logo_geo
სტეფანე: არ მაინტერესებს არაფერი ჩემი შვილის გარეშე...
- +

7 მაისი. 2018. 23:10

 

 

რაც „იქს ფაქტორის" ახალმა სეზონმა იაღო სტარტი, დიდი ვნებათაღელვა დაიწყო. სტეფანე მღებრიშვილი „იქს ფაქტორის“ ჟიურის „სტაჟიანი“ წევრია. მასთან საუბარი მეგაპროექტით დავიწყეთ, შემდეგ კი შვილზე - ფანიზე და ზოგადად, მამა-შვილობის თემაზე გადავინაცვლეთ.

 

სტეფანე მღებრიშვილი: წლევანდელი „იქს ფაქტორი“ ყველაზე კარგია და ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგადაა გაკეთებული, ოდესმე გაკეთებულთაგან შორის... ბევრად უკეთ მობილიზებული და ორგანიზებულია, სულ სხვანაირი სიმშვიდე იგრძნობა. ჟიურის თითოეულ წევრს დიდი გამოცდილება აქვს, ზოგს - ტელევიზიაში, ზოგს - მუსიკაში ან ორივეში ერთად, ჩვენ ოთხივე დიდი ხანია, „ინთერთეიმენთს“  ვემსახურებით. რაც შეეხება კონკურსანტებს, ორი გადაცემა ვნახეთ და კიდევ ორი ქასთინგის ტურია დარჩენილი. ყოველ წელს აღარაა საინტერესო იმაზე საუბარი, როგორი კარგი კონკურსანტები გვყავს, მაგრამ ფაქტია, რომ ნიჭიერი ადამიანების ნაკადი არ ილევა, ასეთ პატარა ქვეყანას უამრავი ნიჭიერი ადამიანი ჰყავს.

 

- აღნიშნეთ, რომ წლევანდელი „ იქს ფაქტორი“, ბევრად უფრო კარგადაა გაკეთებული, ვიდრე გასულ წლებში იყო. ამაში რა იგულისხმება, ორგანიზების ხარვეზები, თუ სხვა პრობლემები?

 

- არა, არა, ხარვეზები „იქს ფაქტორს“ არასდროს არ ჰქონია, იმიტომ რომ ამ შოუს აკეთებს გუნდი, რომელიც ყველაზე გამოცდილია ამ ქვეყანაში და ალტერნატივა არ ჰყავს, ამიტომაც ვმუშაობ მათთან ასე ჩაჭიდებული, რომ ესაა ერთადერთი გუნდი ამ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ხარვეზები. უბრალოდ ყველა პროგრესული ადამიანი წინ მიდის და ეს ყველაფერი იხვეწება არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად. „იქს ფაქტორი“ იმ მასშტაბის შოუ არ არის, რაც „ევროვიზია“, მაგრამ რომ შევადაროთ, 80-იან წლებში ტექნიკურად როგორი იყო ეს კონკურსი და ახლა როგორია, დიდ პროგრესს ვნახავთ, იგივენაირადაა „იქს ფაქტორის“ შემთხვევაშიც. ადამიანი პროგრესული უნდა იყოს, უნდა სჯობნიდეს საკუთარ თავს, ესაა ცხოვრების არსი.

 

- როდესაც გამოდის თინეიჯერი, დაახლოებით თქვენი შვილის ასაკის კონკურსანტი, როგორი მიდგომა გაქვთ მასთან? მესმის, პროფესიონალიზმი წინაა და მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი შვილის ტოლია, არავინ გადაგყავთ შემდეგ ტურში, მაგრამ მაინც მეტად ლოიალური ხომ არ ხართ ხოლმე მათ მიმართ?

 

- რასაკვირველია, ფრთხილი ვარ მათთან, რადგან არ მინდა ფსიქიკა დავუზიანო, თუმცა ვფიქრობ, რომ ისედაც ფრთხილი ვარ ნებისმიერი ადამიანის შეფასებისას. არანაირ კომპრომისს არ ვუკეთებ არც ბავშვებს, არც დიდებს, მაგრამ მე ჩემი ზღვარი მაქვს.  არანაირად არ ვეხმარები ჩემს შვილს „გავარსკვლავებაში“, არ ვარ მომხრე ვარსკვლავი ბავშვების, რადგან ეს ცვლის მათ ცხოვრებას, ხასიათს. პოპულარობა არასდროს არააა ისეთი ხანგრძლივი, როგორიც ჩვენ გვინდა, მისი დაკარგვის შემდეგ კი უკეთეს შემთხვევაში ხდებიან ნარკომანები, ხშირ შემთხვევაშ კი სუიციდს მიმართავენ. ესაა უმძიმესი გადასატანი, ხშირად მშობლები ვერ იაზრებენ, სად მოჰყავთ შვილები. აქედან გამომდინარე, მე ჩემს შვილს არანაირად არ ვუწყობ ხელს, წინ წამოიწიოს პოპულარობის თვალსაზრისით, თუ იღებს მონაწილეობას თუნდაც, სკოლის ღონისძიებებში, ძირითადად დაკავებულია „მასოვკებში“ „ბუჩქის როლში“. თვითონ ძალიან აქტიური ტიპია, მაგრამ მე ავუხსენი, რომ არაა ეს საჭირო და როცა გახდება 18 წლის, თავად იფიქრებს პროფესიაზე. ამჯერად ჩვენ დაკავებული ვართ იმით, რომ მივცეთ ყველანაირი განთლება, მათ შორის მუსიკალურიც.

 

- ყველა მშობელს უნდა, უფრო მეტი დრო გაატაროს შვილთან, თუმცა აჩქარებული ცხოვრების რიტმი ხშირად ამის საშუალებას არ გვაძლევს... თქვენთან ამ მხრივ როგორაა საქმე?

 

- ბოლო კვირაა, იმ სიხშირით ნახვას ვერ ვახერხებ, რაც საჭიროა და ძალიან განვიცდი, თუმცა ყოველდღიური შეხება გვაქვს... ამაზე დატვირთული გრაფიკიც რომ მქონია, როცა აქტიურ ივენთმენეჯმენტს ვეწეოდი, მაშინაც კი შაბათ-კვირა იყო ოჯახის დღე. ახლაც ასეა, როგორი დაკავებულიც არ უნდა ვიყო, დროს მისთვის მაინც ვპოულობ, შეიძლება სხვა დღეებთან შედარებით უფრო მოკლე დროით ვნახო, მაგრამ ვიცი მისი ამბები, ვმეგობრობთ, მიყვება თავის ისტორიებს. მე არ მგონია, ჩემს შვილს ჩემი დეფიციტი ჰქონდეს მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, მაგრამ ბოლო დღეებში ცოტა ხნით ვნახულობ და ამას მე თვითონაც განვიცდი, თუმცა, მანაც იცის, რომ ამ დატვირთული გარფიკის შემდეგ ერთად მივდივართ დასასვენებლად და ავანაზღაურებთ იმას, რასაც ვკარგავთ. ჩემთვის ჩემი შვილია ყველაზე მნიშვენლოვანი ადამიანი და ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს, არ მაინტერესებს არაფერი მის გარეშე, ჩემი თავი რომ კარიერას მივუძღვნა და შვილი გამომრჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა და არც არის ასე ჩემს შემთხვევაში.

 

 

- რადმენად გახსნილია ფანი თქვენთან, თუ გიყვებათ საკუთარი პრობლემებს შესახებ?

 

- ზოგადად ძალიან დამოუკიდებელი ტიპია, ძირითადად თავად აგვარებს იმ პრობლემბს, რაც აქვს, გაგვიმართლა, რომ რამე გლობალური პრობლემა არ ჰქონია. რაც შეეხებას გახსნილობას და მეგობრობას, ვმეგობრობთ იმ დონეზე, რა დონეზეც მამა-შვილი უნდა მეგობრობდეს, ჩემთვის მიუღებელია, მშობლები და შვილები გადაბმული მეგობრები რომ არიან, ვფიქრობ, დისტანციური უნდა იყოს ეს მეგობრობაც და ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

 

- როდესაც გეწყინებათ მისგან რამე, როგორ გამოხატავთ ამას?

 

- დასჯაზე და ფიზიკურად შეხებაზე არც ვსაუბრობ. ეგ კი არა ძალიან პატარობიდანვე იცის, რომ თუ მისი მეგობრისგანაც კი მოისმენს, რომ ვინმეს ფიზიკურად უსწორდებიან, შეუძლია უთხრას, რომ დარეკოს პატრულში. ეს საკითხი როგორი მიუღებელია, ვერ აგიხსნით, ეგ კი არა, „აი, ტაკოზე წამოვარტყი“, თუ რაღაც საშინელებაც კი მაღიზიანებას და არ შემიძლია... რაც შეეხება ფანის, დედისერთაა, გათამამებულია, მაგრამ არა უზრდელი, ჩვენი ძირითადი სასაყვედურო თემა არის ის, რომ იმეცადინოს... ისეთ სკოლაში სწავლობს, სადაც მართლა ძალიან დატვირთულია და ცოტა ეს საკითხი გვაქვს საპრობლემო. როდესაც ვუბრაზდები, შეიძლება შოკოლადი არ ვუყიდო, რომელიც ძალიან უყვარს და გავებუტო, ერთხელ 2 დღე არ ველაპარაკებოდი... დიდხანს ვერ ვძლებ, ვერ ვუბრაზდები დიდი ხნით.

 

- რამ გაგაბრაზათ ისე, რომ 2 დღე არ ელაპარაკებოდით?

 

- უსაართლობამ, რაც შეიძლება ყველას დაემართოს.

 

 

- სკოლა ახსენეთ, მის მეგობრებს თუ იცნობთ, გასართობად გაშვების საკითი როგორ დგას თქვენთან?

 

- ფანი ქართულ-გერმანულ სკოლაში სწავლობს, მინდა გითხრათ, რომ ფანტასტიკური კლასელები ჰყავს, ერთი მეორეზე უკეთესები. ჩემს სხვა მეგობრებსაც დაჰყავთ შვილები ამ სკოლაში და ისინიც უზომოდ კმაყოფილები არიან. ერთხელ, ფანის მთელი კლასი დავპატიჟე სახლში, რასაც აღარასდროს გავიმეორებ. ნუ რა ხდებოდა ჩვენთან ვერ წარმოიდგენთ, ტვინი გამებზარა ხმაურისგან, დაანგირეს აქაურობა, დაშალეს ყველაფერი, მაგრამ გავიცანი მისი კლასელები და მართლა გაოცებული დავრჩი, ისეთი კარგები არიან. ერთადერთი, ფანის რაც ახასიათებს, არის ის, რომ იგინება, როგორც მისი მეგობრები, არადა, მე არ ვიგინები. ფსიქოლოგთანაც ვიყავით, მაგრამ გვითხრა, რომ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთო. ირგვლივ ეს ესმით, უყურებენ სერიალებს, სადაც იგინებიან და ამის ბრალია, ნუ რას ვიზმათ. რაც შეეხება ფანის გასართობად წასვლას, რასაკვირველია, დადის ყველგან და შეზღუდვა არ აქვს გაშვების საკითხში, მაგრამ სასტიკად ვეწინააღმდეგები ბავშვების ქუჩაში მარტო სიარულს და ეს აკრძალული გვაქვს. მას ჰყავს ძიძა, რომელიც დაჰყვება, თუ ის არ არის და მიდის მეგობართან, მიგვყავს ჩვენ. წესად გვაქვს დანერგილი ისიც, რომ თუ ჩვენ არ მივაკითხვათ წასმოაყვანად, მაშინ მოჰყავს იმ ოჯახის უფროს წევრს, სადაც დავტოვეთ. სასტიკად ვეწინააღმდეგები, 9-10-11 წლის ბავშვები რომ დადიან მარტოები, თუნდაც სკოლაში. მანიაკებისგან დაცულები არ ვართ და ასე ერთი შეხედვით ვერ ამოვიცნობთ მანიაკს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩევნი შვილები. ზედმეტი პრობლემების თავიდან ასარიდებლად ფანი ქუჩაში მარტო არ დადის.

 

- როგორია მისთვის მომღერალი სტეფანე?

 

- ფანი არ აღმიქვამს მომღერლად, მისთვის მუსიკოსი ვარ, ამაყობს ამით და თან მეჯიბრება.  ერთ-ერთი პირველი სოლო კონცერტის წინ, რომელიც „სფეისჰოლში“ მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. იმ დარბაზში 2200 კაცი ეტევა... დავდივარ ნერვულად აქეთ-იქეთ, ვფიქრობ, მოვა-არ მოვა ხალხი, მიყურა ფანიმ და ამბობს, ეს 2200-კაციან დარბაზზე ღელავს და მე რომ ევროპის მოედანზე მქონდა გამოსვლა, სადაც 5000 ადამიანი ეტევა, რა უდნა მექნაო?! სკოლის ღონისძიება ჰქონდა და „მასოვკაში“ იყო, რა თქმა უნდა...

 

 

- დასასრულ, როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში?

 

- სიყვარული და მშობლიური ინსტინქტი, რაც ყველაზე მთავარია, სხვა რეცეპტი არ არსებობს...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი