logo_geo
მაცაცო მეგრელიშვილი: ყველფერი მამაჩემის ხსოვნას ეძღვნება...
- +

22 მაისი. 2021. 22:41

 

 

26 წლის მაცაცო მეგრელიშვილს, პირველი ხელნაკეთი ნივთების დასამზადებელი თანხა, მამამ მისცა. ამიტომაც, ყველა ნივთი და აქსესუარი, რასაც მაცაცო აკეთებს, გარდაცვლილი მამის ხსოვნას ეძღვნება.

 

 

 

თელაველი ჟურნალისტი, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ამბობს, რომ მამასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი ჰქონდა და ყოველთვის მისი მხარდაჭერით სარგებლობდა.

 

 

 

“მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. ყველა ჩვენგანს ხელოვნება უყვარს. მამა ყოველთვის ჩემი თანამდგომი და მხარდამჭერი იყო. სახელიც მან დამარქვა. პანდემიის დროს, ყველა სახლში რომ გამოვიკეტეთ, ვინატრე, ნეტავ ფული მქონდეს, პატარა წამოწყება მაქვს დაგეგმილი – მეთქი. მაშინვე ამოიღო ჯიბიდან გარკვეული თანხა და სწორედ მისი ნაჩუქარი თანხით შევიძინე მასალა, ჩემი პირველი ნაკეთობებისათვის” – ჰყვება მაცაცო პრაიმტაიმთან.

 

 

 

მაცაცო მეგრელიშვილს სახელოვნებო განათლება არ აქვს, არც ხატვა იცის, თუმცა, ბისერებითა და მძივებით, ყველაფრის მოქარგვა შეუძლია.

 

 

 

“ხატვა არ ვიცი, ნატურალური ქვებითა და ბისერებით ვმუშაობ. ამ მასალით, ყველაფრის შექმნა შემიძლია და არ ვიცი, როგორ გამომდის. ფერებიც თავისით ეწყობა. ერთნაირ ნივთებს არ ვაკეთებ, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია.”

 

 

 

ჟურნალისტის დამზადებულ ბროშებს, საქართველოს რუკის ფორმა აქვს. მაცაცო ამბობს, რომ ესეც სამშობლოს სიყვარულით კეთდება, რომელიც მამამ ასწავლა.

 

 

 

“სამშობლო უყვარდა ძალიან ძლიერად და მასთან ერთად, მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი. ჩემი ბროშებიც, საქართველოს რუკის ფორმით ამიტომ მზადდება. ვცდილობ, დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ასე გამოვხატო. თანაც, საქველმოქმედო მიზნით, გერმანიაში ვყიდი- ხოლმე ჩემს ნივთებს. ასე, რომ საქართველოს პოპულარიზაციასაც ვახდენ და გაჭირვებულებსაც ვეხმარებით. ფაქტობრივად, ორი საქმე, ერთად გამოდის.”

 

 

 

ნატურალური ქვებითა და ბისერებით მუშაობის გარდა, მაცაცო მეგრელიშვილი ხელით ქსოვს თოჯინებს, კაბის საყელოებს და ხეზე მუშაობაც გამოსდის.

 

 

 

“ყაისნაღით ვქსოვ, ხისგან ჩიტებისათვის სახლებსაც ვამზადებ. ამ ყველაფერს მძიმე შრომა სჭირდება. სახლში ოთხი წლის ქეთო მყავს, დავაძინებ და დილამდე ვმუშაობ. მერე ბავშვი ბაღში მიმყავს და პროფესიულ საქმესაც ხომ უნდა მივხედო. მამა რომ დავკრძალეთ, მესამე დღესვე განვაახლე მუშაობა. მას უნდოდა, ძლიერი და ფეხზე მდგომი ვენახე. ამიტომ არ უნდა დავცემულიყავი”.

 

 

 

ხუთი წლის განმავლობაში, ჟურნალისტი, თელავის უნივერსიტეტის ქალ ფრენბურთელთა გუნდშიც თამაშობდა, თუმცა ხელოვნების სიყვარულმა თავისი გაიტანა და გუნდიდან წასვლის შემდეგ, ხელნაკეთი ნივთების დამზადება, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

 

 

 

მომავალში, მაცაცო თექის ჩანთების დამზადებას გეგმავს, რომელსაც მხოლოდ ქართული ორნამენტები ექნება.

 

 

 

მთავარ ოცნებად კი, დიდი გალერეის შექმნა აქვს, სადაც საქველმოქმედო გაყიდვები მოეწყობა და თანხა სოციალურად დაუცველ ადამიანებს მოხმარდებათ. მაცაცო ამბობს, რომ ამაზეც მამასთან ერთად ფიქრობდა, ამიტომ გალერეას აუცილებლად გახსნის.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი