logo_geo
ოჩამჩირეში, ქართველების 14 ნასოფლარში, სირიელი ლტოლვილების ჩასახლება იგეგმება
- +

26 ივნისი. 2018. 13:33

 

 

„აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება მუჰაჯირთა შთამომავლების შეგროვების პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწყებს. დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში და მათი განსახლება მოხდება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ძირითადად ქართველების ნამოსახლარზე. როგორც ე.წ. რეპატრიაციის საქმეთა მინისტრი ბესლან დბარი აცხადებს, რეპატრიანტების განსახლება მოხდება გაგრის, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში – ის უკვე შეხვდა ამ რაიონების დე-ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს”, – წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „ოჩამჩირეში, ქართველების 14 ნასოფლარში, სირიელი ლტოლვილების ჩასახლება იგეგმება“.

 

„ჩვენი დიასპორა ამას დიდი ინტერესით შეხვდა, უკვე მივიღეთ დიდი რაოდენობით განცხადებები ჩვენი თანამემამულეებისგან, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან, სამუდამოდ დაბრუნდნენ აფხაზეთში. დღეისთვის აფხაზეთში ცხოვრობს 5 000 რეპატრიანტი, 200 ბავშვი ამ ოჯახებიდან ჩვენს სკოლებში სწავლობს. მას შემდეგ, რაც სირიამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ჩვენთან სირიიდან ჩამოვიდა 2 ოჯახი…“ – განაცხადა დბარმა. ოჩამჩირის ადმინისტრაციის უფროსმა ხრიპს ჯოპუამ კი ოჩამჩირეში ქართველების მიერ მიტოვებულ შენობებზე ისაუბრა, სადაც ახლა რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება – „ოჩამჩირის რაიონში ცარიელია 14 სოფელი, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ. ოჩამჩირეში არის ორი საცხოვრებელი კორპუსი, აქედან ერთში 20 ბინა უკვე მზადაა საცხოვრებლად, მეორეში – 78. სოფელ აჩგუარაში არის შესაძლებლობა, ჩავასახლოთ 5 000 ადამიანი. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, იქ უკვე მიმდინარეობს სკოლის მშენებლობა, სადაც 170-მდე ბავშვი ისწავლის, არის ბევრი ცარიელი მიწაც, რომელიც ასევე შეგვიძლია ჩვენს თანამემამულეებს გადავცეთ…“ – თქვა ჯოპუამ. აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის ლევან კიკნაძის თქმით, რეპატრიანტთა ჩამოსახლების საკითზე აფხაზები წლებია მუშაობენ, ისინი ჩამოიყვანეს თურქეთიდან, იორდანიიდან, მაგრამ მალევე უკან გაბრუნდნენ”, – აღნიშნავს გამოცემა.

 

„სეპარატისტული ხელისუფლების მთავარია მიზანია, შექმნან ბუფერული ზონა, დაასახლონ რეპატრიანტები და ხელი შეუშალონ ქართველების დაბრუნებას აფხაზეთში. საკურორტო ზონაში, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ამის უფლებას კრემლი არ მისცემს. რომ ამბობენ, გაგრაში დავასახლებთო, შეიძლება სალაპარაკოდ რამდენიმე ოჯახი ჩაასახლონ. რეპატრიანტთა ჩასახლება ძირითადად მოხდება ოჩამჩირის რაიონში – იმიტომ, რომ დიდი ტერიტორიაა და ფაქტობრივად დაუსახლებელი. ოჩამჩირის ზონაში ბევრი სახლია მიტოვებული და ალბათ აქცენტი სწორედ ამ ზონაზეა და სეპარატისტთა მიზანი ნათელია – არ დატოვონ ცარიელი ადგილი, რომ ქართველები არ დაბრუნდნენ. მაგრამ მთავარი კითხვა ჯერ პასუხგაუცემელია – დათანხმდებიან თუ არა ამ წინადადებას თავად რეპატრიანტები… ძირითადად ალბათ ჩამოსახლება მოხდება სირიიდან, რადგან იქ საომარი მოქმედებებია და ეს ხალხი იძულებულია, დატოვოს ტერიტორია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კიკნაძე.

 

„ასევე დგას საკითხი, რამდენად აქვთ ამის ფინანსები აფხაზებს, რომ ასეთი მასობრივი კამპანია წამოიწყონ ან დაეხმარება თუ არა ფინანსურად რუსეთი,  რადგან ამ ხალხს უნდა შეუქმნან საცხოვრებელი პირობები, უნდა აჭამონ და დაასაქმონ, რასაც ფული სჭირდება. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, სირთულის წინაშე ვდგავართ – თუ გავაპროტესტებთ, გამოდის, რომ ხელს ვუშლით სირიიდან წამოსულ დევნილებს, რისი მორალური უფლებაც არა გვაქვს და რუსებიც აქცენტს გააკეთებენ იმაზე, რომ ისინი დევნილები არიან. რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ გავაპროტესტოთ ქართველების სახლებში ჩასახლება და ქართველების საკუთრების ხელყოფა“, – მიიჩნევს ლევან კიკნაძე.

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ანზორ წოწონავა აფხაზეთში რეპატრიანტთა დაბრუნების კამპანიას ეჭვის თვალით უყურებს და ამბობს, რომ რეპატრიანტები არც თურქეთიდან დაბრუნდებიან და არც იორდანიიდან. რაც შეეხება სირიას, მიუხედავად იმისა, რომ იქ ომია, ხალხს იქ დარჩენა ურჩევნია, რადგან „კარგად იციან, რომ აფხაზეთში არც ომია და არც სიცოცხლე“... – წერს სტატიის ავტორი.

 

„გულრიფშშიც ჰყავდათ ჩამოსახლებულები, მაგრამ მალევე უკან გაბრუნდნენ. ახლა ამბობენ, ოჩამჩირეში ჩამოასახლებენო, მაგრამ არც იქ გამოუვათ რამე. საკურორტო ზონაში კი რეპატრიანტებს არავინ ჩამოასახლებს – გაგრა და მთელი სანაპირო ზოლი რუსებმა უკვე დაიკავეს. მათ თავიდანვე არ უნდოდათ გაგრის აქეთ წამოსვლა – მათი მიზანი იყო აფხაზეთის საკურორტო ზონის ათვისება, რაც გააკეთეს კიდეც… მიზეზად მოჰყავთ, რომ დემოგრაფიული პრობლემები აქვთ და რეპატრიანტთა დაბრუნების კამპანია სწორედ ამას ემსახურება. დემოგრაფიული პრობლემები მართლაც არის აფხაზეთში, აფხაზი ეთნოსი აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამთავრდა აფხაზთა ბოგინი, გაქრება როგორც ეთნოსი ჩვენი მიწა-წყლიდან. აი, ეს გაუკეთა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ აფხაზ ხალხს“, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანზორ წოწონავა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი