logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: ელისო კილაძე საფრთხეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსთვის!
- +

7 ივნისი. 2017. 15:33


„დღეს იმდენად ბევრი სენსაციური მასალა ქვეყნდება ელისო კილაძის შესახებ, გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ ვაპირებდი ამ ორომტრიალში ჩაბმას, თუმცა, როგორც ხედავთ, მაინც მიწევს ამის გაკეთება", - წერს „საერთო გაზეთის" მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა და გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შესახებ საუბრობს.


„მიზეზი ამისა კი ის გახლავთ, რომ მიუხედავად კილაძის მაკომპრომეტირებელი ფაქტების სიუხვისა, რომლებშიც მართლაც ბევრი რამ არის გამაოგნებელი და სკანდალური, ჩემი აზრით, მაინც უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: რასთან და ვისთან გვაქვს საქმე ჟურნალისტის მანტიამოსხმული ამ ქალბატონის სახით, რომლის „მოღვაწეობა", კარგა ხანია, გასცდა ჟურნალისტიკის ფარგლებს და, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, სახელმწიფოსთვის საშიში და სახიფათო ხასიათი მიიღო.

 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ელისო კილაძის სახით, რომელიც ხუთი წელია, „რადარებიდან" არ ჩამოდის, მოქმედებს კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც აბუჩად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, ეჭვქვეშ აყენებს საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურების არსებობას, შეურაცხყოფს, ცილს სწამებს, ლაფსა და ტალახში სვრის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გაბედავს და პროტესტს გამოთქვამს იმ უმსგავსობის წინააღმდეგ, რასაც კილაძე და მისი გასაიდუმლოებული ჯგუფი სჩადის, აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც, წესით და რიგით, შესაბამისი სტრუქტურების სეიფებში უნდა იყოს დაცული, ჰყავს ინფორმატორების, როგორც მათ კილაძე მოფერებით ეძახის, - „ჩიტების" მთელი გუნდი, აქვს 42-გვერდიანი გაზეთი, რომლის შენახვასაც ძალზე სერიოზული თანხები სჭირდება, მაგრამ კილაძისთვის ესეც არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას. როგორც თავად კილაძე ამბობს, ფლობს გაურკვეველი გზებით მოპოვებული ფარული აუდიო და ვიდეო-ჩანაწერების უზარმაზარ ბიბლიოთეკას და ა. შ. და ა. შ.

 

მოკლედ რომ მოვჭრათ, კილაძე კი არა, რაღაც გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა, რომელიც ძალზე დახვეწილი, მზაკვრული მეთოდებით ეფექტურად ებრძვის და შეძლებისდაგვარად ძირს უთხრის და აზიანებს სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფო კი დამნაშავესავით თავჩაქინდრული დგას და მორჩილად იტანს ყველაფერს.

 

არაფერი არ მეჩვენება, არაფერი მელანდება, არაფერს ვაზვიადებ - ელისო კილაძე და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტი" განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსთვის, რომელსაც კილაძემ და მისმა დაჯგუფებამ უკვე მიაყენა სერიოზული ზიანი", - წერს ვახტანგ ხარჩილავა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი