logo_geo
ეროვნული არქივი ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს
- +

3 თებერვალი. 2024. 00:41


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა მხატვრული ფილმით „იყო შაშვი მგალობელი“ გაიხსნა.

 

 

ღონისძიება რეჟისორის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. 3 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი იხილავს ციფრულად რესტავრირებულ 5 მხატვრულ ფილმს:

 

 

2 თებერვალი, 19:00 - „იყო შაშვი მგალობელი“ (1970); 3 თებერვალი, 16:00 - „პასტორალი“ (1975); 18:00 - „მთვარის ფავორიტები“ (1984); 4 თებერვალი, 16:00 – „გიორგობისთვე“ (1966); 18:00 – „და იქმნა ნათელი“ (1989).

 

 

აღსანიშნავია, რომ ოთარ იოსელიანმა 2021 წელს საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა 1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებული 21 დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი (DCP ფორმატი), რომელიც უკვე ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა. ფილმების სკანირება და ციფრული რესტავრაცია საფრანგეთში განხორციელდა.

 

 

რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ოთარ იოსელიანის ოჯახის წევრები, კოლეგები, სხვა მოწვეული სტუმრები.

 

 

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).

big_banner
არქივი