logo_geo
თეა წულუკიანი: ეს არ იქნება სამინისტრო, რომელიც უბრალოდ ფულს იხდის და შემდგომ არ აინტერესებს, როგორ იხარჯება
- +

22 მარტი. 2021. 19:15

 

„უპირველესი სამინისტროსა და ჩემი ვალდებულება იქნება, რომ თამაშის წესები, სამინისტროსა და ფედერაციებს შორის იყოს ნათელი და გაცხადებული“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„სულაც არაა სავალდებულო, რომ სამინისტროს მიერ გაცხადებულ წესებს, ფედერაციები დაეთანხმონ. მაგრამ სამინისტრო, რომელიც მათ აძლევს ფულს და საკმაოდ დიდ თანხებს, ვალდებულია, რომ გააცხადოს, რა არის მისი ხედვა. ჩვენი ხედვაა, აუცილებლად იქნება ის, რომ ჩვენ ფედერაციებს, დაფინანსების საკითხების გადაწყვეტისას მივცემთ ასევე რჩევებს. მაგალითად აუცილებელი გახდება, რომ ფედერაციებში დაინერგოს ანტიკორუფციული მექანიზმები და ამხელა თანხების გამოყენებისას, სამინისტროს, მთავრობას, ანუ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ იხარჯება ფული“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

ამასთან, წულუკიანის განცხადებით, სქემა თავიდანვე ცხადი უნდა იყოს, რადგან თუ მოხდა გადაცდომები, მერე იქნება გვიან.

 

„იქ, სადაც ბევრი ფული იყრის თავს, იმ ორგანიზაციაში აუცილებლად უნდა იყოს ანტიკორუფციული მექანიზმი. ის ფედერაცია, რომელიც ამას არ დაეთანხმება, ეს მისი უფლებაა. მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით სამინისტრო, რომელიც უბრალოდ ფულს იხდის და შემდგომ არ აინტერესებს, ის ფული როგორ იხარჯება. სამინისტრო თავის თავს მისცემს ყველა იმ ინსტრუმენტსა და საშუალებას, ჩემი ჩართულობით, უხეშად რომ ვთქვათ, ამ ფულის შესაბამისი შედეგი იყოს ის, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის სახელისთვისა და დიდებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, ფედერაციებისგან ექნება ასევე ის მოლოდინი, რომ ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდებსაც.

 

„რადგან ახალგაზრდობის კომპეტენცია ამ სამინისტროში იქნება, ჩვენ გვექნება საშუალება, საინტერესო პროექტები განვახორციელოთ“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა ფედერაციების დაფინანსების საკითხში სიახლეები გაჩნდეს.

 

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აისახება თანხაზე. შესაძლოა ზოგიერთ პატარა ფედერაციას, რომელიც უკეთესად იმუშავებს სკოლის ბავშვებთან, სოფლად ახალგაზრდებისთვის, სჭირდება უფრო მეტი თანხა, რატომაც არა. მაგრამ კითხვები დაისმება ლეგიტიმური და თანამშრომლობის რეჟიმი გაგრძელდება. ასევე კონტროლის მექანიზმები იქნება ისეთი, რომ ფედერაციებს თავისუფლებისა დამოუკიდებლობის ხარისხი ჰქონდეთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/193179/tea-tsulukiani-es-ar-iqneba-saministro-romelits-ubralod-puls-ikhdis-da-shemdgom-ar-ainteresebs-rogor-ikharjeba

 

big_banner
არქივი