logo_geo
გელა ზედელაშვილი: მაინტერესებს, მარიხუანა გაიყიდება აფთიაქებში, მაღაზიებში თუ ბაზრობებზე?!
- +

12 დეკემბერი. 2016. 01:16



პატივცემული საზოგადოების ერთი ნაწილი ღაღადებს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მარიხუანას ლეგალიზაცია. კი, ბატონო, დავუშვათ, მოხდა „თეთრი ბოლის" ლეგალიზაცია. ამ შემთხვევაში, მაინტერესებს:


1. მარიხუანა გაიყიდება აფთიაქებში, მაღაზიებში თუ ბაზრობებზე? თუკი მოხდება „ბოლის" დეკრიმინალიზაცია, ანუ ლეგალიზაცია, მაშინ მისი რეალიზაციაც უნდა იყოს ლეგალიზებული, რათა მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია და მოსაწევი არ ეძებოს ისევ შავ ბაზარზე. ეს ელემენტარულია, როდესაც ჩნდება ლეგალური მოთხოვნა, მიწოდებაც უნდა იყოს ლეგალური!


2. საიდან შემოვა მარიხუანა, ისევ იმპორტთან გვექნება საქმე თუ ადგილობრივი წარმოება უნდა განვავითაროთ?


3. ვის ხელში იქნება მარიხუანას ბიზნესი, ხომ არ მოჰყვება ამას "დაბოლების" სხვა საშუალებების შემოპარებაც და ხომ არ გვექნება საქმე ბინძურ აღებ-მიცემობასთან?


4. ვინ და როგორ გააკონტროლებს სიტუაციას, რომ მარიხუანას მომხმარებლებისგან არ დავზარალდეთ არამომხმარებლები? წესით, მომხმარებლებს უნდა აეკრძალოთ ავტომობილის მართვა, რა უნდა გააკეთოს პატრულმა, როგორ უნდა გაზომოს, რა დონის "დაბოლილი" ზის საჭესთან? ამას, ალბათ დასჭირდება სპეციალური აპარატურა!


5. აეკრძალებათ თუ არა "დაბოლილებს" სახელმწიფო სამსახურებში მუშაობა? აეკრძალებათ თუ არა ისეთ კერძო სამსახურებში მუშაობა, სადაც მაღალი რისკები არსებობს? ხომ არ მოითხოვენ ასეთები შემდგომში პრივილეგიებს და არ დაიწყებენ ჩივილს, ჩვენ ვიჩაგრებით, არსად არ გვიღებენ სამუშაოდო?


6. თუკი საკუთარი სხეულის მიმართ დანაშაულებრივი მოპყრობა არ უნდა დაისაჯოს, მაშინ რატომ არ ვითხოვთ პროსტიტუციის ლეგალიზებას? მით უმეტეს, თბილისი უკვე წალეკა ბორდელებმა და ბიუჯეტი კარგავს მილიონობით დოლარს!


როგორც ხედავთ, შეკითხვები ბევრია. საქმე არ არის მარტივად - ანუ „მომაკიდებინე, მომაწევინე"-ში. ვინც ითხოვს მარიხუანას ლეგალიზებას, მას ამ კითხვებზეც უნდა ჰქონდეს პასუხები!

 

გელა ზედელაშვილი 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი