logo_geo
პალესტინაში გადაიდო არჩევნები, რომელიც 15 წლის შემდეგ პირველად უნდა ჩატარებულიყო
- +

30 აპრილი. 2021. 11:07

 

 

 

 

პალესტინის ძირითადი ფრაქციები შეთანხმდნენ, გადაიდოს დაგეგმილი არჩევნები, რომელიც ქვეყანაში,15 წლის შემდეგ პირველად, უნდა ჩატარებულიყო.

 

ქვეყნის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, მიზეზი ისრაელთან კონფლიქტის გამო, აღმოსავლეთ იერუსალიმში ხმის მიცემასთან დაკავშირებული სირთულეებია.

 

ისრაელი ჯერ კიდევ არ ავრცელებს ინფორმაციას, მიეცემათ თუ არა აღმოსავლეთ იერუსალიმის მოსახლეობას არჩევნებში ფოსტით მონაწილეობის უფლება, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო.

 

„ჩვენ სათანადო გადაწყვეტილებას მივიღებთ, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები აღმოსავლეთ იერუსალიმში, ჩვენს მარადიულ დედაქალაქში, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების უფლება“, - ამბობს პალესტინის პრეზიდენტი.

 

პალესტინაში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ჩატარება 22 მაისს იგეგმებოდა.

 

პალესტინის სახელმწიფოს ძირითადი კანონის თანახმად, ქვეყანას უნდა ჰყავდეს არჩეული პრეზიდენტი და საკანონმდებლო საბჭო. თუმცა, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში არჩევნები 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. მაჰმუდ აბასი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2009 წელს გაუვიდა, კვლავ ინარჩუნებს პრეზიდენტის პოსტს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო 2007 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, რაზეც პრეზიდენტმა 2018 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უახლოეს 6 თვეში ორგანიზება გაეწეოდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნების ჩატარებას, თუმცა, წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, ეს არ მომხდარა.

 

რაც შეეხება უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას; პალესტინის სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალების 6 დანაყოფი მოქმედებდა დასავლეთი სანაპიროს ტერიტორიაზე, რის წყალობითაც, პალესტინის სახელმწიფოს სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. ღაზას სექტორში, ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს აპარატი, დასავლეთი სანაპიროში არსებული სტრუქტურის მსგავსი იყო. ზოგიერთ შემთხვევაში, ჰამასის დეფაქტო „სამოქალაქო“ ინსტიტუციები აკონტროლებდნენ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას, რათა ჩაეხშოთ შიდა განხეთქილება. ამას გარდა, ისრაელი ინარჩუნებდა დასავლეთ სანაპიროში სამხედრო კონტიგენტს, რომელზეც ეფექტურ კონტროლს ისრაელის სამოქალაქო სამსახურები ახორციელებდნენ.

 

დასავლეთ სანაპიროს პალესტინელი მოსახლეობა ძირითადად კონცენტრირებულია ე.წ. ზონა A-ში, რომლის უსაფრთხოებაზეც, ოსლოს მოლაპარაკებების თანახმად, ფორმალურად პალესტინის სახელმწიფოა პასუხისმგებელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, აქ ისრაელის უსაფრთხოების ძალები პალესტინის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად აწარმოებდნენ სამხედრო ოპერაციას. ზონა B პალესტინა-ისრაელის საერთო კონტროლსაა დაქვემდებარებული, ხოლო ზონა C-ს უსაფრთხოებაზე თავიდან ბოლომდე ისრაელია პასუხისმგებელი.

 

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოს შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ ისრაელის მთავრობა კვლავ აგრძელებდა მძიმე და დისკრიმინაციული შეზღუდვების დაწესებას პალესტინელებისთვის, ზღუდავდა რა ხალხისა და საქონლის გადაადგილების ღაზის სექტორიდან და, ასევე, ხელს უწყობდა დასავლეთი სანაპიროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაელი მოქალაქეების დასახლებას, რაც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით. ისრაელის მიერ ღაზის სექტორის 12 წლიანი ჩაკეტვა, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ეგვიპტის მიერ დაწესებული შეზღუდვები საზღვართან, მნიშვნელოვნად ზღუდავს იქ მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელის უფლებებს, კერძოდ – საგანმანათლებლო, ეკონომიკური, ჯანდაცვის, სასმელ წყალსა და ელექტროენერგიაზე წვდომის კუთხით. ღაზის მოსახლეობის 80 % დამოკიდებულია ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი