logo_geo
„მიზნად დავისახე, რომ ერთ წელში 500 წიგნს წავიკითხავდი - შევასრულე...“ - ქართველი გოგონა, რომელიც ფილიპინებზე გაიზარდა
- +

10 მაისი. 2018. 21:52

 

17 წლის დოდონა ნამორაძის „იქს ფაქტორში“ გამოსვლამ გულგრილი არავინ დატოვა. მუსიკალურ შესაძლებლობებთან ერთად, საზოგადოება იმ წიგნების რაოდენობამ გააკვირვა, რომლებიც გოგონამ 365 დღის განმავლობაში წაიკითხა. დიდი ხანი არ არის, რაც კონკურსანტის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა, მანამდე ფილიპინებზე ცხოვრობდნენ, სადაც დოდონას მშობლები სასწავლებლად გაემგზავრნენ.

 

დოდონა ნამორაძე: საქართველოში დაახლოებით 10 თვის წინ ჩამოვედი. ინგლისური სკოლის მოსწავლე ვარ, სადაც სწავლება ქართულ ენაზეა, მაგრამ ინგლისურს გაძლიერებულად გავდივართ. 10 წლიდან ფილიპინებზე ვცხოვრობ.

 

- მოგვიყევი, რატომ გაემგზავრე ფილიპინებზე საცხოვრებლად?

 

- ჩემმა მშობლებმა, ორივემ, დედამ და მამამ, გადაწყვიტეს, დოქტურანტურაზე ესწავლათ და ეს იყო ჩვენი ფილიპინებზე გამგზავრების მიზეზი. საერთაშორისო კამპუსში ვცხოვრობდით, სადაც ჩვენთან ერთად 67 ქვეყნიდან ჩასული მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები, ოჯახებით იყვნენ დაბინავებულები. მეექვსე კლასიდან მეათე კლასამდე სკოლაში იქ დავდიოდი. სწავლის დასრულების შემდეგ კი, უკვე მთელი ოჯახი საქართველოში დავბრუნდით. მე მყავს 13 წლის ძმა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ამის გამო დედა მასთან ერთად საქართველოში ჩვენზე ადრე წამოვიდა, მოამზადა თემა და დისერტაციის დასაცავად დაბრუნდა ფილიპინებზე, სადაც მე და მამა უკვე მის გარეშე ვცხოვრობდით. დისერტაციის დაცვის შემდეგ, დედამ მეც საქართველოში წამომიყვანა, მამა დარჩა. დაახლოებით 1 წელი არ მყავდა ნანახი და ძალიან მენტარებოდა, მაგრამ უკვე ისიც დედასავით დოქტორის ხარისხით დაბრუნდა, ჩემ გვერდითაა და მგულშემატკივრობს.

 

- ახლა რას საქმიანობენ დედა და მამა?

- დედა ჩემს სკოლაში მუშაობს. მამა, როგორც დოქტორი, მიწვეულია სხვადასხვა ქვეყანაში სემინარებისა და ლექციების წასაკითხად.

 

- საქართველოში დაბრუნებულს ყველაზე მეტად რა გეუცხოვათ?

 

- შეიძლება ითქვას, რომ ფილიპინებზე გავიზარდე, იქ სულ სხვა კულტურა აქვთ, ხალხი გაღიმებული დადის, მხიარულია, აქ ასე არაა. იქაურ სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, კარგი ნიშნები მქონდა, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, არაფერი მესმოდა, მიჭირდა, სანამ სკოლა არ შევიცვალე. ახალი სკოლა ძალიან დამეხმარა, თან ჩემი კლასელები ჩვეულებრივ საუბრობენ ინგლისურად, ერთმანეთში სულ ინგლისურად ვსაუბრობთ, ჩვენი საკომუნიკაციო ენა ესაა. გარდა ამისა, მართლა ძალიან დამაკლდა ჩემი ფილიპინელი მეგობრები, თავიდან ვერ ვეგუებოდი აქაურობას, ერთ სულ იმქონდა, როდის წავიდოდი, მაგრამ ამ 10 თვის მანძილზე ისე შევეჩვიე საქართველოს, ახლა არსად წასვლა აღარ მინდა, სკოლის მეგობრები დამეხმარნენ ძალიან. ამას მარტო იმიტომ არ ვამბობ, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა, მართლა მომწონს და მიყვარს აქაურობა. ახლა რომ არჩევანის წინაშე დამაყენონ, გამიჭირდება პასუხის გაცემა, სად მირჩევნია ყოფნა.

 

- შეიძლება ითქვას, რომ ხელახლა შეგიყვარდა საქართველო. რატომ გადაწყვიტე „იქს ფაქტორში“ მონაწილეობა?

 

- ჩემთვის სიმღერა ყველაფერია. რაც „იქს ფაქტორი“ დაიწყო, ყველა სეზონს აქტიურად ვადევნებდი თვალს და ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიღება. როგორც იქნა, ამიხდა ეს სურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. აქ თუ წარმატება მხვდა წილად, ეს იქნება დიდი მიღწევა ჩემთვის, რადგან სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილია.

 

- გაქვს მუსიკალური განათლება?

 

 

- სიმღერაზე არასდროს მივლია, მაგრამ პიანისტი ვარ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირველი რამდენიმე თვე ისე ცუდად ვიყავი, ინსტრუმენტს არ მივკარებივარ, მაგრამ ახლა ისევ განვაახლეთ ურთიერთობა. ფილიპინებზე მუსიკალური სკოლა არ იყო, კერძოდ დავდიოდი მასწავლებელთან კვირაში ერთხელ, დანარჩენს ჩემით ვმეცადინეობდი, აქ ჩამოსვლის შემდეგ კი შევედი მუსიკალურ სასწავლებელში, ექსტერნად ჩავაბარე გამოცდები და მე-8 კლასში დამსვეს.

 

 

 

იხილეთ დოდონას გამოსვლა იქს-ფაქტორზე: 500 წიგნი 365 დღეში - ქართველი გოგონა, რომელმაც ბევრი გააოცა

 

- იმ ფაქტმა, რომ 365 დღეში 500 წიგნი წაიკითხე, დიდი გაოცება და ინტერესი გამოიწვია. როგორ მოახერხე?

 

- ჩემი ეს ნათქვამი ადამიანებმა სწორად ვერ გაიგეს და საკმაოდ უკმეხი კომენტარები დაწერეს, იმასაც ამბობდნენ, ტყუილად ტრაბახობს, ასე არ იქნებაო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ასეა. ჩემი რეჟიმი ფილიპინებზე იყო ასეთი - 8 საათიდან 4 საათამდე ვიყავი სკოლაში, სადაც სახლში გასაკეთებლად დავალებებს არ გვაძლევდნენ, ყველაფერს იქვე ვაკეთებდით და ვასწრებდით, გარდა ამისა, დღეში 3 საათს ვუთმობდი ფრენბურთს, რადგან ფრენბურთელი ვარ. დანარჩენ დროს არ ვახმარდი ტელეფონს, კომპიუტერს, ანუ დროს უქმად არ ვკარგავდი, ძირითადად სულ ვკითხულობდი. ბევრჯერ მოვხვედრილვარ დირექტორის კაბინეტში იმის გამო, რომ გაკვეთილების დროს ჩემთვის საინტერესო ლიტერატურას ვკითხულობდი. წიგნების კითხვა სამი წლის ასაკიდან დავიწყე და დღემდე ძალიან მიყვარს. ჩემს თავს მიზანი დავუსახე, რომ ერთი წლის განმავლობაში 500 წიგნს წავიკითხავდი და შევასრულე კიდეც. რაც მიყვარს, მინდა იმაში ყველაზე კარგი ვიყო. ვხედავდი, ჩემი მეგობრები რამდენს კითხულობენდნ და გადავწყვიტე, მე მათზე მეტი წამეკითხა და შევასრულე კიდეც.

 

- ძირითადად რომელი ლიტერატურული ჟანრი მოგწონთ?

 

- ვკითხულობ და მომწონს ყველაფერი, კლასიკოსებიდან დაწყებული, თანამედროვე მწერლობითა და თუნდაც 2017 წელს გამოსული ნოველებით დამთავრებული. არ მიზიდავს მათემატიკური, ან არარეალურ ისტორიებზე დაფუძნებული წიგნები, ფანტასტიკა არ მიყვარს, მაგალითად, „ჰარი პოტერის“ არც ერთი წიგნი არ წამიკითხავ.. სამაგიეროდ წავიკითხე „ბინდის“ ყველა ნაწილი, იმიტომ, რომ ისტორია, რომელიც მას საფუძვლად უდევს, რელაურია, ანუ რეალობასთან მაინც აქვს შეხება. აღარ ვკითულობ, არ მიზიდავს გადამეტებული ბუნების აღწერები, პეიზაჟები და ა.შ.

 

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ დაგეწყოთ წიგნის კითხვა და თავი მიგენებებინოთ?

 

- იშვიათად, მაგრამ კი. უსასრულო ბუნების აღწერა იყო, არ დავინტერესდი და დავანებე, მაგრამ რაღაც ცუდი შეგრძნება იყო.

 

 

- თუ იცი, არსებობს რაიმე სახის რეკორდი, წიგნის სწრაფად კითხვაში, ან გარკვეულ დროში წაკითხული წიგნების რაოდენობაში?

 

- ეს მეც მომწერეს, მაგრამ არ ვიცი, არ დავინტერსებულვარ ამით არასდროს. მე დავისახე მიზანი და შევასრულე, ჩემთვის ყველაზე მთავარი ესააა. იმ 500-დან, ბოლო 10 წიგნი ბოლო ორ დღეში წავიკითხე. მეკითხებიან,  500 წიგნი კი წაიკითხე, მაგრამ თუ იაზრებდი, ან რამდენგვერდიანი იყო თითოეულიო? რასაკვირველია, ვიაზრებდი და ისე ვკითულობდი. რაც შეეხება გვერდებს, მთავარი რაოდენობა არაა, მთავარია რა დევს შიგნით. წავიკითე როგორც „შერლოკ ჰოლმსი“, ასევე 150-გვერდიანი „დიდი გეთსბი“, ორივეს თავისი ღირებულება და მნიშვნელობა აქვს. ყველა წიგნი ცვლის ადამიანს. სხვათა შორის, ახლა ვმუშაობ ციტატების კრებულზე, წაკითხული წიგნებიდან ვიწერდი ჩემთვის მნიშვნელოვან ციტატებს და ახლა ერთ წიგნად უნდა შევკრა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი