logo_geo
გელა ზედელაშვილი: გავცვივდით სააღდგომოდ ქალაქიდან და ძლივსღა შემოვეტიეთ!
- +

11 აპრილი. 2018. 00:56

 

 

გავცვივდით თფილისიდან. ვინც კახეთის ტრასაზე, ლილოსა და პატარძეულში ცუდად დამცილდა, თითქმის ყველა ვნახე დალეწილ-ამოყირავებულ-დაჭყლეტილი საგარეჯოში, ბადიაურსა და მელაანში.

 

რა იყო, აღდგომის დღეებში რომ არ დალეწოთ “მანქნები” და არ დაილეწოთ თავ-პირი, სხვა დღეები აღარ არსებობს? დაილეწეთ ხოლმე საახალწლოდ, იმას მაინც იტყვით, წელიწადი ჩავამთავრეთო.

 

შემოვცვივდით. კოლონას ბოლო ლაგოდეხში ჰქონდა, თავი კიდევ ლილოში. ძლივს შემოვეტიეთ თფილისში. მილეწ-მოლეწეს “მანქნები” ჯიგიტებმა, მიარტყ-მოარტყეს გომბორის დაღმართზე, ვეღარ იმორჩილებდნენ ნერვებსა და საჭეებს. პატრული კიოდა: BMW, სად ძვრები, რომ ძვრები, შენ გგონია, მალე ჩახვალ თფილისში?! ცოტა ხანს შემოძვრა BMW რიგში, მაგრამ პატრული მიეფარა თუ არა თვალს, ისევ დაიწყო ძრომიალი, წაჰკრა-წამოჰკრა “მანქნებს” და გადახტა მინდორში.

 

მოკლედ, გავცვივდით სააღდგომოდ ქალაქიდან და ძლივსღა შემოვეტიეთ. შეიძლება ცოტა ხანში საერთოდ ვეღარ შემოვეტიოთ. 

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი