logo_geo
„გამოცხადებული კრიზის ქრონიკა ანუ როგორ შევ(ი)წიროთ პრეზიდენტი“
- +

17 იანვარი. 2017. 17:36



 

„მძაფრი პოლიტიკური მოვლენების თვალსაზრისით შედარებით მჭლე და ხალვათ პერიოდში, როგორითაც  შობა და ახალი წელი ხასიათდება ხოლმე საქართველოში, რა დროსაც, დიდი-დიდი, თოვლის პაპამ დაკლას სანტა და ისიც, უკიდურესად საეჭვო გემოვნების ვედეორგოლში, - დათო უსუფაშვილმა, უცაბედად, გიორგი მარგველაშვილის რიტუალური დაკვლის პროექტი შემოგვთავაზა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, მთავარი პროკურორის ყოფილი მაოდგილე ლაშა ნაცვლიშვილი წერს.


„თანაც, პოლიტიკური მსხვერპლშეწირვის ეს წარმართული რიტუალი იმდენად მძაფრ და ნატურალისტურ ფერებში წარმოგვიდგინა, ისე გულმოდგინედ მოარგო შახიდის ქამარი პრეზიდენტს და თვითლიკვიდაციის გზით კონსტიტუციური პროცესის საბოტირებისკენ იმდენად დამაჯერებლად უბიძგა, რომ შეშფოთებულმა მარგველაშვილმა სულ "ვიღაცა" უძახა ამ პოლიტიკურ-სამართლებრივი ეკვილიბრისტიკის ავტორს, რომლის რეალურ განზრახულობათა დასადგენად ტელენიუსებით ვეღარ შემოვიფარგლე და პირველწყაროს, ანუ საკუთრივ "კვირის პალიტრისათვის" მიცემულ ინტერვიუს მივაშურე ( https://goo.gl/cUHrjC ). მივაშურე, რადგან მელ გიბსონის პერსონაჟისგან განსხვავებით, რომელმაც ექსტრასენსორული უნარების წყალობით გვამცნო, თუ "რა სურდათ ქალებს",  პირადად მე, ტექსტთან რუტინული მუშაობა დამჭირდა, რათა მეცადა, დამედგინა, რა სურდა დათოს. ცდა კი, როგორც იტყვიან, ბედის მონახევრეა და მგონი, მივაგენი კიდეც პასუხს, რომელიც ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ასე ჟღერს:

 

"თუ არასახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება."

 

ხოდა, რადგან მიზანი ესოდენ ცხადი და ნათელია,  ყველაფერი დანარჩენი ზედმეტი ჭმუნვის გარეშე, უპრობლემოდ, მოერგება ამ მიზანს:

 

- მერე რა, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთრივ ჩემი, დათო უსუფაშვილის, გამარჯვების პერსპექტივა ნულს უტოლდება, - ამჟამინდელ ანაბიოზურ მდგომარეობაში ყოფას ხომ გაცილებით ჯობია თუნდაც ხელმოცარულ საპრეზიდენტო კანდიდატატად ყოფნა? ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური დეფიბრილაციაა ერთგვარი...

 

- მერე რა, "რომ მთელი ცხოვრება ვიყავი კლასიკური საპარლამენტო მოდელის მომხრე, როცა პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და იგი პირდაპირი წესით არ აირჩევა", თუ მიზანი "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკური პრობლემების შექმნაა, ამ პრინციპზეც უიოლესად ვიტყვი უარს;

 

- მერე რა, რომ არავის დაუდგენია, თითქოს "ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის სწორედ პირდაპირი წესით არჩევას", - თუ მიზანი "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკური პრობლემების შექმნაა, ავდგები და ვიტყვი, რომ, დიახაც, უჭერს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ როცა ფაქტები ჩვენს სურვილებს და მოსაზრებებს ეწინააღმდეგება, მით უარესია ფაქტებისთვის!

 

როდის იყო, ხალხის აზრი აწუხებდა სოციო-კულტურულ უმცირესობაში მყოფ, ლიბერალური დისკურსის ერთგულ პოლიტიკოსსო, იკითხავს მკითხველი და ოჯახის თაობაზე საკონსტიტუციო ჩანაწერის ინიცირებაზე პრინციპულ უარს გაუხსენებს მას, მაგრამ ვინ კითხავს მეტიჩარა მკითხველს, როცა საქმე დიად მიზანს - პირდაპირი წესით არჩეული ოპოზიციური პრეზიდენტის მეშვეობით პერმანენტული პოლიტიკური კრიზისების ინიცირების მომხიბლავ პერსპექტივას ეხება?!

 

მოკლედ, არ დამჭირდეს თორეეეემ, ხალხის არარსებულ ნებასაც გამოვიგონებ, ამ ნების ერთგულება-ნაროდნიკობასაც, არც ფიცად დადებული პრინციპების უარყოფაზე და შეთანხმებებზე ვიტყვი უარს და არც კონსტიტუციური პროცესის საბოტირებას მოვერიდები, - მთავარია არ დამჭირდეს, თორემ ცულს მოვიტან ცინცულასო...  

 

არა, ამ მატაობიდან რომ არაფერი გამოვა, ეგ მეორე საკითხია და მაგას მარგველაშვილიც კი მიხვდა, დათო - ნამეტნავი სისუსტე იგრძნო მანაც...

 

სხვათა შორის, ამ თემის განხილვისას, ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, მგონი, უსუფაშვილის ამოცანა მაღალი კლასის პოლიტიკურ-სამართლებრივი ტექნიკის დემონსტრირება და ამ გზით ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონება უფროაო, რასაც პრინციპულად ვერ დავეთანხმე - არანაირ დამატებით  "დეფილეს"  დათოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილი არ საჭიროებდა, რადგან იგი ყოველთვის უმაღლეს შეფასებას აძლევდა უსუფაშვილის პოლიტიკურ გამოცდილებას და იურიდიულ კვალიფიკაციას; მაშინაც კი, როცა ზნე დაუწუნა და უსაყვედურა, ნიჭს და უნარს სათანადოდ არ იყენებთ,  საერთო-სახალხო და სახელმწიფო  საქმის კეთების რესურსი არ გავთ, რადგან სახელმწიფო თქვენთვის პარტიით იწყება და პარტიით მთავრდებაო ( https://goo.gl/xp1hwl ).

 

ხოდა, ახლა, როდესაც ასე თვალნათლივ, ციტატა-ციტატა დავრწმუნდით, რომ  "კვირის პალიტრისთვის" მიცემული მთელი ინტერვიუ, ფაქტიურად, ბიძინა ივანიშვილის მიერ საჯაროდ გამოთქმული პრეტენზიების მართებულობის პირდაპირი აღიარება და დასტურია, ერთი კითხვა მრჩება პასუხგაუცემელი და იქნებ დამეხმაროს მკითხველი - მაშინ რატომღა ყარა ქოში უკუღმა და რატომ გაღიზიანდა, თუ ყველაფერში ეთანხმებოდა ბიძინას?" -  წერს ლაშა ნაცვლიშვილი.



 

big_banner
არქივი