logo_geo
დინოზავრის გაქვავებულ ფეკალიებში საოცრად კარგად განმარხებული უძველესი მწერები აღმოაჩინეს
- +

2 ივლისი. 2021. 16:01

 

 

გვიანდელ ტრიასულ პერიოდში, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე, გრძელდინგიანმა დინოზავრმა დიდი ოდენობით მწვანე წყალმცენარეები ჭამა და შემდეგ კუჭშიც გავიდა.

 

 

ცხოველისთვის ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღე იყო, მაგრამ არა ჩვენთვის. დაახლოებით 230 მილიონი წლის შემდეგ, ამ განმარხებულ ფეკალიებში მეცნიერებმა მოუნელებელი ხოჭოების მთელი ოჯახი აღმოაჩინეს.

 

ეს გახლავთ განმარხებულ ფეკალიებში მწერების აღწერის პირველი შემთხვევა და გარდა ამისა, ისინი სრულიად არ ჰგვანან აქამდე ქარვაში აღმოჩენილ სხვა არსებებს. ეს მწერები არა მხოლოდ გაცილებით ძველია, მათი ფეხები და საცეცები იმდენად ხელუხლებლად არის შემორჩენილი, რომ მკვლევრებმა ზუსტად შეძლეს მათი სამგანზომილებიანი ფორმების რეკონსტრუქცია. ახალ სახეობას Triamyxa coprolithica უწოდეს.

 

„გამაოცა ხოჭოების ასე ჩინებულად შენახვამ. როდესაც მათი მოდელირება ეკრანზე დავინახე, თითქოს პირდაპირ გვიყურებდნენ“, — ამბობს შვედეთის ქალაქ უფსალის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი მარტინ კვარნსტრომი.

 

მიჩნეულია, რომ ტრიასული პერიოდი გადამწყვეტი იყო მწერების ევოლუციისთვის, განსაკუთრებით ხოჭოებისთვის, რომლებიც დღეს დედამიწაზე ყველაზე მრავალფეროვან ბიოლოგიურ რიგს წარმოადგენენ.

 

სამწუხაროდ, იმ პერიოდის მრავალი ხოჭოს ნამარხი მხოლოდ მცირე მინიშნებას გვაძლევს სახეობის შესახებ და არა სამგანზომილებიან ხედს. გამონაკლისია ქარვაში განმარხებული ორგანიზმები, მაგრამ ისინი ძირითადად უფრო ახალი, მაქსიმუმ 140 მილიონი წლისაა.

 

დინოზავრის ფეკალიებში აღმოჩენილი ხოჭოები კი დაახლოებით ორჯერ უფრო ძველია.

 

დეტალური ანალიზის შემდეგ, ხოჭოს ახალი სახეობა მკვლევრებმა საკუთარ ოჯახში, Triamyxidae-ში მოათავსეს. გარკვეული მსგავსებებიდან გამომდინარე, ისინი ეჭვობენ, რომ ეს ხოჭოები წარმოადგენენ ხეშეშფრთიანების პატარა ქვერიგის, Myxophaga-ის განაყარს, რომელთა შესახებაც ნამარხი ჩანაწერები ძალიან მწირია.

 

დღეისათვის, დიდი ოდენობით მიქსოფაგი ხოჭო ბინადრობს მწვანე წყალმცენარეების გროვებში, ძირითადად წყლის სიახლოვეს. აღმოჩენა მიუთითებს, რომ მათი უძველესი ნათესავებიც უხვად უნდა ყოფილიყვნენ ასეთივე წყლიან გარემოში.

 

თავად განმარხებული ფეკალია, რასაც კოპროლიტს უწოდებენ, ორი მეტრი სიგრძის დინოზავრს უნდა ეკუთვნოდეს, რომელსაც Silesaurus opolensis-ს უწოდებენ და ძირითადად მცენარეებით იკვებებოდა; თუმცა, როგორც ჩანს, ის არც მწერებზე ამბობდა უარს.

 

სწორედ ამაზე მიუთითებს მის ექსკრემენტებში აღმოჩენილი ხოჭოების რაოდენობა.

 

ვინაიდან ეს მწერები ძალიან პატარები და ბევრია, მეცნიერები ფიქრობენ, რომ დინოზავრმა ისინი სავარაუდოდ უბრალოდ წყალმცენარეებს შეაყოლა.

 

მეცნიერთა აზრით, მათი ციცქნა, უხეში ტანიდან გამომდინარე, ხოჭოებს დინოზავრის საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადარჩენის უკეთესი შანსი ჰქონდათ, ვიდრე სხვა მწერებს. რბილი სხეულის მქონე ნებისმიერი არსება ამ პროცესს ვერ გადაურჩებოდა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სილეზავრს მრავალი T. coprolithica ხოჭო ჰყავს შეჭმული, ისინი სავარაუდოდ იმდენად პატარები იყვნენ, რომ შეუძლებელია, ამ დინოზავრს სპეციალურად მხოლოდ მათზე ენადირა“, — ამბობს კვარნსტრომი.

 

მისივე თქმით, Triamyxa სავარაუდოდ უფრო დიდ ხოჭოებთან ერთად ბინადრობდა, რომელიც ფეკალიის ნამარხში დანაწევრებულად არის წარმოდგენილი; არის კიდევ ერთი სხვა მწერიც, რომლის ფორმის დადგენაც ვერ ხერხდება. გამომდინარე აქედან, როგორც ჩანს, სილეზავრი ყოვლისმჭამელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი რაციონის ეს ნაწილი მხოლოდ მწერებით შემოიფარგლებოდა.

 

ეს აღმოჩენა მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ კოპროლიტები (გაქვავებული ექსკრემენტები) ბრწყინვალე ფანჯარაა ადრეულ მწერთა ევოლუციის შესასწავლად. განმარხხებული ფეკალიები ადამიანის თვალისთვის შეიძლება ძნელი შესამჩნევი იყოს, მაგრამ კომპიუტერული მიკროტომოგრაფიის გამოყენებით, მკვლევრებმა მასში არსებული ხოჭოების, T. coprolithica-ს მცირე დეტალებიც კი გაარკვიეს.

 

ხეების წვენი მხოლოდ მოგვიანებით, ადრეულ ცარცულ პერიოდში გახდა საკმარისად ბევრი იმისათვის, რათა მასში მწერები ჩავარდნილიყვნენ და შემდეგ განმარხებულიყვნენ (ქარვა). ტრიასულ პერიოდში გარემოში გაცილებით ნაკლები ხის წვენი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვაქვს იმ პერიოდის ქარვის დანალექები, რომლებიც გვეტყოდა, როგორ გამოიყურებოდნენ მაშინდელი მწერები.

 

მკვლევართა აზრით, ამ მხრივ დინოზავრების ფეკალიებს ალტერნატივა არ აქვს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი