 სინათლის წლით დაშორებული აფეთქებული ვარსკვლავიდან წამოსული რადიაცია იყო.

 

ამ მასობრივი გადაშენების მსგავსი მოვლენების გამომწვევი მიზეზები ხშირად დედამიწაზე მომხდარი კატაკლიზმებია. დამანგრეველ ვულკანურ ამოფრქვევას შეუძლია ბიომრავალფეროვანი პლანეტა უსიცოცხლო ქვად გადააქციოს. ან შეიძლება უცხო სტუმარმა გაანადგუროს სიცოცხლე - ზუსტად ისე, როგორც 65 მილიონი წლის წინათ ასტეროიდმა დინოზავრები გადააშენა. თუმცა, კოსმოსიდან მოსული სიკვდილი შეიძლება უფრო შორეული იყოს, ვიდრე ასტეროიდია.

 

მეცნიერების თქმით, დედამიწა კოსმოსში იზოლირებული არ არის, არამედ მისი ნაწილია და ხშირად კოსმოსი ჩვენს ცხოვრებაში იჭრება. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა მასობრივი გადაშენების მიზეზად არა ადგილობრივი კატასტროფა, არამედ შორეული მოვლენა განიხილეს. მათი თქმით, ბიომრავალფეროვნების გადაშენების მიზეზი სუპერნოვადან (აფეთქებული ვარსკვლავი) წამოსული რადიაცია გახდა, რომელიც 65 სინათლის წლის მოშორებით აფეთქდა და ჩვენი პლანეტის ოზონის შრე სიცოცხლისთვის საშიშ დონემდე დაიყვანა.

 

სუპერნოვების მიერ გამოწვეული მასობრივი გადაშენების იდეა ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს. გამოთვლების თანახმად, ასეთი დრამატული აფეთქებების „სასიკვდილო მანძილი“ 25-50 სინათლის წელიწადია, თუმცა, ამ კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ უფრო შორს მყოფი ვარსკვლავების აფეთქებაც შეიძლება სახიფათო იყოს დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის.

 

ეს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჰიპოთეზაა. ამ ეტაპზე, მეცნიერებს გვიანი დევონური პერიოდის მასობრივი გადაშენების გამომწვევი შორეული სუპერნოვას შესახებ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, თუმცა, შეიძლება ეს ძალიან მალე შეიცვალოს.

 

 

 

big_banner
არქივი