logo_geo
რატომ არ უნდა დაუნიშნოთ ხანდაზმულ პაციენტს 3 პრეპარატზე მეტი?
- +

11 მაისი. 2021. 18:39

 

 

გერიატრმა დინარა რამიშვილმა ხანდაზმულ ადამიანებში მედიკამენტების მოხმარების წესების შესახებ „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გარკვეული მედიკამენტები ხანდაზმულებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ:

 

არის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მივიღოთ. ჩვენ რომ მივიღოთ საღამოს თბილი რძე თაფლით, უკეთ დაგვაძინებს, ვიდრე მედიკამენტი. რადგან ასაკოვანი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტს არ მიიღებ. დაგინიშნავენ, მაგრამ მხოლოდ იმას, რაც გჭირდება. მოხუცებში ყველა დაავადება არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ტკივილგამაყუჩებელი არ არის აუცილებელი. გავაკეთებთ ვარჯიშებს, მასაჟებს, ვისაც რა შეეფერება, რომ თავი ავარიდოთ მედიკამენტს“, - ამბობს რამიშვილი.

 

დინარა რამიშვილის თქმით, ​ხანდაზმულებში ოქროს წესია მცირე დოზის პრინციპი:

 

„ხანდაზმულებში ოქროს წესია მცირე დოზის პრინციპი. თუ ჩვენ შუახნის ადამიანს ვუნიშნავთ 0,5 მილიგრამ რომელიმე პრეპარატს, ხანდაზმულს უნდა დაენიშნოს 0,3 ან 0,25. ის მეტს ვერ აიტანს. ხანდაზმულ ასაკში ყველა ფუნქცია ქვეითდება. ნებისმიერი მედიკამენტის ნარჩენი პროდუქტები გამოიყოფა ღვიძლის ან თირკმელების გზით. ხანდაზმული ადამიანის თირკმელი ვერ გამოყოფს იმდენს, რამდენიც არის საჭირო, ხდება დაგროვება. დამამშვიდებლები, სედატიური საშუალებები პირდაპირ იწვევს დემენციას. ტკივილგამაყუჩებლები იწვევს კუჭ-ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს. ისედაც სავალალო მდგომარეობაში გვაქვს კუჭ-ნაწლავი. ასაკოვან ხალხში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კუჭის მოქმედება. ხანდაზმულ პაციენტს სამ პრეპარატზე მეტი არ უნდა დაენიშნოს. სამი პრეპარატი თუ კარგად აიტანა, ესეც უნდა გვიხაროდეს. მე არ ვეტყვი, რომ წნევის წამალი არ დალიონ, მე არ ვეტყვი, რომ არითმიისთვის წამალი არ დალიონ, მაგრამ ვეტყვი, რომ ტკივილგამაყუჩებლები გადადეთ, არ არის აუცილებელი. გაიარეთ ცოტა, იმოძრავეთ. საძილეც არ არის აუცილებელი. ტვინის უჯრედების მკვებავი ჟანგბადზე უკეთესი არაფერი არ არის“, - განაცხადა დინარა რამიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი