logo_geo
ამირან ბუტურიშვილი: დღეს, ვაჟა დურგლიშვილის დაბადების დღეა!
- +

8 მაისი. 2020. 17:20

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუტურიშვილი, ვაჟა დურგლიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„დღეს, 8 მაისს, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, ვაჟა ფშაველას პრემიის ლაურეატის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვაჟა დურგლიშვილის დაბადების დღეა.

 

 

ვაჟა დურგლიშვილი დაიბადა 1948 წლის 8 მაისს  დაბა ახალგორში. 1955-1966 წლებში სწვლობდა ახალგორის №1 საშუალო სკოლაში. 1968-1972 წლებში - თბილისის სახელმწიფო საესტრადო სასწავლებელში, ხოლო 1979-1983 წლებში - თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკა-სიმღერის ფაკულტეტზე (რევაზ ლაღიძის კათედრა).

 

 

ვაჟა დურგლიშვილის პირველი წარმატებული ნაბიჯი უკავშირდება ანსამბლ „ორერას“ და მის ხელმძღვანელს, რობერტ ბარძიმაშვილს. მათ გააჟღერეს „გაზაფხულის სიმღერა”, რომლითაც ახალბედა კომპოზიტორი გაიცნო მუსიკალურმა სამყარომ. ამას მოჰყვა მრავალი სხვა სიმღერა და შემოქმედებითი კონტაქტი სხვადასხვა საესტრადო კოლექტივებთან: „ორერა“, „დიელო“, სახელმწიფო ორკესტრი „რერო“, ანსამბლი "75", რადიოსა და ტელევიზიის ორკესტრი, „ციცინათელა“, „ენგური“, „ლალე“, „ჯორჯია“ და სხვა.

 

 

ვაჟა დურგლიშვილი ნაყოფიერად მუშაობს საბავშვო მუსიკის დარგში. მისი სიმღერები შედის ანსამბლების: „მზიურის“, „ნერგების“, „მთიების“, „ლახტის“, ტელეგადაცემა „ბასტი ბუბუს“ რეპერტუარში. დაწერილი აქვს საბავშვო ოპერა-რევიუ „სათაგური“ (ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხევით, ლიბრეტოს ავტორი – გივი ჭიჭინაძე, რეჟისორი – გოჩა დეისაძე), რომელიც ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ მზიურის (მეორე თაობა) შესრულებით დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ხოლო შემდგომ მის მიხედვით ფილმი გადაიღო როგორც რესპუბლიკის, ასევე საკავშირო ტელევიზიამ.

 

 

შექმნილი აქვს 500-ზე მეტი საესტრადო სიმღერა, რომელთა შემსრულებლებს შორის არიან ნანი ბრეგვაძე, რობერტ ბარძიმაშვილი, თეიმურაზ წიკლაური, მანანა თოდაძე, ლელა წურწუმია, ბესიკ კალანდაძე, მერაბ სეფაშვილი, სერგო ღოღობერიძე, მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი.

 

 

1975 და 1983 წლებში ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ვაჟა დურგლიშვილის ორი საავტორო ფირფიტა-გიგანტი, რომელთა ტირაჟმა მილიონს გადააჭარბა.

 

 

2002-2005 წლებში დაიდგა მიუზიკლი „თავქარიანები“ ვასო აბაშიძის სახელმწიფო მუსიკალური კომედიის თეატრში (ლიბრეტოს ავტორი და რეჟისორი – ზურაბ კახიანი).

 

 

კომპოზიტორს გამოცემული აქვს ორი კრებული: 1. საფორტეპიანო პიესები; 2. კამერული მუსიკა.

 

 

2013 წელს 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა 100 სიმღერის კრებული - „გულმართალი კაცი მიყვარს“. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ვაჟა დურგლიშვილის სახელობის ვარსკვლავი.

 

 

ვულოცავთ ბატონ ვაჟას დაბადების დღეს! - წერს ამირან ბუტურიშვილი

 

 

big_banner
არქივი