logo_geo
ილია მეორესთან საუბრის შემდეგ პაატა ბურჭულაძე ფონდს ტოვებს?
- +

21 ნოემბერი. 2016. 11:36



„პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოსთვის უკვე მიუღებელია. პოლიტიკური ბატალიებისა და სერიოზული სკანდალების შემდეგ ილია მეორეს აღარ სურს, მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიის დაფინანსებაში მონაწილე ფონდს პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობდეს. ეს მსოფლიო ბანს გასაგებად აუხსნეს", - ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, პაატა ბურჭულაძე ახლა ცდილობს, სახე შეინარჩუნოს, ამიტომაც რამდენიმე დღეში გეგმავს, პრესკონფერენცია ჩაატაროს და ვითარება ისე გაასაღოს, თითქოს თავად არ სურს ფონდის თავმჯდომარეობა. რეალურად კი საპატრიარქოს უკვე აღარ უნდა სკანდალურ პოლიტიკურ ფიგურასთან ურთიერთობა.


„როცა ბურჭულაძემ დიდი სცენიდან დიდ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, ის ფონდები დატოვა, რომელსაც თავმჯდომარეობდა. საუბარია „იავნანასა" და „ივერიისაზე".

 

აღნიშნული ფონდების თავმჯდომარეობას მსოფლიო ბანს, უკვე პოლიტიკური ფიგურის რანგში, კანონი უკრძალავდა", - წერს „პრაიმტაიმი".


ბურჭულაძის ფონდები საქველმოქმედო მიმართულებით მუშაობს. ფონდი „ივერიისა" პაატა ბურჭულაძის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით დაარსდა, როგორც მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი. „ივერიისა" 2012 წლიდან სათავეში ჩაუდგა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას და ამ პროცესს დღემდე აგრძელებს. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა ფონდის შემოწირულობებით უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს.


რაც შეეხება ფონდ „იავნანას", მისი მთავარი მიზანი უსახლკარო ოჯახების, უდედმამო და მშობლების მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებაა. 2004 წელს საქველმოქმედო ფონდი პაატა ბურჭულაძემ დააარსა და მომავლის გადარჩენის იმედი დაისახა.

 

„თუმცა, გამოვიდა ისე, რომ პოლიტიკური კრახის შემდეგ, ბურჭულაძე აღარც საკუთარმა ფონდებმა დაიბრუნეს, მიუხედავად მსოფლიო ბანის მცდელობისა", - წერს „პრაიმტაიმი".


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პირველი, ვინც ბურჭულაძეს ფონდ „ივერიისა"-ში დაბრუნების უფლება არ მისცა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო. პატრიარქმა უარი განაცხადა, რომ ფონდ „ივერიისას" თავმჯდომარედ ბურჭულაძე დაბრუნებულიყო. ამის მიზეზად კი მისი პოლიტპერსონობა დაასახელა.


„პრაიმტაიმს" უდასტურებენ, რომ პაატა ბურჭულაძე უკვე ერთი წელია ფონდის თავმჯდომარე აღარ არის და ამ დრომდე ფონდი თავმჯდომარის გარეშეა.


ფონდ „ივერიისას" წარმომადგენლის ცნობით, რეორგანიზაცია მიმდინარეობს და თავმჯდომარეს პრობლემების მოგვარების შემდეგ აირჩევენ.


„ბევრი დეტალია მოსაგვარებელი. ვაპირებთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები გავზარდოთ, სხვა გეგმები გვაქვს, გვინდა მასშტაბური პროექტებიც განვახორციელოთ. პაატა ბურჭულაძე უკვე ერთი წელია ჩვენი თავმჯდომარე აღარ არის და ახალი თავმჯდომარე 2017 წლიდან უნდა ავირჩიოთ. მას კანონი უკრძალავდა ფონდში მსგავსი თანამდებობის დაკავებას", - აცხადებენ ფონდში „ივერიისა".

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბურჭულაძე რამდენიმე დღეში გააკეთებს განცხადებას ფონდ „ივერიისა"-დან წასვლის შესახებ, ფონდი კი პაატას გარეშე დამოუკიდებლად გააგრძელებს მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი