logo_geo
როგორ მიიღო შოთი ნოზაძემ სერიალში დაბრუნების გადაწყვეტილება?
- +

24 მარტი. 2021. 21:22

 

მსახიობი შოთიკო ნოზაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დაბრუნდა, შესაბამისად, თენგო, რომელიც მაყურებელს მონატრებული ჰყავს, რუსეთიდან ჩამოდის და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

 

შოთიკო ნოზაძე: წელიწად-ნახევარია, რაც სერიალი დავტოვე და „კომედი შოუში“ გადავედი. ცოტა ხნის წინ კი მთელმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, „რუსთავი 2“ დაგვეტოვებინა და „ფორმულაზე“ გადავსულიყავით. ამის შემდეგ შევთანხმდით სერიალში დაბრუნებაზეც, რაც ძალიან გამიხარდა. ყველა მეკითხებოდა, რატომ დატოვე სერიალი, როდის დაბრუნდები, რა მოხდებაო და აი, ბრუნდება თენგო რუსეთიდან. მე კი სერიალში დაბრუნების შემდეგ მგონია, რომ მხოლოდ ორი კვირით ვისვენებდი და არა ამდენი ხნით.

 

სერიალის შემდეგ „კომედის“ მიმართულებას ადვილად შეეგუე?

 

– ეს მიმართულება ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, ცოტა გამიჭირდა კიდეც და ჯერ კიდევ შეგუების პროცესში ვარ. დიდი მადლობა გუნდს ალეკო მალხაზიშვილის მეთაურობით, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო. ახლა „კომედი შოუშიც“ ვარ და სერიალშიც – ორივე საქმე ძალიან მომწონს. გული სწყდებოდა მაყურებელს სერიალი რომ დავტოვე, ამის გამო მეც მწყდებოდა გული, მაგრამ იმ დროს ასე იყო საჭირო. ამის მიზეზებზე დეტალურად საუბარი არ მინდა. მე, ზურამ და ქეთიმ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და აღარ მინდა, წარსულს მივუბრუნდე.

 

– არ გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება?

 

– არ მინდა, ერთ ჩარჩოში მოვიაზრებოდე. სერიალის შემდეგ ახალი მიმართულებით მოვსინჯე ძალები და ეს საინტერესო მგონია. „ფორმულა კრეატივმა“ ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ თუ სხვა შესაძლებლობაც მომეცემა, უარს არ ვიტყვი. ერთ როლში ჩარჩენა არ მინდა. მარტო „თენგოი“ მესმოდა და მესმის, მაგრამ ვცდილობ, მის ჩრდილქვეშ არ ვიყო, რამდენად გამომდის ეს, არ ვიცი. მსახიობი ვარ და მრავალფეროვნება და განსხვავებული სპეციფიკით მუშაობა ჩემთვის საინტერესოა.

 

– პოლიტიკურმა შეხედულებებმა იქონია გავლენა შენს გადაწყვეტილებაზე სერიალის დატოვებასთან დაკავშირებით?

 

– არ მესმის, რატომ უნდა მოქმედებდეს პოლიტიკური შეხედულებები ხელოვნებაზე. პოლიტიკური პროცესებისადმი ინტერესი ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის ბუნებრივი მგონია, მაგრამ საკუთარ საქმეში გადაწყვეტილებების პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით მიღება არასწორად მიმაჩნია. არა, მე ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებების გამო არ მიმიღია.

 

– თენგოსავით შემტევი და საკუთარი სიტყვის ბოლომდე გამტანი ხარ?

 

– ჩემი სიტყვის ფასი ვიცი და ჩემი გადაწყვეტილებები, სწორია თუ არასწორია, ჩემია და მასზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თენგოსავით შემტევი არ ვარ. ის შეიძლება, არასწორ აზრსაც ბოლომდე მიაწვეს და თავისი გაიტანოს, მე ვცდილობ, ჩემ გარშემო რაც შეიძლება მეტი სიმართლე იყოს. ვცდილობ, სუფთად ვიარო.

 

– ბიზნესის ამბავში დაემსგავსე, არა?

 

– კი, თენგოს არსებობამდე დაბადების დღის ცენტრში ვმუშაობდი და ამ საქმეში რამდენიმეწლიანი გამოცდილება დამიგროვდა. თენგოს შემდეგ გამიჩნდა სურვილი, საკუთარი დაბადების დღის ცენტრი მქონოდა და მოვახერხე ჩემი ოცნებისთვის ფრთების შესხმა. რუსთავში გავხსენი დაბადების დღის ცენტრი, რომელსაც მე თვითონ ვმართავ. პანდემიის დაწყებამდე ძალიან კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ ამ მდგომარეობის ფონზე იძულებული ვარ, დაკეტილს ვუყურო იმ შენობას, რომელთანაც ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს.

 

აქამდე ბიზნესის მართვის გამოცდილება არ გქონია. როგორ გაუმკლავდი?

 

– კი, აქამდე არ ვიცოდი ბიზნესის მართვა, მაგრამ სიყვარულით მივუდექი და გამოვიდა. ძალიან მიყვარს ეს საქმე, პირველ ადგილზე ვაყენებ და ამიტომ მართვაც გამიადვილდა. ბიზნესი სიყვარულით არ კეთდება, მაგრამ ჩემი გამოცდილების შედეგად დაგროვებული კონტაქტებით, მეგობრების დახმარებით, მგონია, რომ სწორ გზაზე დავდექი და რომ ვხედავდი, გამოდიოდა, ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა. ყველაფერი რომ კარგად მიდიოდა, ზუსტად მაშინ გამაჩერა პანდემიამ, მაგრამ ისეთ „მუღამში“ ვარ, როგორც კი გარემოება ამის საშუალებას მომცემს, უფრო მეტად განვითარებაზე დავიწყებ ფიქრს.

 

– მანამდე რესტორანიც გახსენი, ამ ბიზნესს რა ბედი ეწია?

 

– მანდ რაღაც გაურკვევლობა მოხდა და ეგ ბიზნესი ძალიან მალე დავტოვე. ეს არ იყო ჩემი საკუთარი საქმე და როგორც ხდება ხოლმე ბიზნესპარტნიორებში განხეთქილება თუ დაძაბულობა, ჩვენთანაც ასე გამოვიდა. რაღაცებზე ვერ შევთანხმდით, ამიტომ ვარჩიე, ამ საქმიდან წამოვსულიყავი.

 

– თენგო და ბაქარი დაგემართათ?

 

– დაახლოებით, ეგრე გამოვიდა, მაგრამ შედარებით მსუბუქად. ჩვენი გზები გაიყარა, მაგრამ რეალურად უფრო რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი, ვიდრე მეგონა და მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად ამისთვის. ამიტომაც გადავწყვიტე ამ საქმიდან გამოვსულიყავი.

 

– ოჯახურ ამბებზეც ვისაუბროთ – უკვე დიდი გოგოს მამა ხარ...

 

– ნინე სამი წლის არის – ძალიან მოუსვენარი „ვერცხლის წყალივით“ ბავშვია. „კედლებზე დადის“, ზომიერად გვაბრაზებს, მაგრამ რაც მთავარია, ჭკვიანია. ოდნავ ხმამაღლა რომ ვეტყვი ხოლმე რამეზე, არ შეიძლება ამის გაკეთება, ნუ ამტვრევ-მეთქი, გაიგებს ხოლმე, მაგრამ მეორე წუთში აღარ ახსოვს და იმავეს იმეორებს. უკვე ის ასაკი აქვს, როცა ყველაფერი აინტერესებს და ზოგჯერ ისეთ კითხვას მისვამს, ვფიქრობ ხოლმე, ვაიმე, რა ვუპასუხო-მეთქი?! (იცინის).

 

– მეუღლესთან ურთიერთობა...

 

– ჩვენი ურთიერთობა, დაახლოებით, ისეთივეა, როგორიც დასაწყისში იყო. განსხვავება ისაა, რომ უფრო და უფრო უკეთ ვუგებთ, ვეჩვევით და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი. ბევრს ვფიქრობთ ჩვენს შვილზე და საერთო მომავალზე. ძირითადად, სოფოს უწევს ბავშვის აღზრდა, მე, დროის მიხედვით, ძალიან შეზღუდული ვარ.

 

– სოფო არ აპროტესტებს?

 

– სამწუხაროდ, მართლა ვერ ვახერხებ მათთან ერთად ხშირად ყოფნას, მაგრამ სოფო ამას გაგებით ეკიდება. ყველაფერში გვერდით მიდგას და მეხმარება, რომ ჩემი საქმე კარგად გავაკეთო. სოფო თავადაც მუშაობს, ბავშვი ბაღში დადის და ძიძაც ჰყავს. ისე არაა, რომ მარტო ბავშვსა და ოჯახურ საქმიანობაზე იყოს გადართული. თუმცა, ვფიქრობ, რომ მშობელმა, როგორც დედამ, ისე მამამ, რაღაც პერიოდი, ბავშვს უნდა დაუთმოს და თავის წვლილი შეიტანოს მის აღზრდაში. უბრალოდ, ჩვენ ისეთ ფუფუნებაში არ ვცხოვრობთ, რომ სახლში დაჯდე, ფეხი ფეხზე გადაიდო და ყველაფერი თავისით მოდიოდეს. ყველა მოკვდავს გვიწევს ბევრ რამეზე ზრუნვა, ისევ და ისევ ჩვენი ოჯახისა და შვილებისთვის და ამისთვის შრომაა საჭირო, რაც დროს მოითხოვს.

 

https://tbiliselebi.ge/ka/news/show-business/ra-gankhetkileba-mouvida-shotiko-nozadzes-biznespartniortan-da-rogor-miigho-man-serialshi-dabrunebis-gadatskvetileba

 

big_banner
არქივი