logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: ჩემი შვილის მკვლელის ადვოკატი მირდატ ქამადაძე დღეს აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია!
- +

22 მაისი. 2021. 00:33

 

 

„რვა წელზე მეტია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ჩემი შვილის საქმე თაროზეც კი არ არის შემოდებული,“ - ამის შესახებ პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე, „რეპორტიორთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

მისი თქმით, ეს იმის ბრალია, რომ დღეს პროკურატურა იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სააკაშვილის დროს საშინელებებს სჩადიოდნენ.

„სააკაშვილის დროინდელი ოპოზიციის ლიდერებიდან დღეს ბევრი ხელისუფლებაშია. მათთან ყოველი შეხვედრისას მიჩნდება კითხვა - რომ ვამბობთ ხოლმე, რაღაც საქმეები თაროზე შემოდესო, არ იძიებენო - რვა წელზე მეტია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ჩემი შვილის საქმე თაროზეც კი არ არის შემოდებული, რადგან აღარსად არ იძებნება. ეს, იცით, რისი ბრალია? დღეს პროკურატურა იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სააკაშვილის დროს საშინელებებს სჩადიოდნენ, ბევრი მათგანი, ალბათ, დაწინაურებულიც არის. ჩემი შვილის მკვლელის ადვოკატი მირდატ ქამადაძე დღეს აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია! საქმე, იცით, რაშია? ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში არიან, ჰგონიათ, რომ პოლიტიკაში ყოფნა არის იმ ადამიანებთან ერთობა, რომლებიც სანამ პოლიტიკაში მოვლენ, ხალხს სიკეთეს ჰპირდებიან, მოსვლის შემდეგ კი იმას უხსნიან, რატომ ვერ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. დღეს ჩემი გიორგის ხსენება საერთოდ არ არის - ახსენებენ სანდრო გირგვლიანს, ბუტა რობაქიძეს, რადგან ამ ორი ახალგაზრდას საქმე მართლაც თეთრი ძაფით იყო ნაკერი და თავისი სისასტიკით გამოირჩეოდა. გირგვლიანის დასახიჩრებულ სხეულს რომ ვხედავ ხოლმე ფოტოებზე, დღესაც ცუდად ვხდები. ან ბუტას მკვლელობა - 100-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი, განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩაცხრილული. თუნდაც ამ ორი მკვლელობის ხშირად ხსენებით და კადრების ჩვენებით, კარგად ჩანს სააკაშვილის რეჟიმის ნამოქმედარი, მათი სახე - გიორგი ერთი გასროლით მოკლეს და ეს საქმე, ეტყობა, არ არის ისეთი, რომლითაც ხალხს შეახსენებენ მიშას ხელისუფლების დაუნდობლობას. მოკლულის პატრონისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს ერთი ტყვია ესროლეს თუ ასი? უდანაშაულო ახალგაზრდებს რომ ქუჩაში ჩახოცავ, ამას რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს? არიან მშობლები, რომლებიც მარტო თავის შვილზე საუბრობენ - არა, ბატონო, მე ასე არ ვარ. მე ვსაუბრობ ქუჩაში დახვრეტილი სხვა ადამიანების გამოც, რომლებიც ჩემი გიორგივით ბეღურებივით ჩახოცეს...“ - აცხადებს ჯამბულ გამცემლიძე.

 

სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=156963

 

 

big_banner
არქივი