logo_geo
თბილისში 500 ადგილია, სადაც შეიძლება მეწყერი ჩამოწვეს
- +

24 მაისი. 2018. 14:48

 

სპეციალისტების მტკიცებით, თბილისში 500-ზე მეტი მეწყერსაშიში ზონაა. მათი განცხადებით, პოტენციურად ყველა ფერდობი ეროზიის, ქვათაცვენის, კლდეზვავის ან მეწყრის რისკის შემცველია.

 

მიუხედავად ამისა, მშენებლობა გეოლოგიურად საშიშ ზონებში წუთითაც არ შეჩერებულა. ეკოლოგების განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვის გაცემის წესი უნდა გამკაცრდეს. კომპანიების უმეტესობა პროექტების განხორციელებისას საბჭოთა კავშირის დროინდელი გეოლოგიური დასკვნებით ხელმძღვანელობს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

 

მშენებელთა ლიგის დამფუძნებელი ამბობს, რომ სამშენებლო პროცესის დაწყებამდე მიწის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა არ ხდება, რაც მომავალში დედაქალაქსა და მის მცხოვრებლებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროს მერაბ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 1 წელიწადში შეიქმნება გეოლოგიური საფრთხეების ზონების რუკა, სადაც გამოყოფილი იქნება ტერიტორიები გეოლოგიური საშიშროებიდან გამომდინარე. მსგავსი კვლევა ქვეყანაში პირველად ტარდება.

 

გაფრინდაშვილის თქმით, საველე კვლევები დღესაც მიმდინარეობს, თუმცა უკვე შეფასდა მეწყრული ადგილები, რომელთა რაოდენობა თბილისში, შემოერთებული სოფლების ჩათვლით, უკვე 500-ს აჭარბებს.

 

თბილისის მთელ ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. მომავალი წლის მაისისთვის მზად იქნება გეოლოგიური ანგარიში შესაბამისი რუკით, სადაც გამოყოფილი იქნება ტერიტორიები, გეოლოგიური საშიშროებიდან გამომდინარე - მაღალი, საშუალო, დაბალი და უსაფრთხო ტერიტორიები. საველე კვლევები დღესაც მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი