logo_geo
ინდოეთში ისევ უმძიმესი მდგომარეობაა
- +

16 მაისი. 2021. 23:46

 

 

ინდოეთში მცხოვრები ქართველი თამარ ლაშაური ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ინფიცირებულთა საგანგაშო ნიშნულის მიუხედავად, ქვეყანაში რეგულაციებს მაინც არ იცავენ. ლაშაირის მონათხრობს ჟურნალი „გზა“ აქვეყნებს.

 

 

 

„ეპიდემიამ უცებ იფეთქა და მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა მანამდე ინდოეთმა შეძლო, ერთ წელზე მეტხანს სიტუაცია ეკონტროლებინა – თავიდანვე ჩაკეტეს საზღვრები და ლოკდაუნი გამოაცხადეს. გარეთ ვერ გადიოდა ვერავინ. ალბათ ნახეთ კადრები, როგორ ურტყამდა პოლიციელი ფეხებში კაცს, რომელმაც რეგულაციები დაარღვია და არ დაემორჩილა. ჯარიმებიც იყო დაწესებული. 3 თვეზე მეტხანს ვიყავით ჩაკეტილები, მერე თითქოს ყველამ დაივიწყა კორონას არსებობა, დაიწყეს დიდი ქორწილების გადახდა, აღარ ჰქონდათ შიში. აქ 2-3-ათასკაციანი ქორწილები იციან. არადა, სახელმწიფომ 50 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალა. აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღესასწაულს.

 

 

 

ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა დაამძიმა მდგომარეობა. გარდა ამისა, ხალხი პანიკაშია. ჰგონიათ, ჰაერის უკმარისობა “კოვიდის” გამო აქვთ და საავადმყოფოებში გარბიან, სინამდვილეში კი პანიკური შიში იწვევს ამ უკმარისობას, სპაზმს. უყურებენ კადრებს, ესმით, რომ მათ საახლობლოში ვიღაც გარდაიცვალა და ეშინიათ. საავადმყოფოებს აღარ აქვთ იმდენი ადგილი, რომ ყველა დააწვინონ და ვისაც რეალურად სჭირდება, მათ ვეღარ ეხმარებიან.

 

 

 

 

 

გუშინ გავედი ქუჩაში და გამიკვირდა, რომ ახლაც არ იცავენ ელემენტარულ რეგულაციებს, ნიღბები წესების დაცვით არ უკეთიათ, ზოგისთვის კვლავ არ არსებობს კორონა. ფერმერები გაიფიცნენ, უკვე 6-7 თვეა, არც ერთი მათგანი არ ატარებს პირბადეს და უცნაურია, მაგრამ არავინ არ დაინფიცირებულა, ძალიან მიკვირს. ვიცი ოჯახი, სადაც კაცს დაუდასტურდა, აპარატზე იყო შეერთებული, მის მეუღლეს კი, რომელსაც სიმსივნე აქვს, საერთოდ არ შეხვდა, არც შვილს. ესეც აუხსნელია ჩემთვის. აქ ბევრია ისეთი დასახლება, სადაც ღატაკი ხალხი ცხოვრობს. მათ საერთოდ არ უკეთიათ პირბადეები და ასეთ დასახლებებშიც არ არის მოდებული ვირუსი. შეიძლება მაღალი იმუნიტეტი აქვთ.

 

 

 

რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ვაქცინაცია ადგილობრივი ვაქცინითაც და შემოტანილითაც. პირველი მაისიდან 18 წლიდან ზემოთ ახალგაზრდებიც შეძლებენ უფასო ვაქცინაციას. ნებაყოფლობითია, არავის არ აიძულებენ. ინდოეთშიც იყო შემთხვევები, რომ აიცრნენ, მაგრამ მაინც დაინფიცირდნენ. 100%-იან გარანტიას არავინ გაძლევს, თუ აიცრები, „კოვიდი“ აღარ შეგხვდება, ოღონდ თუ შეგხვდება, ადვილად გადაიტან.

 

ჯერჯერობით, ვაქცინის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე, თორემ ისე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემს მეგობარს აქვს კერძო საავადმყოფო და იღებს კოვიდპაციენტებს. მისგან ვიცი, რამდენად რთული სიტუაციაა შექმნილი. ჰქონდათ ისეთი მომენტები, როდესაც ჟანგბადი ეწურებოდათ და უნდა აერჩიათ, რომელი პაციენტი გადაერჩინათ. ექიმისთვის ძალიან რთული გადასაწყვეტია, ერთი ადამიანი გაწირო და მეორე გადაარჩინო. პრობლემა ჟანგბადის ნაკლებობაა, სწორედ ამ მიზეზით იღუპება ხალხი.

 

 

 

ისეთი შეშინებულია ხალხი, ჟანგბადის ბალონებს იმარაგებს, იქნებ დაგვჭირდესო. ამან შექმნა დეფიციტი. ბევრი წამალი, რომელიც პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკვე აღარ იყიდება აფთიაქებში. არსებობს ასეთი რელიგიური მიმდინარეობა – სიქიზმი, რომელიც შემწყნარებლობას ქადაგებს. განთქმულები არიან ქველმოქმედებით და ბევრ რამეში ეხმარებიან მოსახლეობას, გაჭირვებულებისთვის უფასოა კვება, შექმნილ რთულ სიტუაციაში უანგაროდ აძლევენ ჟანგბადის ბალონებს მათ, ვისაც სჭირდება… “ინსტაგრამზე” ბევრი მიმდევარი მყავს და მეც აქტიურად ვარ ჩაბმული ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაში, თუ ვის რა სახის დახმარება სჭირდება.

 

 

 

რაც შეეხება ვირუსისადმი ხალხის დამოკიდებულებას, ყველას სხვადასხვა აზრი აქვს: ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება, ზოგი თვლის, რომ პანდემია მალე დასრულდება, ინდოეთს ისეთი რთული პერიოდები გადაუტანია და ესეც გაივლის 10-15 დღეშიო… უფრო ოპტიმისტები არიან. მეც ასეთი ვარ, მაინც იმედის თვალით შევყურებ ხვალინდელ დღეს. საქართველოში მოსახლეობა სულ სამი მილიონია, ინდოეთში კი, მარტო დელიში, 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს!

 

 

 

ამდენ ინფიცირებულს უბრალოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება… ხომ ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, მაგრამ მაინც მუშაობს ყველაფერი. მომსახურების სფერო მაღალ დონეზეა. მოსამსახურეც კი ყველასთან მიდის, არ ფიქრობს, რომ დაინფიცირების შიშით არ მოვიდეს შენთან და არც თვითონ უშვებ, რომ აუკრძალო მუშაობა“, – ამბობს თამარ ლაშაური.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი