logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პანდემიას საქართველო, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს
- +

26 იანვარი. 2021. 21:02

 

„ერთი მხრივ, სავსებით გასაგებია ადამიანების წუხილი, მოიხსნას ყველა შეზღუდვა იმიტომ, რომ ისინი დაიღალნენ, ეკონომიკა ჩაკეტილია, ეს აისახა თითოეული ადამიანის ყოფით პირობებზე, შეუმცირდათ შემოსავალი და მათი შინაგანი პროტესტი ადამიანურად გასაგებია, მაგრამ არის მეორე, ობიექტური რეალობა“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალტრანიუსის“ ეთერში  განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში შეზღუდვები არათუ მცირდება, პირიქით, მკაცრდება.

 

„ეს ხომ არ არის ვინმეს ბრალი? ყველაზე ნაკლებად ეს არის მთავრობის „კაპრიზი“. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პანდემიას საქართველო, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს. ტყუილად გგონიათ თქვენ, რომ სადმე, რომელიმე ქვეყანაში ან ქალაქში, უფრო ნაკლები შეზღუდვებია, ვიდრე საქართველოში. გაცილებით მეტი შეზღუდვებია და იქ შეზღუდვები არათუ იხსნება, მკაცრდება თანდათან. მთლიანად ჩაიკეტა ისრაელი, ინგლისში საბუთის გარეშე უფლება არ აქვთ სახლიდან გამოვიდნენ და შეუძლიათ წავიდნენ მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში ან მარკეტში. იგივე მდგომარეობაა ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში. ეს ობიექტური რეალობაა. შეიძლება სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია. მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ჩვენთან ადამიანები შეწუხდნენ. კი ბატონო, მობეზრდა ხალხს შედარება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ექიმებმა? მათ შედარება მობეზრდათ, მაგრამ ჩვენ ეს შედარება იმიტომ მოგვყავს, რომ ადამიანებმა გაგვიგონ, რომ ეს რაც ქვეყანაში ხდება, არ არის ვინმეს მიზეზით. ეს მთელ მსოფლიოში ასეა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?“ , - განაცხადა ცერცვაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი