logo_geo
„თვითმფრინავის ბიჭების“ ეკრანული ვერსია – 2017 წელს „მძევლებში“ გაცოცხლდება“
- +

21 ნოემბერი. 2016. 22:46


 

„ჩემს პერსონაჟს ფილმში შვილი უპირისპირდება, რომელიც „თვითმფრინავის გამტაცებელი" ბიჭების მეგობარია", - მსახიობი მიშა გომიაშვილი ექსკლუზიურად „კვირასთან" ახალი ქართული ფილმის „მძევლების" დეტალებს ჰყვება.


ფილმი, რომელიც 1983 წლის 18 ნოემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის ისტორიის მიხედვით შეიქმნა მხატვრული და დოკუმენტური ისტორიების შერწყმით, ახალგაზრდა რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა გადაიღო.


ფილმის გადაღებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სცენები, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს, საქართველოში და მოსკოვშია გადაღებული.


გამოცდილი მსახიობი „კვირასთან" რეჟისორის ოსტატობაზე საუბრობს და ფილმის დეტალებს ამხელს.


„ჩემი პერსონაჟი არაა ამ ფილმში გამოგონილი პერსონაჟი, ჩემი პერსონაჟი რეალურად არსებობდა, ეს იყო ტელერადიო კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, მაგრამ არა ის, ვინც მაშინ მართლა იყო აღნიშნულ თანამდებობაზე. ჩემი პერსონაჟის შვილი უკვე მხატვრული სახეა. ფილმში ჩემი შვილი არის თვითმფრინავის გამტაცებელი ბიჭების მეგობარი, რომელიც არ წაიყვანეს გატაცების დღეს, როცა მათი დახვრეტის განაჩენი გამოცხადდა, წარმოიდგინეთ ჩემი გმირის მდგომარეობა, აქედან პარტია და მანდატი, იქიდან კი შვილი, ფაქტობრივად ვკარგავ შვილს", - ამბობს მიშა გომიაშვილი.


სცენები, რომელიც თვითმფრინავში ვითარდება, მოსკოვშია გადაღებული, რადგან, როგორც მიშა გომიაშვილი ამბობს, საბჭოთა თვითმფრინავის მოძებნა საქართველოში საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. „სცენა, რომელიც თვითმფრინავში ვითარდება, მოსკოვშია გადაღებული, რადგან ძლივს ვიპოვეთ ერთი ძველი, იმ პერიოდის საბჭოთა თვითმფრინავი.


გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოში და მოსკოვში. წყალტუბოში გადავიღეთ ქორწილის სცენა. მე ვიცი, რომ ქართველი მაყურებელი მალე ძალიან მაგარ და მასშტაბურ ფილმს ნახავს „მძევლების" სახით,"-ამბობს მიშა გომიაშვილი.


გამოცდილი მსახიობი ახალგაზრდა რეჟისორის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. მიშა გომიაშვილი რეზო გიგინეიშვილს ჰოლივუდის რეჟისორებისგანაც კი გამოარჩევს.


„რამდენ ფილმში მაქვს მონაწილეობა და მიღებული და რამდენი როლი შესრულებული. უამრავ რეჟისორთან მქონია საქმე, მათ შორის ჰოლივუდის რეჟისორებთანაც, მაგრამ რეზოს პროფესიონალიზმმა გამაოცა.

 

თავიდან დავინახე ერთი პატარა ლაწირაკი ბიჭი და ვიფიქრე, როგორ უნდა ემართა მას 300-კაციანი სცენები, მაგრამ მასთან მუშაობამ მსგავსი განცდა საერთოდ გამიქრო.

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ფილმი ძალიან კარგი საყურებელი იქნება. ამ ადამიანს შეუძლია დიდი ოსტატობით გადაიღოს უმნიშვნელო დეტალიც კი",- განაცხადა გომიაშვილმა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 







 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი