logo_geo
გარდაიცვალა კოსმოსური ტექნიკის ერთ-ერთი მამამთავარი ვახტანგ ვაჩნაძე
- +

28 ოქტომბერი. 2018. 13:33

 

დაიბადა 1929 წელს ბელარუსის ქალაქ ბობრუისკში. საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა. მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში დაეუფლა ინჟინერ-მექანიკოსის პროფესიას. 1953 წელს, ნიჭიერი ახალგაზრდა სერგეი კოროლიოვმა  თავის საკონსტრუქტორო ბიუროში მიიწვია და აქედან დაიწყო მათი მეგობრობაც. 27 წლისამ პირველი ჯილდო დაიმსახურა- მოსკოვის დამცავი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნისთვის „საპატიო  ნიშნის ორდენი“ მიანიჭეს. შემდეგ იყო რაკეტა P-7, საიდანაც დაიწყო მეცნიერის კოსმოსურ სფეროში მოღვაწეობა. დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის შემქმნელ ჯგუფში მონაწილეობისთვის შრომის წითელი დროშის ორდენი დაიმსახურა. 27 წლისა, პირადად კოროლიოვის ბრძანებით, საამქროს უფროსად დაინიშნა, 45 წლისა კი მთავარი სამმართველოს უფროსია. ლენინური პრემია მიიღო ЛУНА- 3 გაშვებისთვის, რომელმაც პირველმა გადაიღო მთვარის უკანა მხარის ფოტოები. 1965 წლიდან ვახტანგ ვაჩნაძე ქარხნის მთავარი ინჟინერია. 1974 წელს დაინიშნა მანქანათმშენებლობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსად, ხოლო 1977-1991 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ენერგიას“ დირექტორად.

 

 ვახტანგ ვაჩნაძის ჯილდოებით შესაძლებელია საბჭოთა კოსმონავტიკის ისტორიის შეცნობა. 1989 წელს კოსმოსური სადგურ МИР-ის შექმნისთვის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს. მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა ავტომატური კოსმოსური სადგურები „ВОСТОК“, „ВОСХОД“,  „СОЮЗ“, ორბიტალური სადგურები „САЛЮТ“ და   „МИР“ი.

 

მისი მოღვაწეობის მწვერვალად ითვლება მრავალჯერადი კოსმოსური სისტემა „ЭНЕРГИЯ-БУРАН“.  ამ სისტემის შემუშავება დაიწყეს 70-იან წლებში  ამერიკული „შატლების“  საპირისპიროდ. „БУРАН“-ის პირველი და ერთადერთი გაშვება განხორციელდა 1988 წლის 15 ნოემბერს, ხომალდი ავტომატურ რეჟიმში, ეკიპაჟის გარეშე დაეშვა ბაიკონურის კოსმოდრომზე.

 

„უბედნიერესი ვიყავი, ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ეშვებოდა ხომალდი, მთელმა ცხოვრებამ ასეთ ბედნიერ წუთებში გაიარა, როდესაც თავდაუზოგავად შრომობ და წარმატება სახეზეა“.

 

„БУРАН“-ის გაშვებიდან 30-ე წლისთავამდე სამიოდე კვირაა დარჩენილი და სამწუხაროდ, მისი მთავარი შემოქმედი ვახტანგ ვაჩნაძე ამ იუბილეს ვეღარ მოესწრო.

 

 

 

big_banner
არქივი