logo_geo
„ფიზიკური ლიკვიდაციაც კი არ არის გამორიცხული“ - რა ელოდება მიხეილ სააკაშვილს?
- +

15 ნოემბერი. 2016. 14:51



მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ ჩნდება კითხვები, რა ბედი ელის მას. არის ვარაუდი, რომ მას შეიძლება უკრაინის დატოვება მოუწიოს, ან პოროშენკომ იგი საქართველოს გადასცეს, რაზეც თავად ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ასე არ მოიქცევა.


 „მე ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, ის მსგავსი რამის გამკეთებელი არ არის. მხოლოდ წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ ის საქართველოს გადამცემს. თუნდაც ასე იყოს. საქართველოში 600 ათასი მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები", - განაცხადა პასუხად სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკვე უკრაინის მოქალაქის, საქართველოში ექსტრადიციას გამორიცხავენ ქართველი ექსპერტები, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ თუკი ის პეტრო პორიშენკოსთვის მიუღებელი გახდება, შესაძლოა სისხლის სამართლის  საქმის აღძვრის მუქარით მას უკრაინის დატოვება აიძულონ, ნაწილი კი იმ ალბათობასაც უშვებს, რომ იმდენად დაპირისპირებულია მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ ოლიგარქებთან, რომ შესაძლოა, მის მოკვლასაც შეეცადონ.


ელის თუ არა მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა, ამასთან დაკავშირებით გაზეთი „რეზონანსი" ამბობს, რომ ამ საკითხზე პირველად დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ალაპარაკდა.


„პირველი, ვინც თბილისში სააკაშვილის შესაძლო პატიმრობაზე ალაპარაკდა, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი იყო, რომელმაც თქვა, რომ ცოტა ხანში სააკაშვილის მიმართ სს დევნა დაიწყება უკრაინაში და ქვეყნებს შორის „ტაციაობა" წავა, თუ სად მოიხადოს პირველი სასჯელი მან", - წერს გაზეთი „რეზონანსი".

 

„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოთხოვნილია, თუმცა ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ცოტა ხანში ქვეყნებს შორის წავა ტაციაობა, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა. სავარაუდოდ, როგორც საქართველოს, უკრაინასაც არ ექნება უფლება, თავისი მოქალაქე სხვა ქვეყანას გადასცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს მაინც მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სულ მალე დაიწყება მის მიმართ სს დევნა, ასე რომ, რიგში მოგვიწევს ჩადგომა - ან ჩვენ ვიქნებით პირველი, სადაც პასუხს აგებს, ან უკრაინა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


„რეზონანსი" აქვე აქვეყნებს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებას, რომელსაც ნაკლებ სარწმუნოდ ეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ უკრაინაში ან მისი ექსტრადიცია მოხდეს საქართველოში.

 

„მართალია, უკრაინას შენარჩუნებული აქვს მართვის საბჭოთა სტილი, მაგრამ მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლება დამოკიდებულია დასავლეთზე, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც უკრაინა რუსეთთან საომარ ვითარებაში იმყოფება და დასავლეთი მას გარკვეულ ფინანსურ დახმარებას უწევს, ვგულისხმობ როგორც ცალკეულ სახელმწიფოებს, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა თუ მსოფლიო ბანკს. აქიდან გამომდინარე, უკრაინისთვის მომგებიანი არ იქნება, ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდეს. ჩვენ ვიცით, რა პრობლემები შეექმნა უკრაინას იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში, როდესაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე სს დევნის დაწყება არ მოხდება", - მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.



გაზეთი „რეზონანსი" მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც აცხადებს, რომ დღეს უკრაინაში ძალიან მძიმე სიტუაციაა და სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაციაც კი არ არის გამორიცხული.


„მიხეილ სააკაშვილის თავს იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილმა საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა და უკრაინის ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში შევიდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფიზიკური ლიკვიდაციაც კი არ არის გამორიცხული. ეს ქვეყანა მთლიანად არეულია და საკმაოდ აგრესიული ჯგუფებით საკმაოდ მაღალი რისკის ზონაშია", - ამბობს გია ხუხაშვილი.


ექსპერტის თქმით, უკრაინაში ძალიან ბევრი ჯგუფი მოქმედებს და ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა. სააკაშვილი კი ტოტალურ დაპირისპირებაში არა მარტი პოროშენკოსთან, არამედ ძალიან ბევრ სხვა სახიფათო ჯგუფთანაა.


აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მწვავედ არის დაპირისპირებული ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან, რომელიც უკრაინაში სიმდიდრით მეორე ადამიანად მიიჩნევა და ძალიან აქტიურია პოლიტიკაში, მას საკუთარი ტელევიზია აქვს და ჰყავს შეიარაღებული დაჯგუფება „უკრნაფტა".


„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში არის სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც საკუთარი შეიარაღებული ძალებიც ჰყავს. უკრაინას გარკვეულწილად 90-იანი წლების საქართველოს სიმპტომები ახასიათებს, როდესაც იყო „მხედრიონი", გვარდია და ა.შ. სააკაშვილი კი ყველა ამგვარ ჯგუფთან კონფლიქტში შევიდა, ამიტომ გამორიცხული არაფერია. სხვა გზაც არ ჰქონდა და ის წავიდა ამ რისკზე. მას კარად ესმის, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას დღეს", - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.


იგი გამორიცხავს იმას, რომ ექს-პრეზიდენტის ოფიციალური ექსტრადიცია მოხდეს, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ამბობს, რომ არცერთი ქვეყანა უცხო ქვეყანას საკუთარ მოქალაქეს არ გადასცემს. თუმცა, უშვებს იმის ვარაუდს, რომ შეიძლება საქართველოსთან შეთანხმებით რაღაც სპეცოპერაცია ჩატარდეს, თუმცა ამას ნაკლებად ელის.


გია ხუხაშვილი ეხმაურება სააკაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც, რომ თუ საქართველოს ციხეში აღმოჩნდება, მისი მომხრეების ზეწოლით „ოცნების" ხელისუფლება იძულებული გახდება, გაუშვას. ის ამბობს, რომ სააკაშვილის გამო რევოლუციას არავინ მოაწყობს.


გამოცემა აქვეყნებს პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებასაც, რომელიც ამბობს, რომ პროცესები იქით მიდის, საბოლოო ჯამში სააკაშვილს უკრაინის დატოვება მოუწევს. მისი თქმით, განცხადებები მოისმინა იმაზე, რომ შესაძლოა უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრას, თუმცა თვლის, რომ ასე არ მოხდება.


„არ მგონია, რომ უკრაინამ გადადგას ნაბიჯი და თავისი მოქალაქე გადმოსცეს ქართულ სახელმწიფოს. მოქალაქე რომ არ იყოს, დარწმუნებული ვარ, მაშინაც არ გადადგამდა ამ ნაბიჯს. განცხადებები მოვისმინე, რომ შესაძლოა უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრასო, თუმცა რამდენად რეალურია ეს, არ ვიცი. სამართლებრივად რაღაც დარღვევები შეიძლება იყოს, მაგრამ მის დაპატიმრებას უფრო დიდი რეზონანსი ექნება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით და პოროშენკოც ამ ფაქტორს გაითვალისწინებს.

 

თუმცა ჯერ არაფერია აღძრული და შესაძლოა, არც არაფერი მოხდეს. ხოლო თუ სააკაშვილი მაინცდამაინც სირთულეებს შეუქმნის უკრაინას, პოროშენკო შეეცდება, ის აიძულოს და ქვეყანა დაატოვებინოს. პროცესები მაინც აქეთკენ მიდის, ვიდრე ის, რომ მისი ექსტრადიცია მოხდეს ან სს საქმე აღიძრას უკრაინაში. ვნახოთ, სად იპოვის ახალ თავშესაფარს", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.


„რეზონანსთან" საუბარში ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ხელს არ აძლევს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავდეს და უფრო ურჩევნია, რომ ის იყოს ძებნილი. ვახტანგ ძაბირაძე მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომ თბილისში ექსტრადირების შემთხვევაში მისი 600 ათასი მხარდამჭერი „ოცნების" ხელისუფლება აიძულებს და ის ერთ კვირაში თავისუფლებაზე იქნება.


„არც ქართულ ხელისუფლებას და არც მოსახლეობას არ აძლევს ხელს მიხეილ სააკაშვილი იყოს ციხეში და იყოს რაღაც არასტაბილური ვითარების მუდმივი დეტონატორი. სააკაშვილმა კი თქვა, 600 ათასი მომხრე მყავს და გამათავისუფლებენო, მაგრამ არ უთქვამს, რომ 800 ათასი მოწინააღმდეგე ჰყავს და ეს არითმეტიკა ამ შემთხვევაში არ გაჭრის. შესაძლოა პრობლემები შექმნას და სამოქალაქო დაპირისპირების რაღაც ფონი გამოიკვეთოს. ეს ქვეყნისთვის კარგი არ იქნება, მაგრამ მე სააკაშვილს პროცესების ასე განვითარებას არ ვურჩევდი, რადგან ეს პროცესები მისთვის ყველა ვარიანტში კატასტროფულად დასრულდება. მის მიმართ საგარეო მხარდაჭერა მცირდება და მე მგონი, ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება. მან ძალიან ბევრი არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა დასავლეთისთვის და დღეს, მისნაირი არასტაბილური ლიდერი არც უკრაინაში აწყობთ პოლიტიკური პროცესების მმართველად და არც საქართველოში. ასე რომ, სააკაშვილს დასავლეთის დიდი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუ მას რომელიმე ქვეყანა მიიღებს, ესეც დიდი პლუსი იქნება მისთვის. სააკაშვილი ნელ-ნელა რეალობას წყდება, რაც მისთვისაც ცუდია", - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი